რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება აშშ-ის პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას

ეს პერსონა

4 თებერვალს, ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატის წინაშე ყოველწლური მოხსენებით აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წარსდგა. ეს კონგრესის ქვედა პალატისადმი ტრამპის რიგით მესამე მიმართვა იყო.

აშშ-ის პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას არაერთი მნიშვნელოვან პროექტს შეეხო, რომელიც მისმა ადმინისტრაციამ გასული სამი წლის განმავლობაში განახორციელა.

ეS პერსონა გთავაზობთ გამოსვლის ქართულ თარგმანს და გახმოვანებას. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელთა პალატისადმი მიმართვა ქართულად ხელმისაწვდომია.

ეკონომიკა

დონალდ ტრამპის გამოსვლაში პირველი მნიშვნელოვანი საკითხი ეკონომიკა იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მილიონობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში უმუშევრობის კოეფიციენტი ყველაზე დაბალია.

  • "იმ დღიდან, რაც თქვენ მე ამერიკის პრეზიდენტად ამირჩიეთ, ჩვენ 7 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ხუთი მილიონით მეტი, ვიდრე წინა ადმინისტრაციამ. დღეს, უმუშევრობის კოეფიციენტი, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე დაბალია."
  • "საშუალო შემოსავლის ზღვრის ქვემოთ მყოფ ამერიკელთა ხელფასი 47% ით გაიზარდა. ყველაზე მშვენიერი კი ის არის, რომ დაბალი შემოსავლის მქონე მშრომელთათვის, ეს ზრდა ყველაზე საგრძნობია. ჩემი არჩევის დღიდან, სწორედ მათი ანაზღაურება გაიზარდა 16%-ით."
  • "ჩემი არჩევის შემდეგ, ამერიკის საფონდო ბირჟა 70%-ით გაიზარდა, რამაც ჩვენს ნაციონალურ სიმდიდრეს, 12 ტრილიონი დოლარი შემატა. ამან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ეს რეკორდია."

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკა ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდა

  • "მადლობას ვუხდი BOLD REGULATORY REDUCTION CAMPAIGN-ს. მათი დამსახურებით, ამერიკა, დღეს მსოფლიოში პირველი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელი ქვეყანაა."
  • "იმ უზარმაზარი პროგრესის წყალობით, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, დღეს ამერიკა ენერგოდამოუკიდებელია და სამუშაო ადგილების რაოდენობა ენერგეტიკის სფეროში, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის არაერთ სხვა დარგში, რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს."

ტრამპმა ობამას ადმინისტრაციას ეკონომიკური რეფორმები დაუწუნა და განაცხადა, რომ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ში 60 ათასი ქარხანა დაიხურა. ასევე ისაუბრა საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებზეც:

  • "ბოლო ორი ადმინისტრაციის მმართველობისას, ამერიკაში, სამოცი ათასი ქარხანა დაიხურა. ჩემი ადმინისტრაციის მმართველობის პირობებში კი, ამერიკამ თორმეტი ათასი ახალი ქარხანა ააშენა და კიდევ ათასობით და ათასობით მეტის აშენებას გეგმავს. კომპანიები არ გვტოვებენ, ისინი ამერიკაში ბრუნდებიან."
  • "ერთ-ერთი ყველაზე დიდი პირობა, რომელიც ამერიკელ ხალხს მივეცი, კატასტროფული სავაჭრო გარიგების, “ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების” (NAFTA), ჩანაცვლება იყო." 
  • "ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. ექვსი დღის წინ, მე ჩავანაცვლე  “ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება”, ახალი, აშშ.-მექსიკა-კანადის შეთანხმებით.  ახალი შეთანხმება, დაახლოებით 100 000 ახალ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შექმნის."
  • "რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ახალ, უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას ჩინეთთან, რომელიც დაიცავს ჩვენს დასაქმებულებს, დაიცავს ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებას, შემოიტანს მილიარდობით დოლარს ქვეყნის ხაზინაში და ახალი, ამერიკაში შექმნილი და გაზრდილი პროდუქტებისთვის, დიდი ბაზრების გახსნას შეუწყობს ხელს."
  • "ათწლეულების მანძილზე, ჩინეთი სარგებლობდა ამერიკით. ახლა ჩვენ ეს შევცვალეთ."


