"კატეგორიულად გამოვრიცხავ და არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნე გამსახურდია სცემა ერთმა კაცმა და ოთხი უყურებდა ამას" - ცოტნე გამსახურდიას მეუღლე

ეს პერსონა

მძიმედ დაჭრილი ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება. ჯაბაურის თქმით, გამსახურდიას 4-5 ადამიანი დაესხა თავს, ამასთან , განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული. 

"ოპერატიულობისთვის მადლიერი ვარ, მხოლოდ კატეგორიულად გამოვრიცხავ და არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნე გამსახურდია სცემა ერთმა კაცმა და ოთხი უყურებდა ამას. ძალიან კარგად ვიცი ცოტნე გამსახურდიას ფიზიკური მომზადება, ის იყო ძალიან ჯანმრთელი, ძლიერი, ფიზიკურად დიდი იყო. ბევრ სიტუაციაშიც მინახავს და ის ბრძოლის ველიც ვნახე, რომელიც ჩვენს ჭიშკართან იყო. იქ ბევრ ადგილზე იყო სისხლი, ნამტვრევები, ყავარჯნები საიდანღაც მოტანილი. მეზობლებმაც დაინახეს, რომ 4-5 კაცი გარბოდა", — აცხადებს გამსახურდიას ცოლი.

გამოძიების ინფორმაციით, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 19 დეკემბერს 1991 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ცოტნე გამსახურდიას ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. როგორც უწყებაში ამბობენ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ოთხი პირი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top