ჩინეთის მოსახლეობა შეშფოთებულია - ქვეყანაში მოქალაქეთა სახეების სკანირება სავალდებულო გახდა

ეს პერსონა

პირველი დეკემბრიდან ჩინეთში ახალი მობილური სერვისების ჩასართავად მოქალაქეთა სახეების სკანირება სავალდებულო გახდა.

ახალი რეგულაციების შესახებ სექტემბერში გახდა ცნობილი. ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, სახეების სავალდებულო სკანირება კიბერსივრცეში მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავადაა საჭირო. მობილური ნომრის ასაღებად ადრეც იყო საჭირო ადამიანის პირადობის მოწმობა და ფოტო, ახლა კი მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის წარმოდგენილ ფოტოს შეადარებენ დასკანირებულ სახეს რათა დაადგინონ, რომ მოქალაქე ქსელში თავისი ნამდვილი სახელით შედის.

ჩინეთის მთავრობა წლების განმავლობაში ებრძვის ინტერნეტის ანონიმურ მომხმარებლებს. მაგალითად, 2017 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმად, ინტერნეტპლატფორმები ვალდებული არიან, შეამოწმონ  მომხმარებლის ვინაობა. ქვეყანაში ასობით მილიონი ინტერნეტმომხმარებელია, რომლის უმეტესობა ონლაინ სივრცეში შედის მობილური ტელეფონებიდან. მთავრობა ფართოდ იყენებს ვიდეოთვალთვალსა და ადამიანების ამოცნობის სხვადასხვა ტექნოლოგიას მოსახლეობის გასაკონტროლებლად. ჩინეთი ამ კუთხით მსოფლიო ლიდერია.

ოქსფორდის უნივერსიტეტის  ჩინეთის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მკვლევრის, ჯეფრი დინის ვარაუდით, სავალდებულო სკანირების შემოღება შესაძლოა, კიბერდანაშაულთან ბრძოლას უკავშირდებოდეს, ან მოსახლეობის ყველა სახის აქტიურობის კონტროლის გაძლიერებას.

ჩინური სოციალური ქსელების მოხმმარებლებმა კი შეშფოთება გამოთქვეს, რომ მთავრობა სულ უფრო მეტ მონაცემებს აგროვებს მათ შესახებ. ბევრი კი საუბრობს პერსონალური მონაცემების მასობრივი გაჟონვის შესახებ. როგორც მომხმარებლები წერენ, მათ უცნობი ადამიანები ურეკავენ, რომლებმაც საიდანღაც გაიგეს მათი გვარები და მისამართები.

ჩინეთში არსებობს მკაცრი ცენზურა ინტერნეტზე. ბლოკავენ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ადგილობრივ მთავრობას არ აწყობს. თანამედროვე ჩინეთს „ვიდეოკამერების ქვეყანას“ უწოდებენ. 2017 წელს ჩინეთის მასშტაბით 170 მილიონი ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული, 2020 წლისთვის კი მათი რიცხვი 400 მილიონამდე გაიზრდება. მომდევნო წლისთვის უნდა დასრულდეს ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც იქნება შენახული სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნის თითოეული მოქალაქის შესახებ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top