მარკ ცუკერბერგმა 20-იანი წლების 5 გამოწვევა დაასახელა

ეს პერსონა

Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მომავალი ათწლეულის 5 გამოწვევა დაასახელა.  ცუკერბერგის თქმით, 2009 წლიდან ყოველწლიურად ის საკუთარ თავს ახალ-ახალ გამოწვევებს უსახავდა და ახლა ტრადიციის შეცვლის დროა. მილიარდერმა მომავალ ათწლეულში შესასრულებელ მიზნებზე სოციალურ ქსელში ისაუბრა და აღნიშნა ის გამოწვევები, რომელიც უშუალოდ მას უკავშირდება.

„ამ ათწლეულში ვაპირებ, გრძელვადიან პერსპექტივაზე გავაკეთო აქცენტი. ნაცვლად იმისა, რომ მქონდეს ერთ წელზე გათვლილი მიზნები, შევეცადე, მეფიქრა იმაზე, თუ როგორი მინდა გამოიყურებოდეს მსოფლიო და ჩემი ცხოვრება 2030 წელს." - დაწერა ცუკერბერგმა.

თაობათა ცვლა

მარკ ცუკერბერგის 5 პუნქტიდან პირველი „თაობათა ცვლას“ ეხება. Facebook-ის CEO-ს აზრით, მომავალი მილენიალების ხელში იქნება [აქ იგულისხმება 1980-2000-იან წლებში დაბადებული ხალხი]. ცუკერბერგის დაკვირვებით,  მისი თაობის ხმა ჯერ კიდევ საკმარისად არ ჟღერს.

„დღეს ბევრი მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინსტიტუტი საკმარისად არ მუშაობს ახალგაზრდა თაობის პრობლემებზე - კლიმატის ცვლილებიდან განათლების ღირებულებაზე, საცხოვრებელსა და მედიცინის გაზრდილი ფასებით. მაგრამ სულ უფრო მეტი მილენიალი და მომდევნო ახალი თაობის წარმომადგენელი შეძლებენ ხმის მიცემას (არჩევნებში)  და მე ველოდები, რომ ეს ვითარება სწრაფად შეიცვლება. ამ ათწლეულის ბოლოს მსურს, ვნახო მეტი ორგანიზაცია, რომლთა სათავეშიც მილენიალები იქნებიან, ასევე მეტი გრძელვადიანი სტრატეგია ამ პრობლემების მოსაგვარებლად“, - აღნიშნა ცუკერბერგმა.

ცუკერბერგი მზადაა, დაეხმაროს ახალგაზრდა სპეციალისტებს, მსოფლიოზე მეტი გავლენა იქონიონ საქმით და არა მარტო სიტყვით.

კერძო სოციალური პლატფორმა

მომდევნო პუნქტი ცუკერბერგმა ახალი კერძო სოციალური პლატფორმის შექმნას მიუძღვნა. ის დარწმუნებულია, რომ დაახლოებით 5 წელიწადში სოციალური ქსელები შეიცვლება. ცუკერბერგის მტკიცებით, მომავალი ეკუთვნის არა მილიონობით მომხმარებლის მქონე საიტებს, არამედ მცირე ინტერნეტ პროექტებს, სადაც მომხმარებელი თავს მარტოსულად არ იგრძნობს.

„ფართო საზოგადოების წევრად ყოფნა თავის გამოწვევებს ქმნის და ინტიმური კავშირის სურვილს ქმნის. როცა პატარა ქალაქში დავიბადე, ადვილი იყო, გქონოდა შენი ნიშა და მიზანდასახულობის შეგრძნება. მაგრამ მილიარდობით ადამიანის გარშემო უფრო ძნელია საკუთარი უნიკალური როლის პოვნა. მომავალი ათწლეულისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური ინფრასტრუქტურაა, რომელიც დაგვეხმარება, განვაახლოთ ყველა სახის უფრო პატარა საზოგადოებები, რომლებიც იმ სიახლოვეს კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს.

ჩვენი ციფრული სოციალური გარემო სრულიად განსხვავებული იქნება მომდევნო 5+ წელიწადში, რომელშიც ისევ იქნება ხაზგასმული პირადი კონტაქტები და დაგვეხმარება, შევქმნათ უფრო პატარა თემები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში გვჭირდება“, - დაწერა ცუკერბერგმა.

