Face App - სახალისო აპლიკაცია, თუ რუსული სპეცსამსახურების ხრიკი პერსონალური ინფორმაციების მოსაპარად?

ეს პერსონა

Face App -  სახალისო აპლიკაცია თუ რუსული სპეცსამსახურების ხრიკი, რომლის მეშვეობით  ჩვენი პერსონალური ინფორმაცია საფრთხის ქვეშ დგება?  

აპლიკაცია, რომელიც  მომხმარებელს მისი ფოტოსურათის გამოყენებით მისივე  მომავალ სიბერეს უჩვენებს სოციალური ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.  აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით უკვე მილიონობით ადამიანმა გარდაქმნა საკუთარი ფოტო. 

რა იმალება უწყინარი გასართობი საშუალების უკან და რატომ უნდა შეიკავოს ადამიანმა თავი, მსგავსი აპლიკაციების გამოყენებისგან, ვრცლად ჩვენ სტატიაში წაიკითხავთ.

აღმოჩნდა, რომ  Face App 2017 წელს, რუსეთში, სანკტ-პეტერბურგელმა პროგრამისტებმა შექმნეს, იაროსლავ გონჩაროვის ხელმძღვანელობით. პროგრამა რამდენიმე პირობაზე ავტომატური თანხმობის შემდეგ მომხმარებელს სავარაუდო სიბერის ნახვას სთავაზობს. თუმცა ამ პირობებს ხშირ შემთხვევაში ყურადღებას არავინ აქცევს. Face App-ის აპლიკაციაში მითითებულია, რომ რეგისტრაციის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მომხმარებლის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გაუზიარონ აპლიკაციასთან კანონიერად დაკავშირებულ კონკრეტულ ბიზნესჯგუფებს. რატომაა მნიშვნელოვანი, რომ  ჩვენი პერსონალური ინფორმაცია არ იყოს ხელმისაწვდომი უცხო პირთათვის და რა რეალური საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ადამიანი, რომლის პირადი მონაცემები შესაძლოა რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდეს?  ამ საკითხებზე „ეS პერსონა“ უსაფრთხოების  ექსპერტთა  კავკასიის  აკადემიის  დირექტორს და კიბერ უსაფრთხოების საკითხებში ინსტრუქტორ-ანალიტიკოსს, ლაშა პატარაიას ესაუბრა.

კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი განმარტავს, თუ რა ინფორმაციის მიღება  შეუძლია Face App-ს  და მსგავს აპლიკაციებს:

„ასეთ აპლიკაციას შეუძლია მიიღოს დაშვება თქვენს ფოტო კამერაზე და სასურველ დროს ჩართოს ისე რომ თქვენ ვერ გაიგოთ. მიიღოს დაშვება თქვენს მიკროფონზე და ჩართოს ასევე მაშინ როცა არ იცით. მას შეუძლია მიიღოს დაშვება ყველა ფაილზე,  კონტაქტზე, თქვენს სატელეფონო ზარებზე, და თქვენი საუბრის შინაარსზეც. ხშირად ადამიანები ამ პირობებს ყურადღებას არ აქცევენ. "- აცხადებს ლაშა პატარაია.

კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი Face App-ის და მსგავსი აპლიკაციების რეალურ საფრთხეზე მიუთითებს. მისი განცხადებით, რადგან Face App-ი რუსული პროექტია, ალბათობა იმისი, რომ აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით ადამიანების პერსონალური ინფორმაცია რუსულ სპეცსამსახურებს ჩაუვარდეს ხელში, საკმაოდ მაღალია.

„საქართველოში ინტერნეტის მოწოდების წყაროს 70 პროცენტი არის რუსეთი. ეს ნიშნავს იმას, რომ რა აპლიკაციაც არ უნდა გამოიყენოთ თქვენ, თქვენი ნებისმიერი კომუნიკაცია, კომპანიის, ფიზიკური პირის თუ საჯარო სამსახურის, ავტომატურად ექვემდებარება რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან ძალიან მარტივ გადაჭერას.  ანუ, ნებისმიერი აპლიკაცია მოითხოვს ინტერნეტ სივრცეში მიერთებას. კავშირი, ნებისმიერი კომუნიკაცია არის ინფორმაცია და ეს არის ძალიან იოლად,  გამოყენებადი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. რუსეთის სპეცსამსახურებმა დაიწყეს იმაზე მუშაობა რომ ნიღბავენ პროდუქტებს, დასავლურ იერსახეს აძლევენ.  ეს არის დიდი საფრთხე. რუსეთში და ჩინეთშიც, უსაფრთხოების სისტემაში  დიდი ტრენდია მოსახლეობის ბაზაზე ინფორმაციის წვდომის მოპოვება.  ამისთვის  ძალიან სასარგებლოა ფოტომასალა. აპლიაკაციას გააჩნია ალგორითმი, რომელიც ახდენს ფოტოს ბიომეტრულად დამუშავებას.  რაც უფრო მეტია გატარებული ფოტო აპლიკაციაში მით უფრო კარგად სწავლობს ეს აპლიაკაცია თქვენს ფიზიონომიას, თქვენს ბიომეტრიულ მონაცემებს.  თქვენ პრაქტიკულად მონაცემთა ბაზას ავსებთ და ეს ალგორითმი საზრდოობს, ჭამს და  ბაზას უფრო სრულფასოვანს ხდის."

კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი სხვა ტექნოლოგიურ საფრთხეებზეც საუბრობს:

„პროგრამული და აპარატურული უზრუვნელყოფაც შემოდის რუსეთის გავლით, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს შეუძლიათ ჩანერგონ გარკვეული მავნე კოდი, რომელიც მოახდენს მანიპულაციებს თქვენს ტექნიკურ მოწყობილობებზე. საფრთხეა ისიც, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყენებს არალიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც უდიდესი საფრთხეა. მოსახლეობას ძალიან დაბალი ცნობიერება აქვს თუ როგორ უნდა მოიქცნენ კიბერ სივრცეში.“ - აცხადებს ლაშა პატარაია

უსაფრთხოების ექსპერტთა  კავკასიის  აკადემიის  დირექტორი საზოგადოებას ურჩევს თუ როგორ დაიცვას თავი კიბერსაფრთხეებისგან.

„სპეცსამსახურებისთვის რიგითი ადამიანი არ არსებობს. ამიტომ მიზანშეწონილი არაა მსგავსი აპლიკაციების გამოყენება. წაიკითხეთ მინიმალური პირობები, კარგად აწონ-დაწონეთ რა ინფორმაციაზე მისცეთ დაშვება და რაზე არა. არსებობს ბალანსი კომფორტსა და უსაფრთხოებას შორის, როდესაც რაღაც მომხიბვლელია და კომფორტულია ის ნაკლებად უსაფრთხოა როგორც წესი.“ 

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top