"დადგება ის დღე, როდესაც თავისუფლების მოედანზე, ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას" - ბიძინა ივანიშვილი

ეს პერსონა

„საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში. მე ამის მწამს და მტკიცედ მჯერა!“ - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე, ღონისძიებაზე „საქართველოს გზა ევროპისკენ“ განაცხადა. 

ივანიშვილის თქმით, საქართველოს თანასწორობის და დემოკრატიის დიდი ისტორია აქვს, ტოლერანტობა კი ერის იდენტობის ნაწილია. 

„ჩვენში ქრისტიანობა კაბადოკიელმა ნინომ შემოიტანა, რომელსაც სომეხმა შუშანიკმა, არაბმა აბომ და სპარსმა ევსტათიმ უერთგულეს. ჩვენში “ლეკვი ლომისა” მაშინვე თანასწორი იყო და სწორედ ეს გვაყალიბებდა იმთავითვე ევროპელებად. ჩვენ, ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, ევროპაში პირველებმა გავამეფეთ ქალი, ჩავსახეთ პარლამენტარიზმის პირველი ნიშნები და სწორედ საქართველოში, შოთა რუსთაველმა დაარწია პირველად ევროპული ჰუმანიზმის აკვანი“, - განაცხადა მან. 

ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება. 

„დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ, ისევ აქ, ამ სიმბოლურ ადგილას, თავისუფლების მოედანზე, ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას და ყველა ერთად ვიტყვით - ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მიზანს მივაღწიეთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა. 

27 ნოემბერს საქართველო ოფიციალურად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. 

2
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top