დეცენტრალიზაციის შესაძლებლობა

ცუკერბერგმა ყურადღება გაამახვილა მცირე ბიზნესის მხარდაჭერაზე. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ ათწლეულში ტექნოლოგიების სფერო შექმნის საშუალებას დაეხმაროს ეკონომიკის სხვა დარგებს, რათა მათ უკეთ აითვისონ ტექნოლოგიები და უფრო განვითარდნენ.

მისივე გეგმის მიხედვით, კომპანიამ უნდა შექმნას სავაჭრო და საგადასახო ინსტრუმენტები, რათა მცირე ბიზნესებს ჰქონდეს წვდომა ისეთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ დიდი კომპანიებისთვის.

„თუ ამას გავაკეთებთ, ნებისმიერი შეძლებს პროდუქციის გაყიდვას Instagram-ზე არსებულ მაღაზიაში და მხარს დაუჭერს კლიენტებს, ან მყისიერად გააგზავნის ფულს სახლიდან სხვა ქვეყანაში  და დაბალ ფასად Whatsapp-ის მეშვეობით“, - აღნიშნა Facebook-ის დამაარსებელმა.

The Next Computing Platform

Facebook-ის დამფუძნებლის კიდევ ერთი პროგნოზი ეხება ახალი კომპიუტერული პლატფორმის გამოჩენას. მისი განმარტებით, ყოველი თაობა იცვლებოდა ახალი ტექნოლოგიის გამოჩენის გამო, ხოლო 2020-იან წლებში ეს განვრცობითი რეალობის ამსახველი სათვალე შეიძლება იყოს.

„2010-იან წლებში ჩვენი ტგექნოლოგიური პლატფორმა იყო მობილური ტელეფონი. 2000-იანების პლატფორმა იყო ინტერნეტი, 90-იანების - პერსონალური კომპიუტერი. ყოველი ახალი გამოგონება სულ უფრო ხელმისაწვდომი და ფართოდ გავრცელებული ხდება და მათთან ურთიერთმოქმედება უფრო ადვილია. მობილურები ჩვენს ძირითადი მოწყობილობებად დარჩება ამ ათწლეულშიც, მაგრამ ვვარაუდობ, რომ 2020-იანი წლების რაღაც მომენტში ჩვენ გარღვევას მოვახდენთ განვრცობითი რეალობის ამსახველი სათვალით და გადავიაზრებთ ჩვენს ურთიერთობას ტექნოლოგიებთან“, - დაწერა ცუკერბერგმა.

მისი განმარტებით, განვრცობითი და ვირტუალური რეალობა კონკრეტულ ადგილას ყოფნის შეგრძნებას მოიცავს, მაგალითად, რომ იმყოფებით ადამიანთან, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სხვა ადგილას ხართ. ცუკერბერგის განმარტებით, ეს დაეხმარება ისეთი დიდი სოციალური გამოწვევების მოგვარებაში, როგორიცაა უთანასწორობა გეოგრაფიული ნიშნით, როცა ადამიანები იძულებული არიან სამსახურის საპოვნელად სხვა ადგილას გადავიდნენ.

მმართველობის ახალი ფორმები

ბოლო პუნქტი კი ეხება მართვის ახალი ფორმების შექმნას. ცუკერბერგმა ყურადღება გაამახვილა დიდი ციფრული საზოგადოებებისა და ამასთან დაკავშირებული სიტყვის თავისუფლებისა და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებს. Facebook-ის შემქმნელის აზრით, მთავრობამ უნდა ჩამოაყალიბოს უფრო მკაფიო წესები ინტერნეტისთვის, რაც ეხება მავნე ინფორმაციის გავრცელებას, მონაცემთა შენახვასა და მობილურობას. ცუკერბერგის ვარაუდით, ამ პრობლემების მოგვარება შესაძლოა მართვის ახალი საშუალებით, სოციალური ქსელის „თემების“ თვითმმართველობის გზით. მან მაგალითად მოიყვანა Facebook-ის მიერ შექმნილი „სამეთვალყურეო საბჭო“.

„მალევე თქვენ შეძლებთ, გაასაჩივროთ კონტენტი, რომელსაც არ ეთანხმებით, დამოუკიდებელ საბჭოში, რომელიც საბოლოო განაჩენს გამოიტანს, ეს დასაშვებია თუ არა“, - დაწერა ცუკერბერგმა.
 

0
0
2
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top