პარლამენტში ხალხის ხარჯზე გამდიდრებულმა ადამიანებმა რამდენი ალეკო მიყვარხარო არ უნდა მიწერონ, მე ვარ ამ სისტემის წინააღმდეგი - ალეკო ელისაშვილი

ეს პერსონა

ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის მიერ გამზადებულ ბანერებს, რომელიც პარლამენტის წევრმა ელისაშვილსა და მის თანამოაზრეებს დაახვედრა.

ელისაშვილმა ასეთ დახვედრას „ღიმილის მომგვრელი“ უწოდა. მისივე ვარაუდით, ოქრიაშვილი მიხვდა, რომ „ქართული ოცნება“ „შეირყა“ და მათ მხარეს გადასვლას ცდილობს.

ელისაშვილის თქმით, ბიზნესმენებმა ბიზნესი უნდა აკეთონ და მათი ადგილი პოლიტიკაში არაა.

„ჩვენი ჩამოსვლის მიზანია, ხალხს დაველაპარაკოთ და ავუხსნათ, მაგრამ ბევრი ახსნა არ სჭირდება, რადგან აქეთ გვეუბნებიან. სანამ ასეთი სისტემა იარსებებს შერეული, სადაც მაჟორიტარების როლი იქნება მნიშვნელოვანი, მანამდე მაჟორიტარები იქნებიან მულტიმილიონერები და ხალხის ხარჯზე გამდიდრებულები. ხედავთ, დმანისი არის დაცლილი კახა ოქრიაშვილი კი, არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. ეს სისტემა არის დასანგრევი, რადგან ეს ფეოდალიზმი არის დასანგრევი.

ეს ღიმილის მომგვრელი დახვედრაც ბანერით, კახა ოქრიაშვილი ქალაქის შემოსასვლელში, მიანიშნებს, რომ სხვებისგან განსხვავებით ეს დიდად გამოცდილი კაცია, 2004 წლიდან არის და ცხრა პარტია აქვს გამოცვლილი. იგრძნო, საითაც უბერავს ქარი და როგორც ჩანს, ალაგებს ბარგს და უნდა აქეთ მხარეს გადმოსვლა. მძაფრი ინსტინქტები აქვს. ამის დასტურია, მეტი არაფრის. იგრძნო, შეირყა „ქართული ოცნება“.

პარლამენტში ხალხის ხარჯზე გამდიდრებულმა ადამიანებმა რამდენი ბანერიც არ უნდა გამომიკრან, სმაილიკები და ალეკო მიყვარხარო მიწერონ, მე ვარ ამ სისტემის წინააღმდეგი და ეს მაჟორიტარულ შერეული სისტემა არის დასანგრევი. ოქრიაშვილებს თუ აქვთ ბიზნესის კეთების უნარი, იყვნენ ბიზნესში, მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის. რაც არ უნდა ბანერები გამოფინონ, არასოდეს გული არ შემომიბრუნდება ასეთი ადამიანების მიმართ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში ელისაშვილი დმანისში კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავს. როცა ის ქალაქში ჩავიდა, მას დახვდა დიდი ბანერი წარწერით „სტუმარტმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციისა და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში“.

ბაზარში კი ოპოზიციას დახვდა პლაკატები წარწერით „welcome. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალეკო“.

 

წყარო: 1tv.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top