ჩინეთში უცნობი ვირუსი, სავარაუდოდ, ზღვის პროდუქტების ბაზრობიდან გავრცელდა

ეს პერსონა

ჩინეთში გავრცელებულ ახალ ვირუსს, რომლისგანაც უკვე 9 ადამიანი დაიღუპა, შეუძლია მუტაცია და ის სწრაფად ვრცელდება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსის უცნობი შტამით დაინფიცირების 440 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დაინფიცირების წყარო ზღვის პროდუქტების ბაზრობაა, სადაც „ველურ ცხოველებთან დაკავშირებული უკანონო ოპერაციები ტარდებოდა“.

 „ჩვენ უკვე ვიცით, რომ დაავადება წარმოიქმნა ბაზრობიდან, სადაც ველურ ცხოველებზე უკანონო ოპერაციებს ატარებდნენ“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა გაო ფუმ. 

მისივე თქმით, სავარაუდოდ, „დაავადება შესაძლოა იყოს ცხოველში და ის გადავიდა ცხოველიდან ადამიანზე“.

უცნობი ვირუსი 11-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქალაქ უხანიდან გავრცელდა, დაინფიცირების შემთხვევები უკვე გამოვლინდა აშშ-ში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

უხანში საშინაო ფრინვალებისა და ველური ცხოველების გაყიდვის აკრძალვაა შემოღებული. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, პოლიცია ამოწმებდა, რამდენად სრულდება აკრძალვა.

ხელისუფლების მტკიცებით, ამჟამად ქვეყანა პრევენციისა და კონტროლის „ყველაზე კრიტიკულ ეტაპზე“ იმყოფება. მანამდე დადასტურდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

ცნობისთვის, კორონავირუსის უცნობ შტამს ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, ხველა და სუნთქვის პრობლემები.  ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ვიცე-მინისტრმა ლი ბინმა განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ დაავადება „უმეტესწილად ვრცელდება სასუნთქი გზების მეშვეობით“, თუმცა ჩინეთს ამ დრომდე არ დაუდგენია ვირუსის წყარო.

 მისივე ინფორმაციით, ცნობილია 2.197 ადამიანის შესახებ, რომლებიც ინფიცირებულ პაციენტებს ეკონტაქტებოდნენ. უხანში, სულ მცირე, 15 სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტის შედეგად.

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ვიცე-მინისტრის ინფორმაციით, მიახლოებული ჩინური ახალი წელი კიდევ უფრო გაზრდის დაავადების გავრცელების რისკს და გაართულებს მის პრევენციასა და კონტროლს.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top