დღეს, ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესს საპრივატიზებოდ 100 ობიექტს შესთავაზებს

ეს პერსონა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ 29 ნოემბერს პრეზენტაციას გამართავს. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 საპრივატიზებო ობიექტი გამოვა აუქციონებზე.

„ამ რაოდენობის პარალელური აუქციონი საქართველოში არასდროს გამართულა. ჯამში, საუბარია 150 მილიონი ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების მქონე ქონების შეთავაზებაზე. ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, ძალიან მარტივად მიიღოს სრული ინფორმაცია საპრივატიზებო ქონებაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდება და ჩაერთოს ასეთი მასშტაბური პრივატიზების პროცესში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, ბიზნესისთვის არჩევანის გაკეთების გამარტივების მიზნით, სააგენტოს ვებგვერდზე თითოეული საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსდება ერთგვარი დოსიე, აგრეთვე რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ბიზნეს აქტივობის განხორციელება იქნება მიზანშეწონილი.

„ეს შეთავაზებები მორგებული იქნება იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გენერალურ გეგმებს, სადაც აღნიშნული საპრივატიზებო ქონება მდებარეობს. ასევე წინასწარ იქნება მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა." - მინისტრმა დაამატა " აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს დამატებით ინვესტიციების მოზიდვას და სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

2019 წლის ნოემბრის ბოლოდან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონების პროაქტიულ გაყიდვებს იწყებს, რომლის მიზნებსაც ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამისთვის სააგენტო ბიზნესს 100 საინვესტიციო შეთავაზებას წარუდგენს, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, რადგან დაგეგმილია 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top