კლუბ "ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს პატიმრობა შეეფარდა

ეს პერსონა

კლუბ "ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი ბიძინა ჩაჩხიანის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

კლუბ "ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ", მე-5 ნაწილის "გ", მე-7 ნაწილის "ა" და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალდება 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით,ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბიძინა ჩაჩხიანმა მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top