მედიაჩეკერი: "მთავარი არხის" მანიპულაციურმა სიუჟეტმა ქსენოფობია წაახალისა

ეს პერსონა

“დაიკეტოს ფრენები, რომ არ ჩამოვიდნენ საქართველოში ჩვენი დაუნდობელი მტრები!”
“ქართველები გავრბივართ, თურქები, ირანელები, ჩინელები კი საქართველოში შემოდიან”...
მსგავსი შინაარსის კომენტარები იწერება ტელეკომპანია “მთავარის” ფეისბუკის გვერდზე გაზიარებულ სიუჟეტზე საქართველოში ჩამოსული ირანელი ტურისტების შესახებ.

სიუჟეტის წარდგენის დროს “მთავარის” წამყვანი მაყურებელს აუწყებს:

“თეირანიდან ადამიანები, რომლებიც ჩვენმა კამერამ დააფიქსირა, ჩამოსულები არიან უჩვეულოდ ბევრი ბარგით, რაც სავარაუდოდ უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მათ საქართველოში დიდი ხნით სურთ დარჩენა”.

მოგვიანებით იგივე ორჯერ გაიმეორა სიუჟეტის ავტორმა ჟურნალისტმაც:

“ჩვენი ეჭვი გამოიწვია იმან, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოში ჩამოსულები ძალიან დიდი რაოდენობის ტვირთით”
“ირანიდან ირანის მოქალაქეები ჩამოდიოდნენ ძალიან დიდი რაოდენობით ბარგით”.

სიუჟეტი, რომელიც 3 წუთზე მეტ ხანს გრძელდება, მთლიანად ამ ეჭვზეა აგებული, რომ ირანიდან ჩამოსულ ტურისტებს დიდი რაოდენობით ბარგი აქვთ თან. საილუსტრაციოდ ნაჩვენებია 3-4 მგზავრის ბარგი, თითოეულის შემთხვევაში 3-4 ჩემოდანი.

“მთავარის” ჟურნალისტები იუწყებიან, რომ მგზავრებს არ სურდათ საუბარი, თუმცა ჩაწერილი 5 ინტერვიუს პასუხები ეხმაურება შეკითხვას, თუ რა ვითარებაა ირანში მას შემდეგ, რაც მკვეთრად დაიძაბა ამ ქვეყნის ურთიერთობა აშშ-სთან. სიუჟეტში არ არის ნაჩვენები, დაუსვა თუ არა ჟურნალისტმა ამ მგზავრებს შეკითხვა სიუჟეტში გამოთქმულ ეჭვზე ბარგთან და საქართველოში შესაძლო დარჩენასთან დაკავშირებით, შესაბამისად, არც ამ ეჭვებზე პასუხებია მოცემული.

“ფაქტია, რომ ირანიდან ავიარეისები ბოლო დღეებში ძალიან ინტენსიური გახდა”, - უთხრა მაყურებელს “მთავარის” წამყვანმა. თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არც მას და არც სიუჟეტის ავტორს არ წარმოუდგენიათ.

ამას გარდა, საზღვრის კვეთის დროს ტურისტების ვიზიტის დეტალებზე სრულ ინფორმაციას იღებენ სახელმწიფო უწყებები, კერძოდ, იმაზე, თუ რამდენი ხნით და რა მიზნით კვეთენ ვიზიტორები საზღვრებს. შესაბამისად, ჟურნალისტს შეეძლო სიუჟეტში გამოთქმულ ეჭვებზე პასუხები მოეძიებინა შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაერკვია, რამდენი მგზავრი შემოვიდა ირანიდან, არის თუ არა ეს რაოდენობა გაზრდილი ბოლო დღეებში და ა.შ.

ამ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების ნაცვლად, ჟურნალისტმა ვარაუდების ჟანრი აირჩია, რამაც გამოიწვია ჟურნალისტის მხრიდან მანიპულაცია ცხელი საერთაშორისო ნიუსით, რომელიც შეეხებოდა აშშ-სა და ირანს შორის დაძაბული ურთიერთობის გამწვავებას.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top