აქცია თბილისში - უცხოური მედიის გამოხმაურებები

ეს პერსონა

დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის პიკეტირება განახორციელეს. მათ საკანონმდებლო ორგანოს  ეზოს შესასვლელ კარს ბოქლომიც დაადეს.

ეს ფაქტი, ისევე როგორც სრულად  აქცია, არ გამოეპარა უცხოურ მედიას. „ეS პერსონა“ უცხოური მედიის გამოხმაურებებს გთავაზობთ.

Reuters-ის ინფორმაციით, ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა თბილისში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით. გამოცემა წერს, რომ ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე დაახლოებით 20 000 ადამიანი გაერთიანდა. Reuters ყვება, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია პარლამენტის მიერ ჩაგდებულმა კანონპროექტმა, რომლის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა მხოლოდ 2024 წლისთვის ამოქმედდება, ოპოზიცია საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვს.

Reuters წერს, რომ კანონპროექტის ჩაგდებას გამოეხმაურნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და აშშ-ის საელჩო საქართველოში. მათ მწუხარება გამოთქვეს მომხდარის გამო და მოუწოდეს პარლამენტარებს, გამონახონ გზები საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად. გამოცემას ასევე მოჰყავს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის სიტყვები, რომლის მიხედვით, „მოვიდა დრო საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის დასასრულებლად“.

გარდა ამისა, Reuters-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება.

თბილისში მიმდინარე აქციას The New York Times-იც ეხმაურება. გამოცემა წერს, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც პარლამენტში „მყარი უმრავლესობითაა“ წარმოდგენილი, დაჰპირდა, რომ მიიღებს კანონპროექტს პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ. The New York Times-ის აზრით, დაპირებამ შეამცირა დაძაბულობა, რომელიც თბილისში 20 ივნისის შემდეგ სუფევდა, თუმცა მიცემული სიტყვის მიუხედავად ბევრმა კანონმდებელმა „ქართული ოცნებიდან“ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

გამოცემა წერს, რომ დემონსტრანტებმა თბილისის მთავარ გამზირზე კარვები გაშალეს და დაიფიცეს, რომ არავის არ შეუშვებენ პარლამენტში. მას მოჰყავს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის სიტყვები, რომ „ესაა ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი დემონსტრაცია რეჟიმის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვართ, არცერთ მთავრობას, არცერთ რეჟიმს არ შეუძლია ხალხის დამარცხება“.

თბილისში ქუჩაში გამოსულ ათასობით მოქალაქეზე წერს Bloomberg-იც. გამოცემის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს იქამდე, სანამ ქვეყანაში არ ჩატარდება „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“. Bloomberg-ს მოჰყავს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის სიტყვები, რომ მისი პარტია დგას სხვებთან ერთად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, რადგან ყველა მათგანი ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას.

„ქართულმა ოპოზიციამ ქვეყანაში შექმნილი მორალური კრიზისის შესახებ განაცხადა“,  წერს რუსული РБК. გამოცემის მტკიცებით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა კასრები და შეშა მიიტანეს. "ისინი აპირებენ, პარლამენტთან ღამე გაათენონ, ამიტომ გათბობის საშუალებებიც სჭირდებათ."

რუსული გამოცემა ТАСС წერს, რომ პარლამენტის პიკეტირებას ნინო ბურჯანაძე უჭერს მხარს. ოპოზიციური პარტიის „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის აზრით, ასე მთავრობა უკან დაიხევს და გააუმჯობესებს ქვეყნის საარჩევნო სისტემას. გამოცემასთან ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება პროტესტის მონაწილეთა ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს.

ასევე გამოცემამ მოიყვანა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, პიკეტირებამ არ უნდა შეუშალოს ხელი პარლამენტის ფუნქციონირებას.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top