რა უნდა გააკეთოთ თუ თერმომეტრი გაგიტყდათ

ეს პერსონა

შეიძლება ითქვას, რომ თერმომეტრი ყველა ოჯახში გატეხილა, თუმცა ამას სათანადო ყურადღებას ცოტა ადამიანი თუ აქცევს. თერმომეტრში მოთავსებული თხევადი მეტალი - ვერცხლის წყალი, საკმაოდ საშიში, ტოქსიკური ნივითიერებაა, ამიტომ მიზანშეწონილია გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები, რომელიც აშშ-ის ტოქსიკური ნივთერებებისა და დაავადებების სააგენტომ გამოსცა:

* ოთახიდან სასწრაფოდ უნდა გავიდეს ყველა, განსაკუთრებით – ბავშვები. რჩება ერთი ადამიანი, რომელმაც დაღვრილი ვერცხლისწყალი უნდა შეაგროვოს. 
* დაკეტეთ სხვა ოთახებში გამავალი კარი, გააღეთ ყველა ფანჯარა და გაანიავეთ ოთახი. გამორთეთ გათბობა და ცენტრალური კონდიცირება – მაღალ ტემპერატურაზე ვერცხლისწყალი ადვილად ორთქლდება, ვენტილაციის საშუალებით კი მთელ სახლში გაავრცელებთ. 
* მოიმარაგეთ ნივთები, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ: პლასტმასის კონტეინერი, რომელსაც მყარად ეხურება თავსახური, სანაგვე პარკი, რეზინის ან ლატქესის ხელთათმანები, ქაღალდის ხელსახოცი, პიპეტი, წებოვანი ლენტი, პატარა ფუნჯი, ფარანი, მუყაოს ნაჭერი. 
* გაიკეთეთ ხელთათმანები. მუყაოთი შეაგროვეთ დიდი ბურთულები და მინის ნატეხები და პლასტმასის კონტეინერში ჩაყარეთ. პატარა ბურთულები პიპეტით შეაგროვეთ. თუ პიპეტი არ გაქვთ, გამოიყენეთ შპრიცი. ძალიან პატარა ბურთულები შეიძლება აიღოთ წებოვანი ლენტით. 
კარგად დაათვალიერეთ ოთახის კუთხეები – ვერცხლისწყალი ძლიერ მოძრავია და იოლად იფანტება დიდ მანძილზე. 
* თუ შინ შემთხვევით აღმოგაჩნდათ გოგირდის ფხვნილი, შეიძლება მისი გამოყენებაც. გოგირდის ფხვნილს ორმაგი ეფექტი აქვს. ის რეაქციაში შედის ვერცხლისწყალთან და უვნებელს ხდის მას. ამასთან, ვერცხლისწყალთან შეხებისას ის ფერს იცვლის, ყავისფერი და ადვილი შესამჩნევი ხდება. 
* მოწმინდეთ იატაკი სველი ტილოთი, ტილო მოათავსეთ პარკში, პირი მოუკარით და გადააგდეთ.
* გაანიავეთ ოთახი, სულ მცირე, 24 საათის განმავლობაში.

როგორ არ უნდა მოიქცეთ

* არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი და ცოცხი ვერცხლისწყლის ბურთულების ასაღებად – მტვერსასრუტი ხელს შეუწყობს მის აორთქლებას, თავად მტვერსასრუტს კი შემდგომ ვეღარ გამოიყენებთ; ცოცხით აღებისას ვერცხლისწყალი წვრილ ბურთულებად იშლება, რაც ასევე აადვილებს მის აორთქლებას.
* არ ჩაყაროთ ვერცხლისწყალი საკანალიზაციო მილში – შესაძლოა მილშივე დარჩეს და ოთახში აორთქლება განაგრძოს.
* ოთახში მყოფმა პირებმა, რომლებიც ფეხსაცმლით შეეხნენ ვერცხლისწყალს, მაშინვე უნდა გაიხადონ ფეხსაცმელი, რომ ვერცხლისწყლი მთელ სახლში არ გაავრცელონ, მოათავსონ პოლიეთილენის პარკში და პირი მოუკრან. 
* არ გარეცხოთ ვერცხლისწყლით დაბინძურებული ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში – ვერცხლისწყალი მანქანის დოლურაში ჩარჩება და ტოქსიკურ მოქმედებას განაგრძობს. 
ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ (AAP) ჯერ კიდევ 2001 წელს გასცა რეკომენდაცია, ვერცხლისწყლის თერმომეტრები უსაფრთხოების მიზნით ელექტრონულით შევცვალოთ.

0
2
3
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top