პარლამენტმა 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

ეს პერსონა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  წარადგინა. 


დოკუმენტში ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად, და შესაძლო რისკების მიმოხილვა.


სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოზე, ინფლაციასა და პროგნოზებზე. "მიმდინარე წლის მარტიდან წლიური ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე მაღალი იყო და ნოემბერში მან 7.0 პროცენტი შეადგინა. წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი - აქციზის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ფასები, ასევე, მომატებულია ფასები სურსათზე, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე ნაკლებადაა დამოკიდებული. სექტემბრის თვიდან კი ინფლაციის ზრდა დაჩქარდა, რაც მნიშვნელოვანწილად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებით და გაუფასურებულ ნიშნულზე დიდხანს შენარჩუნებამ გამოწვია. რადგანაც კურსის გაუფასურება ინფლაციურ პროცესებში გადავიდა და ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად 2.5 პროცენტული პუნქტით 9.0 პროცენტამდე გაზარდა. არსებული საბაზო პროგნოზით, წლიური ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება.იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის რისკებს შეიცავს, ეროვნული ბანკი მათ გასანეიტრალებლად მის ხელთ არსებულ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს შესაბამისად აამოქმედებს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top