"ბომბის ჩამოგდების დროს ეზოში ქალები იყვნენ, რვა ქალი ადგილზევე დაიღუპა" - შვილმკვდარი დედა აგვისტოს ომს იხსენებს

ეს პერსონა

2008 წლის აგვისტოს ომმა უამრავი ოჯახს მძიმე  დაღი დაასვა. ციცინო ქუშაშვილმა 9 აგვისტოს გორის დაბომბვის დროს ქალიშვილი დაკარგა,  მისი შვილიშვილი კი, მძიმედ დაშავდა. პენსიონერს მკაფიოდ ახსოვს ის დილა, როდესაც საკუთარი ბინიდან სამი თვითმფრინავი შენიშნა. ომიდან 11 წლის შემდეგ, ქალბატონი ციცინო მხოლოდ პენსიის იმედადაა, რადგან შვილიშვილს ომის მძიმე ტრავმა კვლავაც თავს ახსენებს.  როგორც ქალბატონი ციცინო ამბობს, შვილიშვილისთვის სამსახური ბევრს სთხოვა, თუმცა არავინ ეხმარება. 

პენსიონერი 9 აგვისტოს განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს კიდევ ერთხელ იხსენებს: 

,,9 აგვისტო იყო, დილა, 11 რაღაც წუთები ეზოში ბომბი, რომ ჩამოვარდა, ზანზარი დაიწყო სახლმა. აივანზე გავედით მე და ჩემი შვილიშვილი, ამ დროს სამი თვითმფრინავი მოფრინდა, წითელი ვარსკვლავი ეხატა და მე ჩვენები მეგონნენ, თურმე რუსები ყოფილან. თვითმფრინავებმა წრე დაარტყეს ჩვენს ბინებს და ერთი ბომბი ეზოში ჩამოაგდეს. ბომბის ჩამოგდების დროს ეზოში ქალები იყვნენ, რვა ქალი ადგილზევე დაიღუპა. ზოგს ხელი აღარ ჰქონდა, ზოგს ფეხი, ზოგს კიდევ თავი ჰქონდა გაგლეჯილი. ბომბები როცა ჩამოვარდა მე, გივიკო და ჩემი შვილი გარეთ გავცვიცდით, ეზოში ჩავედით და პირველი ჩამოგდებული ბომბისგან მკვდარი ადამიანები დავინახეთ, მერე სასწრაფოს შენობისკენ წავედით, იქ აღარც სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო და აღარც ექიმები, სულ წასულები იყვნენ. მესამედ რომ ჩამოაგდეს ბომბი, ეზოში რკინის ,,გარაჟები“ იყო და იმას დაეცა, რკინის ანასხლეტი ჩემს შვილს მაიას მოხვდა თავში მარჯვენა მხარეს, მაშინ როცა თავის შვილს გივიკოს გადაეფარა.

მერე პატარა ყვითელი ავტობუსი მოვიდა სამხედროებით. ვთხოვე, წამიყვანეთ ჰოსპიტალში, შვილი აღარ მყავს და შვილიშვილს მივხედო-მეთქი. წამიყვანეს ჰოსპიტალში, ჰოსპიტალის ეზოში სამხედროები იყვნენ დაჭრილები, ექიმები და მამაოები ადგნენ თავზე. ამ დროს, ერთი ნაცნობი ექიმი გამოვიდა და იმას შევეკითხე, ჩემი გივიკო მოიყვანეს აქ და როგორ არის-მეთქი. აი, ბებო სასწრაფო დგას აქ და თბილისში ვგზავნითო. წამოვედი იქიდან, რაღა გამეკეთებინა, მიცვალებული რომელ მორგში გადაიყვანეს, არ ვიცოდი. ჰოსპიტალის მორგში ვეძებდი, ნახავ? შემოხვალო? აქ ბევრი მიცვალეულებია და არ შეგეშინდებათო? მე ვუთხარი, შემოვალ, არ შემეშინდებათქო. რომ შევედი, გარდაცვლილი ჯარისკაცების ცხედრებისკენ არც გამიხედავს. უსაბუთო სამი მოქალაქის ცხედარი იყო, იქიდან ჩემი შვილი არცერთი არ იყო. წამოვედი, ქალაქის მორგში ჰყოლიათ გადაყვანილი ჩვენი ბინის ხალხი, ყველა, ვინც დაიღუპა. იქ ვნახე ჩემი შვილიც...

მეორმოცე დღეს დავკრძალეთ, თავის დაბადების დღეზე 27 სექტემბერს. დაკრძალვიდან რომ წამოვედი, ბავშვს დავადექი თავზე, გივიკო ძალიან ცუდად იყო. 7-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, მარჯვენა ფეხის უკანა მხარე სულ გადაჭრილი ჰქონდა, ექიმები სულ თავზე გვადგნენ, დეკემბრამდე იქ ვიწექით. მერე ერთმა ქალმა გერმანიაში წაიყვანა ერთი თვით რეაბილიტაციისთვის. ფეხი მოსაჭრელი რომ არ გახდომოდა ერთი თვე ყველაფრით უზრუნველყო." - იხსენებს ციცინო ვაზაგაშვილი. 

წყარო: qartli.ge
0
0
0
3
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top