საერთაშორისო პოლიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, რომ წინა ადმინისტრაციის ჩავარდნილ პოლიტიკას კუბასთან, ამჟამინდელი ადმინისტრაცია აუმჯობესებს. ასევე, ტრამპმა დარბაზში მყოფ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ხუან გუაიდოს მიმართა და მადლობა გადაუხადა.

  • "ჩვენთან ერთად, ვენესუელის ჭეშმარიტი პრეზიდენტი იმყოფება - ხუან გუიდო. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ მიაწვდინოთ ეს შეტყობინება თქვენს ხალხს: ყველა ამერიკელი უერთდება ვენესუელელებს თავისუფლებისთვის ღირსეულ ბრძოლაში!" - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსზეც ისაუბრა. მისი თქმით, გაორმაგებულია სხვა წევრი ქვეყნების კონტრიბუცია ალიანსის ხაზინაში და ის 400 მლრდ დოლარს აჭარბებს.

 

კოსმოსი

თეთრი სახლის ლიდერმა კონგრესმენებს კოსმოსური ძალების შექმნის შესახებ ამცნო. ასევე, სხვა კოსმოსურ პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება.

  • "რამდენიმე კვირის წინ, პირველად, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ტრუმენმა, 70 წლის წინ,   საჰაერო ძალები დააარსა, ჩვენ შევქმენით სრულიად ახალი მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში - მას კოსმიური ძალები ჰქვია."
  • "ჩვენ, როგორც თავისუფალ ერს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ლიდერი სახელწიფო ვართ. ახლა დროა ეს ლიდერობა კიდევ უფრო წინ წავწიოთ, ვარსკვლავებისკენ. ვთხოვ კონგრესს, რომ მთლიანად დააფინანსოს არტემიდას პროგრამა და უზრუნველყოს, რომ შემდეგი მამაკაცი და პირველი ქალი, რომელებიც მთვარეზე დაადგამენ ფეხს ამერიკელი ასტრონავტები იყვნენ. დავიწყოთ ამით მაგრამ, ამასთანავე ვუზრუნველყოთ, რომ პირველი ერი, რომელიც მთვარეზე აღმართავს დროშას, ამერიკელი იქნება."

 

განათლება

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ყველა ამერიკელს განათლების მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ამ მიზნით კონგრესს სტიპენდიების პროგრამების დაფინანსებას სთავაზობს.

  • "ჩემი ადმინისტრაციის მიზანია მისცეს ჩვენს ყველა მოქალაქეს, ასაკისა და წარმომავლობის მიუხედავად შესაძლებლობა, რომელიც მათ სჭირდებათ." 
  • "ჩვენი ინიციატივა, ,,დაპირება ამერიკელ მშრომელებს” (Pledge to American Workers), უკვე ოთხას კომპანიაში ამოქმედდა. ეს კომპანიები 15 მილიონ ამერიკელს დასაქმების და განათლების მიღების საშუალებას მისცემენ. ჩემი ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს ჩვენი უმაღლესი სკოლების განვითარებას."
  • "დღეს, მე ვთხოვ კონგრესს, რომ გვერდში დაუდგნენ ჩვენს სტუდენტებს და მხარი დაუჭიროს ჩემს გეგმას, რომ ამერიკის ყველა უმაღლესმა სკოლამ, მოსწავლეებს,  ტექნიკური და პროფესიული განათლება შესთავაზონ.
  • თანასწორი შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებით, სიამაყით ვაცხადებ, რომ ჩვენ მივაღწიეთ შავკანიანთა ისტორიული კოლეჯებისთვისა და უნივერსიტეტებისთვის მუდმივ დაფინანსებას."

