Tesla-მ თავისი ფუტურისტული ელექტრო-პიკაპი Cybertruck წარადგინა

ეს პერსონა

Tesla-ის გენერალურმა დირექტორმა ელონ მასკმა კომპანიის პირველი ელექტრო-პიკაპი Cybertruck  ლოს ანჯელესში გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა.

მანქანის ფასი 39 900 $-დან იწყება. Cybertruck-ს სამი ვარიანტი აქვს. ერთ-ერთი ვარიანტი სრული დატენვის შემთხვევაში 250 მილს (400 კილომეტრს) გაივლის, მეორე ვარიანტი - 300 მილს (480 კილომეტრს), მესამე კი - 500 მილს (800 კილომეტრს). გარდა ამისა, მანქანის ვერსიები ერთმანეთისგან ძრავების რაოდენობითაც (1-დან 3-მდე) განსხვავდებიან.

ყველაზე ძლიერი ვერსიის ტვირთგამტარიანობა თითქმის 1600 კგ-ს აღწევს. მანქანის ყველა ვერსია აღჭურვილია ავტოპილოტითა და ავტომატური პარკირების ფუნქციით.

Cybertruck-ის ფუტურისტული დიზაინი ნაწილობრივ შთაგონებულია  ბონდიანას ერთ-ერთი ფილმით, სახელწოდებით „ჯაშუში, რომელიც მიყვარდა“. მანამდე მასკი ყვებოდა, რომ მისი ინსპირაციის წყარო გახდა  ფილმში „დანის პირზე მორბენალი“ ნაჩვენები პიკაპი.

მანქანა უზრუნველყოფს მგზავრთა სრულ დაცულობას. მისი კორპუსი ძალიან მყარი ფოლადისგანაა გაკეთებული, ხოლო სარკეები კომპანიის ტექნოლოგიის მიხედვითაა ბრონირებული. ელექტრო-პიკაპის ლითონი 9-მილიმეტრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას უძლებს.

მანქანების წარმოება 2021 წელს დაიწყება.

 

  

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top