ღამის კოშმარები სასარგებლო აღმოჩნდა - მეცნიერების დასკვნა

ეს პერსონა

მეცნიერებმა ახსნეს, რატომ გვესიზმრება კოშმარები. ჟენევის უნივერსიტეტის ნეიროფიზიოლოგებმა სავარაუდო პასუხს მიაგნეს. მათი განმარტებით, სიზმრები მნიშვნელოვან ნეირობიოლოგიურ ფუნქციას ასრულებენ, კონკრეტულად კი ავარჯიშებენ ნერვულ სისტემას, რომ შესაბამისი ქცევითი რეაქციები გამოიმუშავოს რეალური საფრთხის დროს.

 კვლევა ორ ეტაპად მიმდინარეობდა. მედიკოსები ძილის დროს 18 მოხალისეს აკვირდებოდნენ ელექტროენცეფალოგრაფიის მეთოდის მეშვეობით. კერძოდ, ამოწმებდნენ ტვინის სხვადასხვა მონაკვეთის აქტიურობას. გარდა ამისა, ძილის დროს მოხალისეებს რამდენჯერმე აღვიძებდნენ და ეკითხებოდნენ, რა ნახეს გამოფხიზლებამდე 1 წამით ადრე. ასე მეცნიერები ადარებდნენ მოხალისეების ნაამბობსა და  ელექტროენცეფალოგრაფიის რუკას, რათა გაერკვიათ, ტვინის რომელი მონაკვეთი პასუხოსბს ძილის დროს ამა თუ იმ ემოციურ რეაქციაზე. გაირკვა, რომ შიშის განცდაზე, რომელსაც ღამის კოშმარი იწვევს, პასუხისმგებელია თავის ტვინის ქერქის ცენტრალური ნაწილი და წინა სარტყლის ქერქი (ისინი პასუხისმგებლები არიან ცნობიერებასა და სოციალურ ქსევებზე). ზუსტად ამ ნაწილებში ყალიბდება რეაქციები საფრთხის მიმართ მაშინაც, როცა ფხიზლად ვართ.

კვლევის მეორე ეტაპზე 89 მოხალისე მონაწილეობდა. ერთი კვირის განმავლობაში ისინი სიზმრების დღიურს აწარმოებდნენ, სადაც აღწერდნენ სიზმარში ნანახს, ასევე ცალკე იმას, რას გრძნობდნენ (შიშს, სიხარულს, შფოთვას და ა.შ).

 შემდგომ მოხალისეებს უჩვენებდნენ სხვადასხვა შემზარავ სცენას, მაგალითად, საომარ მოქმედებებს, ან სტიქიური უბედურებების ქრონიკას, ამავდროულად მაგნიტური-რეზონანსური ტომოგრაფიის მეშვეობით აფიქსირებდნენ მათი ტვინის რეაქციას. აღმოჩნდა, რომ ხალხს, ვისაც უფრო ხშირად ესიზმრებოდა კოშმარები, პანიკისა და შიშის უფრო დაბალი მაჩვენებელი უფიქსირდებოდა.

მკვლევარი ვირჯინია სტირპენიჩის განცხადებით, ემოციები ერთსა და იმავე ნეირონულ მექანიზმებს გამოიმუშავებენ ძილსა და ღვიძილში, ხოლო ღამის კოშმარები კარგი სავარჯიშოა ნერვული სისტემისთვის.

მიღებულმა შედეგებმა მკვლევრებს ახალი იდეა გაუჩინა, გამოიყენონ სიზმრები დეპრესიისა და შფოთვითი მდგომარეობების სამკურნალოდ. მათი ლოგიკით, რაც უფრო მეტს შიშობს პაციენტი ძილისას, მით უფრო ნაკლებად ეშინია რეალურ ცხოვრებაში.

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top