 

ჯანდაცვა

დონალდ ტრამპი სახელმწიფო დაზღვევის იდეას უპირისპირდება და კერძო დაზღვევის მნიშვნელობაზე საუბრობს.

  • "იმისთვის, რომ ამერიკელი ოჯახები კარგად ცხოვრობდნენ, საჭიროა მსოფლიოში ყველაზე ხელმისაწვდომი, ინოვაციური და მაღალხარისხიანი ჯანდაცვის სისტემა. ჩვენი ახალი პროგრამები, თითქმის 60%-ით უფრო იაფი და ხარისხიანია."
  • "ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს სამედიცინო დაზღვევის ეროვნულ პროგრამა ,,მედიქეარს” და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ თქვენს სოციალურ უსაფრთხოებას. ყოველთვის. ამერიკელი პაციენტი არასდროს გახდება სამედიცინო გადასახადების მსხვერპლი."
  • "132-მა კანონმდებელმა, რომელიც ამ დარბაზში იმყოფება, მხარი დაუჭირა კანონს, რომლიც  ჩვენს ჯანდაცვის სისტემას მეტად სოციალურს გახდის და გაანადგურებს კერძო სამედიცინო დაზღვევას, რომლითაც 180 მილიონი, ძალიან ბედნიერი ამერიკელი სარგებლობს. მათ, ვინც ახლა გვიყურებს, მინდა იცოდეთ, რომ არასდროს მივცემთ სოციალიზმს უფლებას გაანადგუროს ამერიკული ჯანდაცვა." 

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, აუცილებელია ჯანდაცვის ყველა მიმართულება ხელმისაწვდომი და ეფექტური იყოს ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

  • "მოგიწოდებთ ყველას,  მხარი დაუჭიროთ კანონპროექტს , რომლის შედეგადაც რეცეპტით გაცემული წამლების ფასი, საგრძნობლად დაიწევს. შეგიძლიათ ახლავე მომიტანოთ დოკუმენტი და მზად ვარ მოვაწერო ხელი."
  • "დაუღალავი თავდადებით ჩვენ ვებრძვით ოპიოიდურ ეპიდემიას. პირველად, თითქმის 30 წლის მანძილზე, ნარკოტიკის ზედოზირებისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ იკლო: შტატ ოჰაიოში 22%-ით, პენსილვანიაში 18%-ისთ, ვისკონსინში, 10%-ით!  ჩვენ არ შევჩერდებით, სანამ ოპიოიდურ ეპიდემიას ერთხელ და სამუდამოდ არ დავამარცხებთ."
  • "ამერიკელთა ჯანმრთელობის დაცვა, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლასაც მოიაზრებს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩინეთის მთავრობასთან და ერთად ვმუშაობთ კორონავირუსის თემაზე. ჩემი ადმინისტრაცია, ჩვენი მოქალაქეების დაცვისთვის საჭირო ყველა ნაბიჯს გადადგამს."
  • "რაც შეეხება შიდსს, ამ ათწლეულის დასასრულს ის ამერიკაში აღარ იარსებებს."
  • "მე ვთხოვ კონგრესს, რომ 50 მილიონი დოლარით გაზარდონ დაფინანსება ჩვენი ქვეყნის ყველაზე პატარა პაციენტების ნეონატალური კვლევებისთვის. სწორედ ამიტომ, კონგრესის წევრებს მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირონ კანონს, რომელიც საბოლოოდ აკრძალავს გვიან აბორტს."

მწვანე პოლიტიკა

დონალდ ტრამპი ყველასთვის მოულოდნელად მწვანე პოლიტიკას შეეხო და კონგრესს ზომების მიღებისკენ მოუწოდა. მან ასევ "ერთი მილიარდი ხის ინიციატივა" გააჟღერა.

  • "გარემოს დასაცავად, რამდენიმე დღის წინ მე გამოვაცხადე, რომ ამერიკა “ერთი მილიარდი ხის ინიციატივას” შეუერთდება."

