კახა კალაძე: უნდა მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რადგან მათი დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს

ეს პერსონა

აუცილებლად უნდა მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რადგან მათი დღევანდელი მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ  დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალე  "თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება".

"აუცილებლად უნდა მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რადგან მათი დღევანდელი მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არის უმძიმეს მდგომარეობაში, სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრებისთვის. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გამონაბოლქვის თვალსაზრისით სრული კატასტროფა გვაქვს. ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს. ეს პრობლემა მხოლოდ მიკროავტობუსების და ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებით ვერ მოგვარდება, თუმცა მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია, გვინდა, ვაჩვენოთ საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯები, თუ რას ვაკეთებთ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად იმ პროექტებთან ერთად, როგორიც არის ახალი სკვერების პროექტების განხორციელება, ახალი პარკების შენება, არსებულის რეაბილიტაცია-განახლება. ეს ყველაფერი მოგვცემს იმას, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება და ჩვენს შვილებს აღარ ექნებათ ის პრობლემა, რაც ყველას გვაწუხებს – ჰაერის დაბინძურება;

პირობა მივეცით საზოგადოებას, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე მოწესრიგებული და ერთ-ერთი საუკეთესო. შემიძლია, წავიტრაბახო, როდესაც დავამთავრებთ ამ პროექტის განხორციელებას, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება თბილისს. ეს იქნება ახალი, განახლებული ავტობუსები. პარალეურად, მიკროავტობუსები აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს, ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და მართლა ძალიან მაგარია, ვფიქრობ, საზოგადოება ამას ხედავს. რეფორმა ჯერ არ დამთავრებულა და იქნება შემდეგი ეტაპები. ასევე მეტრო, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღეს, მოსაწესრიგებლია, გარდა იმ რებილიტაციისა, საჭიროა ახალი ვაგონების შესყიდვა, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ. ასევე, მნიშვნელოვანია სადგურების რეაბილიტაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. გარკვეული პრობლემები შეგვექმნა ამ მიმართულებით, გაგვეწელა გადაწყვეტილებების მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით,  რადგან გვინდა, მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს გაკეთებული ყველაფერი, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში, რომ ჭერი თავზე ჩამოგვენგრა. ყველაფერი კეთდება ხარისხიანად, ცოტა დროში გაიწელა, მაგრამ პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სადგურები იყოს მოწესრიგებული, განახლებული და ადამიანებმა ნორმალურ, ცივილურ და თანამდროვე პირობეში შეძლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top