არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგორში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

ეს პერსონა

18 არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგორში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"მოგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სრულად იქნა დაკეტილი მოსაბრუნი-ოძისის გადასასვლელი, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის. მათი უმეტესობა აღნიშნულ პუნქტს ყოველდღიურად, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და სოციალური სერვისების მისაღებად იყენებს, აგრეთვე, ნათესავებისა და ოჯახის წევრების მოსანახულებლად.

მოსაბრუნი-ოძისის გადასასვლელი, რომლითაც დღეში საშუალოდ 400 ადამიანი სარგებლობდა, ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება. უცნობია როდის მოხდება დაწესებული შეზღუდვის გაუქმება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას - როგორც ქართველებს, ისე ოსებს - საფრთხის წინაშე აყენებს. არაერთმა ახალგორელმა გადაადგილების აკრძალვამდე დატოვა საკუთარი სახლი და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა. ადგილზე დარჩენილები კი, რომელთა რაოდენობა 1,000 ადამიანს აღწევს, მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის, მათ შორის საკვების უკმარისობის და ყოველდღიური მოხმარების საგნებზე გაძვირებული ფასების პირისპირ აღმოჩნენ.

გადაწყვეტილება განსაკუთრებით ხანდაზმულებს შეეხო, აგრეთვე, სტუდენტებს და მათ, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. შეზღუდვამ უკვე იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე; ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით, სათანადო სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო ახალგორის ათამდე მცხოვრები გარდაიცვალა. მათ შორისაა, სოფელ იკოთის მკვიდრი, 70 წლის მარგო მარტიაშვილი, რომელიც მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის ნება არ დართო.

დეკემბერსა და იანვარში, შესაბამისად, დე ფაქტო ხელისუფლებამ გადასასვლელით სარგებლობის უფლება შეზღუდული რაოდენობის ადამიანებს მისცა - კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებსა და რამდენიმე ათეულ პენსიონერს. თუმცა, ეს ზომები დროებითი და არასაკმარისი აღმოჩნდა ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის აღმოსაფხვრელად.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ბოლოდროინდელი შეზღუდვის დაწესებამდეც საკმაოდ სავალალო იყო. ახალგორის მოსახლეობა, ეთნიკურად ქართველებით დასახლებული გალის რაიონის (აფხაზეთი) მსგავსად, დიდი ხანია განიცდის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გალისა და ახალგორის მოსახლეობის უფლებები თანდათანობით შეიზღუდა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, გადაადილების თავისუფლება და სხვა ფუნდამენტური უფლებები. ისინი კი, ვინც შეზღუდვების წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა, დე ფაქტო მთავრობების დევნის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ამის კარგი მაგალითია ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, თამარა მეარაყიშვილი, რომელიც შიშობს, რომ ცხინვალის ხელისუფლების მიმართ მის მიერ გამოთქმულმა ღია კრიტიკამ, შესაძლოა, საბოლოოდ მისი რეგიონიდან გაძევება გამოიწვიოს.

არცთუ ისე იშვიათია ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევებიც, მათ შორის, უკანონო პატიმრობა და სიცოცხლის ხელყოფა. ამას ადასტურებს დავით ბაშარულის (2014 წ.), გიგა ოთხოზორიას (2016 წ.), არჩილ ტატუნაშვილის(2018 წ.) და ირაკლი კვარაცხელიას (2019 წ.) გარდაცვალების საქმეები.

საფრთხე ემუქრება რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების მიმდებარედ, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ძალების მიერ წარმოებული „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად ადგილობრივებმა ასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო, საძოვარი და სათიბი მიწა დაკარგეს. ყოველწლიურად ასობით ადამიანს აკავებენ წარმოსახვითი საზღვრის გადაკვეთისთვის. ამის კარგი მაგალითია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის მონახულების მიზნით გადასვლისას დააკავეს.

ხელმომწერ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და დაუყოვნებელ ქმედებას მოითხოვს.

შესაბამისად, მოგიწოდებთ გაზარდოთ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის მქონე ძალაზე, რათა დაუყოვნებლივ გაიხსნას ოძისი-მოსაბრუნის გადასასვლელი, შეწყდეს სამოქალაქო პირების უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან და საერთაშორისო მონიტორინგის მისიებს მიეცეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუბრკოლებლად შესვლის შესაძლებლობა.

ასევე, მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ყველა საჭირო ზომა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების სწრაფად მისაწოდებლად", - ნათქვამია მიმართვაში. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top