სიდნეიში ჰაერის დაბინძურებამ ქაოსი გამოიწვია - ადგილობრივები შექმნილ ვითარებას „აპოკალიფტურს“ უწოდებენ - ფოტო-ვიდეო

ეს პერსონა

ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრებმა სიდნეიში ქაოსი გამოიწვია. ქალაქი სქელი ნისლითაა დაფარული, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კი საგანგაშო ნიშნულს გასცდა.

ნისლით გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო ნავების გადაადგილება შეჩერებულია, მთელი ქალაქის მასშტაბით კი იძულებითი ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილობრივები შექმნილ სიტუაციას „აპოკალიპტურსა“ და „არანორმალურს“ უწოდებენ.

სიდნეის მაცხოვრებელთა ინფორმაციით, მათ სუნთქვის პრობლემები შეექმნათ და ისეთი განცდა უჩნდებათ, რომ იხრჩობიან.

ხანძრის უახლოესი კერა დიდი სიდნეისგან, რომლის მოსახლეობა 5 მილიონ ადამიანს შეადგენს, დაახლოებით ერთი საათის დაშორებით მდებარეობს.

 როგორც ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, სამშაბათი „ჯერჯერობით ყველაზე ცუდი ნისლიანი დღე“ აღმოჩნდა. წინა დღეებში ფერფლი ციდან ცვიოდა.

ქალაქის ცენტრში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშო დონეს 11-ჯერ აღემატება, უარესი მდგომარეობაა გარეუბნებსა და ხანძრის კერებთან ახლოს მდებარე ქალაქებში.

რამდენიმე საოფისე შენობა, მათ შორის ახალი სამხრეთ უელსის სასოფლო-სამეურნეო სახანძრო სამსახურის შტაბ-ბინიდან ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო, რადგან ნისლის გამო განგაშის სისტემა ამოქმედდა.

ჯანდაცვის უწყებები ურჩევენ მოსახლეობას, სახლში დარჩეს, ვინც გარეთ მოძრაობს კი ნიღბებს იკეთებს.

ბოლო კვირებში საავადმყოფოებში 25%-ით გაიზარდა სასუნთქ პრობლემებთან დაკავშირებულმა მიმართვიანობამ.

 საბავშვო ბაღებსა და სკოლებში  ლანჩისა და შესვენების დროს ბავშვებს გარეთ არ უშვებენ.

ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. ბუნებრივი კატასტროფის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 700-ზე მეტი სახლი განადგურდა. მარტო ახალი სამხრეთ უელსის შტატში 2 მილიონზე მეტი ჰექტარი მიწა დაიწვა.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top