შესაძლოა BBC 200 მლნ-ით ნაკლებ დაფინანსებას მიიღებს - ბორის ჯონსონი დაფინანსების წესებს გადახედავს

ეს პერსონა

დიდი პრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონს „ბიბისის“ დაფინანსების წესების გადახედვა სურს. როგორც გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც კონსერვატორების მთავრობამ უკმაყოფილება გამოხატა „ბიბისის“ მიერ „ბრექსიტისა“ და არჩევნების პროცესის გაშუქების გამო.

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე რიში სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა გასცა განკარგულება, რათა ფინანსურმა უწყებებმა სალიცენზიო გადასახადისგან თავის არიდებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის გაუქმების შესაძლებლობა შეისწავლონ. „ბიბისი“ სწორედ სალიცენზიო გადასახადებიდან შემოსული თანხით ფინანსდება.

გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გათვლებით, თუ ჯონსონის ინიციატივა ამოქმედდება, მაშინ „ბიბისი“ წელიწადში საშუალოდ 200 მილიონ გირვანქა სტერლინგს დაკარგავს.

„უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მისაღებია ასეთი მიდგომა, როდესაც საქმე ერთი მედიაორგანიზაციის დაფინანსებას ეხება, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა მედიაორგანიზაციები საკუთარ ხარჯებს თავად ფარავენ“ , – განაცხადა ბორის ჯონსონმა არჩევნებმადე რამდენიმე დღით ადრე.

სალიცენზიო გადასახადს დიდი ბრიტანეთში ყველა მოქალაქე იხდის, ვისაც სახლში ტელევიზორი აქვს. წლიური გადასახადი ერთი მოქალაქისთვის 52-დან 154 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top