გიორგი გახარია: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ პოლიცია იმავეს გააკეთებს

ეს პერსონა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში „სრულად არის დაცული“. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გუშინდელი მოვლენების გამო.

გახარიამ უპასუხა, რომ, რაც ადრე ხდებოდა მისი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა იყო, ახლა კი მისი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერის.

მისივე მტკიცებით, პოლიციამ კანონის ფარგლებში იმოქმედა.

 „ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში არის სრულად დაცული, ეს ერთი, და თქვენ ყველას გახსოვთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში  გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემის გარეშე. მაგრამ მას შემდეგ, რაც  რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ჯერ ქუჩების ბლოკირებისკენ,  და ბარიკედები იყო აღმართული ქუჩებზე, შემდგომ იყო ბლოკირებული პარლამენტის შენობა, ამის ბლოკირების შემდგომ ღამის განმავლობაში პარლამენტის ფუნქციონირება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ - მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტის. პარლამენტი ნახევარი დღის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა. ფაქტობრივად, თავს დაესხნენ დეპუტატებს, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლება ჰქონდა, უკანონო აქციის ბლოკირების, სახელმწიფო ინსტიტუტის ბლოკირების უკანონო ქმედებების შეწყვეტის შესახებ, რაც გააკეთა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავს სიტუაციაში პოლიცია ანალოგიურად მოიქცევა.

„და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, შემდგომშიც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ  მსგავსი ქმედებების შემდგომ პოლიცია იმოქმედებეს სრულიად კანონის ფარგლებში და იმავეს გააკეთებს“, - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

გუშინ სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტთან მიმდებარედ აქცია დაშალეს. სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებული შესასვლელები გაათავისუფლეს. 14 ნოემბრიდან მოყოლებული ოპოზიცია აპროტესტებს პარლამენტის მიერ ჩაგდებულ კანონპროექტს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ. ისინი მოითხოვენ ხელისუფლების გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

 

 

 

0
0
1
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top