ვინ ჩაანაცვლებს ქასიმ სოლეიმანს - "ალ ქუდსის" ახალი ლიდერი ცნობილია

ეს პერსონა

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ელიტურ ქვედანაყოფს „ალ-ქუდსს“ სათავეში გენერალი ისმაილ ქაანი ჩაუდგება. 

ქაანი მის წინამორბედ ქასიმ სოლეიმანის ჩაანაცვლებს, რომელიც 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ იქნა ლიკვიდირებული.

ირანის სულიერმა ლიდერმა, რომელსაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ექვემდებარება, ისმაილ ქაანის ირანის სამსახურში მყოფი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და გამოჩენილი გენერალი უწოდა. აიათოლა ხამენეის თქმით, ახალი მეთაურის დაქვემდებარებაში „ალ-ქუდსი“ ისეთივე დარჩება, როგორც სოლეიმანის დროს იყო.

„ჩვენ ყველა ომის შვილები ვართ. ჩვენ თანამებრძოლები ვართ და ომში დავმეგობრდით“, – სწორედ ასე აღწერა ისმაილ ქაანიმ თავისი ურთიერთობა მის წინამორბედ ქასიმ სოლეიმანთან.

გენერალი 1957 წელს ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მეშჰედში დაიბადა. ქაანი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რიგებს 1979 წლის რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ შეურთდა. ისევე როგორც სოლეიმანი, ქაანიც მონაწილეობდა ირანში ქურთული ამბოხის ჩახშობაში, რომელიც შაჰის მმართველობის დასრულების შემდეგ დაიწყო. ის ასევე იბრძოდა ირან-ერაყის ომშიც, რომელსაც მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბრძოლის ველზე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ არაერთი მებრძოლი დაიღუპა.  ქაანი ამ ომში მეთაური იყო.

ომის შემდეგ ქაანი „ალ-ქუდსს“ შეურთდა, სადაც „ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსის“ კონტრდაზვერვით ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. 

ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა გენერალი ქაანი მისი წინამორბედის მსგავსი გავლენის მოპოვებას ირანში. ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ უკვე განაცხადა, რომ „ქასიმ სოლეიმანის ჩანაცვლება შეუძლებელია, რადგან ის არა მხოლოდ სამხედრო მეთაური, არამედ პოლიტიკოსი და ნიჭიერი სტრატეგი იყო“.

2012 წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ქაანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მას ბრალად ირანის მარიონეტული ძალების დაფინანსება წაუყენეს. კერძოდ, საქმე ეხებოდა ნიგერიის პორტ ლაგოსში დაკავებულ იარაღის დიდ პარტიას, კონტეინერებში „კატიუშას“ ტიპის რაკეტები, ავტომატების ტყვიები და სხვა იარაღი აღმოჩნდა.
 

წყარო: 1tv.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top