რა გამოხმაურებები მოჰყვა Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშს პოლიტიკურ წრეებში

ეს პერსონა

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch -მა 2019 წლის საქართველოს მოვლენებზე ხელისუფლებისადმი კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელსაც ოპოზიცია „ქართული ოცნების" „პოლიტიკლურ სასაფლაოზე დადებულ დიდ შავ გვირგვინს" უწოდებს, ხოლო მმართველი პარტია ამბობს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის დასკვნები „პილიტიკურად მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების განწყობებს ასახავს".

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერს, სერგი კაპანაძეს მიაჩნია, რომ ანგარიშში  საუბარია ყველა იმ სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს და აღნიშნულია, რომ დაუსჯელობის სინდრომი საქართველოში გადაულახავ პრობლემად რჩება.

„ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ უკვე ყველა აკრიტიკებს ხელისუფლებას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, აშშ-ის კონგრესმენები, ევროპარლამენტარები და უკვე მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამომცემლობები, არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიც არის მაგალითად, Human Rights Watch. ეს ნიშნავს იმას, რომ ის სერიოზული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული კუთხით არის, არ რჩება შეუმჩნეველი საერთაშორისო ასპარეზზე. ყველა ის განმარტება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ეს არის ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ მოისყიდა ეს ორგანიზაციები, უბრალოდ სასაცილოა და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ანგარიშში არის ცალსახად საუბარი იმაზე, რომ 20 ივნისის აქცია არ იყო ძალადობრივი, თუ არ ჩავთვლით ეპიზოდებს და ჯამში იყო მშვიდობიანი. მეორეც, იქ არის საუბარი იმაზე, რომ ძალა, რომელიც გამოიყენა პოლიციამ, იყო არაადეკვატური და იყო ძალის გადამეტება. საუბარია იმაზე, რომ დასჯა მოხდა ცალმხრივად, ანუ, დაისაჯნენ მხოლოდ მშვიდობიანი მომიტინგეები და არ დაისაჯა ის, ვინც ძალა გადაამეტა და თვალები დათხარა ახალგაზრდებს. შეფასებაა გაკეთებული, რომ გადაულახავ პრობლემად რჩება ეს დაუსჯელობის სინდრომი.

ანგარიშში საუბარია ყველა იმ სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს და არსებობდა წინა წელს, ეს არის კიდევ ერთი ვერდიქტი ივანიშვილისთვის, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში საქართველოში დემოკრატია მიდის უკან და ეს არ რჩება შეუმჩნეველი ჩვენი პარტნიორების მხრიდან“,- განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მედიასივრცე შეარყია. ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა და საუბარია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

ანგარიში ასევე დადებითად შეფასა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემაც.

"ეს მოხსენება შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის არჩევნებამდე ბოლო მოხსენება და შეიძლება ვუწოდოთ მას შავი გვირგვინი "ქართული ოცნების" სასაფლაოზე,"

მისივე თქმით, ასეთი მოხსენებით არა მხოლოდ ხელისუფლების იმიჯი, არამედ მთლიანად, ქვეყანა ზიანდება.

"დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით "ქართული ოცნების" საქმიანობა დამარხულია. ყველა ის პრობლემა რაც არის ქვეყანაში: სამართალდამცავი სტრუქტურების გამოყენება პოლიტიკური მიზნით, უკანონობა, ძალადობა, პოლიტიკური დევნა, მათ შორის, ნიკა მელიასთან დაკავშირებული საქმეები და იქ ნახსენებია, თუ როგორ უკანონოდ არის შინაპატიმრობა მისთვის მისჯილი და სამაჯურიც კი არის ნახსენები, ასევე არაერთი სხვა მოვლენა, რაც საქართველოშიც იქნა არაერთხელ გაკრიტიკებული. ხელისუფლების იმიჯი ამ მოხსენებით უკიდურესად დაზიანდა, რაც სამწუხაროდ, გავლენას ახდენს ასევე საინვესტიციო კლიმატზე, ეკონომიკაზე და ზოგადად ქვეყანაზე საერთაშორისო წარმოდგენის კუთხით, ეს არ არის მხოლოდ "ქართული ოცნების" დამაზიანებელი, ეს აზიანებს ქვეყანას და რაც უფრო მალე წავა „ქართული ოცნება“ და რაც არ იქნება მსგავსი დასკვნები, მით მეტად განვითარდება ქვეყანა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

უმრავლესობის დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია ამბობს,რომ ორგანიზაცია დასკვნებს ისეთ წყაროებზე დაყრდნობით აკეთებს, რომლებსაც ქვეყანაში სტაბილურობა არ აწყობთ.

