ირაკლი ღარიბაშვილი და ნათია თურნავა "დელტაში" იმყოფებოდნენ

ეს პერსონა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა. სადაც მინისტრები წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნენ. 

მინისტრებმა ჯავშანტექნიკის საამქრო დაათვალიერეს და საექსპორტო პროდუქციის პერსპექტივები განიხილეს. ექსპორტის გარდა, ქართული წარმოების განვითარების მიზნით გარკვეული პროდუქციის შეძენის შესაძლებლობები განიხილება. თავდაცვის ძალები უკვე მოიხმარს ქართული წარმოების  ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა  ქართული ტყვია-წამლის წარმოებასთან დაკავშირებით. საწარმო შეძლებს უმაღლესი სტანდარტის პროდუქციით უზრუნველყოს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები როგორც საბრძოლო ასევე ფუჭი/სასწავლო ვაზნებით, რაც მკვეთრად დადებითად იმოქმედებს საქართველოს მზაობაზე უპასუხოს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. 

ჯავშანტექნიკის საამქროში მინისტრებმა მრავალფუნქციური უახლესი მოდულური  ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომრის“ სხვადასხვა მოდიფიკაცია, მათ შორის საპატრულო, სადაზვერვო, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122, სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნები, დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული და სეტყვასაწინააღმდეგო სისტემები დაათვალიერეს. საჩვენებელ ტექნიკას შორის იყო „დელტას“ წარმოებული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენის პროტოტიპი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. 
პროგრამა რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან შედგება და საბოლოო ჯამში ადგილობრივი ძალებით შემუშავებული ტექნოლოგიების საფუძველზე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების მრავალფუნქციური ვერტმფრენის შექმნას ისახავს მიზნად. 
საფრენ აპარატს, როგორც სადაზვერვო ოპერაციების ჩატარება, ისე ჰაერიდან საცეცხლე მხარდაჭერა მართვადი და უმართავი რაკეტებით შეეძლება. 
ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტაში“ ლაზერული ჭრის უბნის, ინსტრუმენტული და მზა ნაკეთობების საამწყობო საწარმოებიც მოინახულა და ახლადშეძენილი ხარისხის კონტროლისა და გამოწრთობის დანადგარები დაათვალიერა. 

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ ვიზიტის შემდეგ თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები „თამ მენეჯმენტის“ მუშაობის პროცესს გაეცნენ. კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მინისტრებს „თამ მენეჯმენტის“ ხელმძღვანელმა პანტიკო თორდიამ მიაწოდა. საქართველოს თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა კომპანიის მენეჯმენტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top