 

ინფრასტრუქტურა

თეთრი სახლის ლიდერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, სადაც სწრაფ ინტერნეტზეც გაამახვილა ყურადღება

  • "გთხოვთ მხარი დაუჭიროთ სენატორ ჯონ ბარასოს გზატკეცილის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ინვესტიციები, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ახალი გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაში უნდა ჩაიდოს."
  • "ასევე, მინდა უზრუნველვყო ყოველი მოქალაქის წვდომა სწრაფ ინტერნეტთან, განსაკუთრებით ამერიკის რურალურ ნაწილებში."

 

შეიარაღებული ძალები

ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის წინაშე გამოსვლისას მექსიკის საზღვართან მშენებარე კედელზე და საიმიგრაციო პოლიტიკაზეც ისაუბრა.

  • "იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე ყველა ამერიკელისთვის უკეთესი იყოს, ჩვენ ვალდებულები ვართ უზრუნველვყოთ ამერიკის უსაფრთხოება. ანუ, გვერდში დავუდგეთ ნებისმიერი რანგის სამართალდამცავ კაცსა თუ ქალს."

პრეზიდენტმა იარაღის ტარების უფლების მომხრეებს, რომლებმა გასულ თვეს აქცია გამართეს, მხარდაჭერა გამოუცხადა

  • "სანამ მე ამერიკის პრეზიდენტი ვარ, მე ყოველთვის დავიცავ მეორე შესწორებას, ჩვენს უფლებას ვიქონიოთ და ვატაროთ იარაღი."

მან ახლო აღმოსავლეთზე და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზეც ისაუბრა

  • "ჩემი ადმინისტრაცია ძლიერად იცავს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს ებრძვის."

  • "ყოველ დღე, ამერიკელი კაცი და ქალი სამხედროები, განასახიერებენ სიყვარულის უსასრულო სიღრმეს, რომელიც ადამიანის გულში ბინადრობს."

  • "წინა თვეში, ამერიკის სამხედროებმა, შეუცდომელი სიზუსტით განახორციელეს დარტყმა, მოკლეს სოლეიმანი და მისი ბოროტი და საშიში მეფობაც, სამუდამოდ დასრულდა. "

  • "ირანული რეჟიმი, ბირთვული იარაღის მოსაპოვებლად მუშობას უნდა შეეშვას; მორჩეს შიშის, სიკვდილის და დესტრუქციის გავრცელებას; და დაიწყოს, საკუთარი ხალხის სასიკეთოდ მუშაობა."

  • "ამერიკელთა სიცოცხლეების დაცვისთვის, ჩვენ გვინდა დავასრულოთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები. ავღანეთში, ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცე დაგვეხმარა უდიდესი წინსვლის განხორციელებაში და მშვიდობიანი მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს."

 

რელიგია

აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესმენთა წინაშე რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

  • "ჩვენ არ ვხევთ ჯვრებს, ჩვენ არ ვკრძალავთ რელიგიურ სიმბოლოებს, ჩვენ არ ვაჩუმებთ მოძღვრებს. ამერიკაში რწმენა ზეიმია, ჩვენ ვადიდებთ რელიგიას, ლოცვაში ვმაღლდებით და ვუმზერთ ღმერთის დიდებას."

 

სიტყვით გამოსვლას წინ უძღოდა დემოკრატი კონგრესმენების მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცესი, რომლის ინიციატორიც კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი იყო. სწორედ ტრამპის და პელოსის დაპირისპირება გახდა სოციალური ქსელის განხილვის თემაც. თავდაპირველად ტრამპმა პელოსის ხელი არ ჩამოართვა, შემდეგ კი სპიკერმა პრეზიდნეტის სიტყვა დემონსტრაციულად დახია.


დონალდ ტრამპის მიმართვა - სრულად

 

გამოიწერეთ ეS პერსონა სოციალურ ქსელში

                

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top