„დაიწყო 2020 პოლიტიკური წელი და ოპოზიციას ერთიდაიგივეს აუცილებლად ჩაეხვევენ და შეეცდებიან ყველაფერი ასე გაასაღონ. ეს ორგანიზაცია ზოგადად ხარვეზებზეა ხოლმე ორიენტირებული, როდესაც 20 ივნისის საქმეზეა საუბარი, ეს ხომ მოყოლით არ ვიცით, ყველამ ყველაფერი დავინახეთ როგორ, იყო და რა იყო. იქ წერია, რომ არაძალადობრივი აქცია იყო, როგორ იყო არაძალადობრივი, სადაც 80-მდე მეტი პოლიციელი დაშავდა, როცა ამდენი ფარი წაართვეს, შეჭრაზე ასეთი გამუდმებული შტურმი მიდიოდა, მერე აღიარებენ უკვე, რომ დამხობა გვინდოდა ცოტაღა დაგვაკლდაო მათი ლიდერი ამბობს. ჩემი აზრით ეს ყველაფერი ნაკლებად ინფორმირებისგანაა გამოწვეული, როდესაც ერთ-ერთი საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაცია ასეთ დასკვნებს აკეთებს და ალბათ ისეთ წყაროებზე დაყრდნობით აკეთებს, რომლებსაც ბუნებრივია, რომ ამ ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა არ აწყობთ," - განაცხადა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშშის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, დასვენების დროს, კვირის განმავლობაში დასვენებას, ღამის სამუშაოს და მთავრობას არ აძლევს შრომის ყველა პირობის გაკონტროლების საშუალებას.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სუსტი რეგულაციები და აქედან გამომდინარე შრომის პრაქტიკა, რომელიც ხშირად პრიორიტეტს წარმოების მიზანს ანიჭებს, ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას.

Human Rights Watch-ი წერს, რომ შრომის კანონთან დაკავშირებული ზოგიერთი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და შრომის ინსპექტირების გასაძლიერებლად ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ამ ცვილელებზე დებატები, ჯერჯერობით, არ გამართულა.

ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა, რადგან ქვეყანაში რაც არ უნდა ბევრი შრომის ინსპექტორი გვყავდეს, ისინი ვერ გაუმკლავდებიან თუ მოსახლეობა არ გაუწევს მონიტორინგს და არ ექნება პროტესტი, შრომის უსაფრთხოების აშკარა და ღია დარღვევებთან დაკავშირებით.

„ყველაზე მთავარია ის ხარვეზები გამოსწორდეს, რაც შეუსაბამოა ქართულ კანონმდებლობასთან. ქართული კანონმდებლობა შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან, არაერთხელ გვითქვამს იმის შესახებ, რომ უსაფრთხოება და შრომის უფლებები განუყოფელი ნაწილია. იმიტომ რომ თუ ადამიანი მუშაობს შაბათ-კვირის, შესვენების, შვებულების გარეშე, მისი ყურადღება, მისი მობილობა გარკვეულწილად შეზღუდულია და ბუნებრივია ბევრი შეცდომა მოუვა. რაც არ უნდა ბევრი შრომის ინსპექტორი გვყავდეს ქვეყანაში, თუ ჩვენ არ გავუწიეთ მონიტორინგი და არ გვექნება პროტესტი შრომის უსაფრთხოების აშკარა და ღია დარღვევებთან დაკავშირებით, რაც მშენებლობებზე შეინიშნება, ამას ვერ გაუმკლავდებიან იმდენად ნულს ქვემოთ არის სტანდარტები დასული. ამ ყველაფრის გამოსწორება, სიტუაციას გამოასწორებს, არ იქნება სამოთხე, მაგრამ არ იქნება ის უბედურება, რომ 21-ე საუკუნეში ელემენტარული ნორმებისა და სტანდარტების არარსებობის გამო 38 ადამიანი იღუპებოდეს“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top