გიორგი გახარია: ჩვენ ერთობლივად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი

ეს პერსონა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, უკრაინაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დღეს ის, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა  ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო და უკრაინა  ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი გახდეს. 

"ჩვენ ერთობლივად, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი.

ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე უკრაინის მიწაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, რათა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენს ორ მოძმე ხალხს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის განვითარებისა და წინსვლისკენ. ჩვენ გვაერთიანებს როგორც წარსული, ასევე გვაკავშირებს მსგავსი გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები და სახელმწიფოები დგანან - ეს არის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ერთობლივად შევძლებთ ძალზე ეფექტური და შედეგიანი ნაბიჯების გადადგმას. მოხარული ვარ, რომ დღეს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას საქართველოსა და უკრაინას შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ. ეს სწორედ ის ფორმატი და სტრატეგიული ურთიერთობის ის დონეა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს უნდა აერთიანებდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ,  უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ გახარიას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ჩვენს ქვეყნებს ძალიან ბევრი აერთიანებს, გვაქვს საერთო მისწრაფებები და სამწუხაროდ, მსგავსი გამოწვევები - ეს არის ჩვენი ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ ჩვენმა ურთიერთობამ და ქვეყნების ისტორიამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ამ გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდებით. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, როგორც პარლამენტის ასევე - სხვა დონეზე“, - განაცხადა დმიტრო რაზუმკოვმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top