თბილისის ზოოპარკს 13 ახალი ბინადარი ჰყავს

ეს პერსონა

თბილისის ზოოპარკს ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული 13 ცხოველი შეემატა. 12 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, ტალინის ზოოპარკიდან (ესტონეთი), ხოლო 1 დომბა, ნიკოლაევის ზოოპარკიდან (უკრაინა) ჩამოვიდა. ცხოველები ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე იცხოვრბენ. მათი ვოლიერები უკვე მზად არის.

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, კავკასიის ენდემია. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით - საფრთხესთან ახლოს მყოფი, ხოლო საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით - მოწყვლადი სახეობაა.

დომბა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა. ისტორიულად საქართველოშიც იყო გავრცელებული, თუმცა ამჟამად გადაშენებულია.

„თბილისის ზოოპარკი ადგილობრივი სახეობების _ დასავლეთ კავკასიური ჯიხვის, ნიამორისა და კეთილშობილი ირმის კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. ამ სიას კიდევ ერთი სახეობა შეემატა _ დომბა, იგივე ევროპული ბიზონი. საქართველოში ეს დომბას რეინტროდუქციის პირველი მცდელობა იქნება. სხვათა შორის, დომბას რეინტროდუქციის პროგრამა უკვე დაწყებულია აზერბაიჯანში. ამჯერად 1 მამრი დომბა ჩამოვიდა. პარალელურად ველოდებით ინფორმაციას მდედრ ინდივიდებთან დაკავშირებით და შემდგომ მათ ტრანსპორტირებაზეც ვიზრუნებთ. სახეობის რეინტროდუქცია რთული, მრავალწლიანი პროცესია, თუმცა ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი“, _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

უახლოეს მომავალში ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე მტაცებელი ფრინველების ავიარიუმის მშენებლობა დაიწყება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top