პანკისის მკვიდრი: ადამიანი რომელიც მოკლეს, ჰესის მშენებლობას პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა

ეს პერსონა

პანკისის ხეობის მკვიდრის ლუიზა მუთოშვილის ინფორმაციით, ადამიანი რომელიც დღეს ორ გვარს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს მოკლეს, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მისივე თქმით, მოკლული პირი მისი ბიძაა, ერთ-ერთი დაჭრილი კი ბიძაშვილი.

„ერთადერთი რამ მინდა განვმარტო, რომ საზოგადოებამ გაიგოს - ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს პანკისში მომხდარი ფაქტი პირად დავამდე და გარჩევამდე დაიყვანოს, მაგრამ ამას პირად კონფლიქტთან არავითარი საერთო არ აქვს. ეს არის ჰესის მშენებლობის საკითხზე დაწყებული დავა და ის ადამიანები, რომლებიც ლობირებდნენ ჰესის მშენებლობის საკითხს ხეობაში, ვის უკანაც დგას მთავრობა, პოლიცია, მათ მოკლეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჰესის შენებლობას. ღიად ხეობაში ვინც ამ საკითხს ლობირებს, არიან ქავთარაშვილები და ფარეულიძეები. დაპირისპირება დაახლოებით, 1-2 თვის წინაც მოხდა იგივე საკითხთან დაკავშირებით, თუმცა რაღაცნაირად ჩაწყნარდა სიტუაცია. დღეს ყველაზე მძიმე შედეგი დადგა და შეიწირა ადამიანის სიცოცხლე.

ჩვენი მხრიდან დაჭრილია ერთი ადამიანი, ჩემი ბიძაშვილი, ისიც გვარად მუთოშვილი. ახლა უტარდება ოპერაცია და სტაბილურია მისი მდგომარეობა. მეორე მხრიდან არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, ვინ და რამდენი ადამიანია დაჭრილი. დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. დაკავებული ჯერ არავინაა და ეჭვი მეპარება საერთოდ ვინმე დააკავონ იმიტომ, რომ მათ ინტერესებს იცავენ.

ყველას ვთხოვ, ყველა ორგანიზაციას და ინსტიტუციას, რომ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, რადგან მსხვერპლი კიდევ არ იყოს. ძალიან მძიმეა, მაგრამ მაინც ვიტყვი, ერთი ადამიანის სიცოცხლე იყოს საკმარისი, ამ თემის დასამთავრებლად. ეს არ მოხდებოდა კომპანიას და მთავრობას მთელი 1 წლის განმავლობაში ხალხთან კომუნიკაცია რომ ჰქონოდა. ჩვენ რასაც ვითხოვდით, ერთადერთი ის იყო, რომ ადამიანური ენით ესაუბრათ ჩვენთან და არა მასხრად აგდების ენით, რაც, რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილეს და დღემდე იგივეს აგრძელებენ“, - განაცხადა ლუიზა მუთოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაჭრილია.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top