„იმ სახურავზე ავედი, საიდანაც ჩემი ძმა გადმოხტა“ - ლუკა სირაძის ძმა

ეს პერსონა

გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ძმამ ბექა სირაძე ყველა იმ ადამიანის დაკითხვას ითხოვს, ვისაც წვლილი მიუძღვის მისი ძმის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით იქამდე ივლის ყველა უწყებაში სანამ არ გამოიძიებენ მისი ძმის ფსიქოლოგიური ტერორის თანამონაწილეებს.

​ბექა სირაძის თქმით ის დიღომში იმ ცხრასართულიანი შენობის სახურავზე ავიდა, საიდანაც მისი ძმა გადმოხტა.

„იმ სახურავზე ავედი, საიდანაც ჩემი ძმა გადმოხტა. მინდოდა ჩემს თავზე წარმომედგინა და განმეცადა, რა დაინახა როცა იქ ავიდა და ქვემოთ გადმოიხედა... ძალიან გამიჭირდა, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ეს ყველაფერი მეც მენახა და წარმომედგინა“, - ამბობს გარდაცვლილის ძმა.

გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ ლუკას სწორედ მისით აშანტაჟებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ მის 20 წლის ძმას, რომელიც ჯარისკაცია, საფრთხე დაემუქრებოდა.

„ჩემს ძმას ვიცნობდი როგორც ძლიერ პიროვნებას, თუმცა მაინც ბავშვი იყო... ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი, რის გამოც სახურავზე ავიდა, ვიყავი მე, ალბათ ფიქრობდა, რომ მის გამო შეიძლება მე შემქმნოდა პრობლემები და ეს არ უნდოდა“, - აცხადებს ბექა სირაძე.

15 წლის ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს მიიყვანეს. გამოძიება მას „მწვანე სკოლის“ კედლებზე წარწერების დაწერას ედავებოდა. 14:00 საათზე დედას უთხრა, რომ ის მიდიოდა და უკან აღარ დაბრუნდებოდა. სახლიდან გაქცეული ახალგაზრდის შეჩერება დედამ ვერ შეძლო, პოლიციაში დარეკა და შველა ითხოვა.

„დედა ამბობს, რომ ლუკა უცებ წამოხტა და გაიქცაო, თან მიუძახებია, მე დღეს სახლში არ დავბრუნდებიო... დედამ მაშინვე დაურეკა მარიანა ჩოლოიანს და დახმარება სთხოვა. გამომძიებელს უარი უთქვამს დახმარებაზე, მარიანას დედაჩემისთვის ასე უპასუხია, თქვენი მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და იმან მოგაძებნინოსო“, - აცხადებს ლუკა სირაძის ძმა.

9
3
6
239
58
კომენტარები
ეს პერსონა
Top