რატომ უნდა იყოს შავი ზღვა აშშ-სა და ნატოს პრიორიტეტი

ეს პერსონა

ვაშინგტონის "ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი" აქვეყნებს სტატიას სათაურით "შავი ზღვა უნდა იყოს აშშ-სა და ნატოს პრიორიტეტი". 

ეS პერსონა გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს.

"შავი ზღვა წარმოადგენს მნიშვნელოვან გზაჯვარედინს ევროპას, აზიას და შუა აღმოსავლეთს შორის. ამ ზღვის ფსკერზე გადის ნავთობისა და გაზის მილსადენები, ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, ხოლო მის ზედაპირზე ასობით გემს ყოველდღიურად გადაჰყავთ მგზავრები და გადააქვთ ტვირთი. საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი იმპერიები იბრძოდნენ შავი ზღვისთვის. შავი ზღვა ისტორიულად წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეს ფართო ევრაზიის რეგიონში.

შავი ზღვა ასევე მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც - ქვეყნისთვის, რომელიც მისგან ათასობით კილომეტრითაა დაშორებული. მისი მნიშვნელობა ამერიკისთვის, პირველ რიგში, განპირობებულია 2 მიზეზით.

1) ამერიკის სახელშეკრულებო ვალდებულებები ნატოს ფარგლებში. 6 შავიზღვისპირა ქვეყნიდან 3 არის ნატოს წევრი: თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. კიდევ 2 ქვეყანა: უკრაინა და საქართველო მონაწილეობს ნატოს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“. გარდა ამისა, საქართველო არის ნატოს წევრობის ოფიციალური კანდიდატი.
ხსენებული ქვეყნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ადასტურებენ თავიანთ პოლიტიკურ ნებას ნატოს ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად თავიანთი ჯარების გაგზავნის თვალსაზრისით. მაგალითად, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის და საქართველოს წვლილი ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ერთად შეადგენს მთლიანი ევროპული სამხედრო ძალის მესამედს.

2) ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე - რუსეთი დამოკიდებულია შავი ზღვის რეგიონზე ენერგეტიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოების და ეკონომიკის თვალსაზრისით. დომინირება შავიზღვისპირეთში ყოველთვის წარმოადგენდა სახელმწიფოებრივი არსებობის საკითხს.

რუსეთის შავიზღვისპირა პორტები (ერთადერთი ადგილი, სადაც რუსეთის პორტები ზამთარში არ იყინება) ყოველთვის ემსახურებოდა ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს. მაგალითად, 1-ლი მსოფლიო ომის დაწყებისთვის რუსეთის ექსპორტის 50% და სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის 90% გადიოდა შავი ზღვიდან, ბოსფორის ყურის გავლით. დღეს ყოველ 15 წუთში 1 ნავთობის ტანკერი გადის იმავე მარშრუტს და გადააქვს რუსული ან ყაზახური ნავთობი (ყაზახური ნავთობი, რა თქმა უნდა, გადის რუსეთის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, მოსკოვი ამაში იღებს ტრანზიტის გადასახადს).

გარდა ამისა, რუსეთი იყენებს შავიზღვისპირა ბაზებს, რომელთაგან ბევრი განლაგებულია ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, რათა აწარმოოს სამხედრო ოპერაციები უფრო დაშორებულ რეგიონებში - სირიაში, მაგალითად.

შავ ზღვაზე რუსეთს ზურგს უმაგრებს ყირიმის უკანონო ოკუპაცია.

როცა 2013 წელს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა არ გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, ქვეყანა მრავალთვიანმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რასაც მოჰყვა კიდეც პრეზიდენტის გადაყენება 2014 წელს. პასუხად, რუსეთმა დაარღვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და გადაისროლა ჯარები ყირიმის ნახევარკუნძულზე „რუსი ხალხის დაცვის“ საბაბით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია არის 21-ე საუკუნეში უცხო ქვეყნის მხრიდან აგრესიის უპრეცედენტო აქტია. პირველად 1945 წლის შემდეგ საზღვრები ევროპაში შეიცვალა სამხედრო ჩარევის გზით. არსებითად მნიშვნელოვანია ის, რომ ანექსიამ ფაქტობრივად შუაზე გახლიჩა უკრაინის სანაპირო და არსებითად აქცია შავი ზღვა რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტბად.

რუსეთი განაგრძობს ყირიმზე თავისი მარწუხების მოჭერას და შავი ზღვის რეგიონში მოსკოვის სამხედრო გაძლიერებას. როგორც Heritage Foundation-ის 2019 წლის აშშ-ის სამხედრო ძლიერების ინდექსში ვკითხულობთ: რუსეთმა ყირიმში გააგზავნა 28 000 მებრძოლი და წამოიწყო ფართომასშტაბიანი პროგრამა: სახლების მშენებლობა, აეროდრომების აღდგენა და ახალი რადარების დაყენება. მონოლით-ბ ტიპის რადარის სისტემის (პასიური დიაპაზონი: 450 კილომეტრი) გამოყენება, მაგალითად, „აძლევს რუსეთს საშუალებას, რეალურ დროში დაინახოს შავ ზღვაზე უცხოური გემების პოზიციების მკაფიო სურათი“. გარდა ამისა, „რუსეთის ტექნიკა მოიცავს 40 ძირითად საბრძოლო ტანკს, 680 შეიარაღებულ სატვირთო მანქანას პერსონალის გადასაყვანად და სხვადასხვა ტიპის 174 საარტილერიო სისტემას“ - ასევე 113 საბრძოლო თვითმფრინავს. 2019 წლის მარტში რუსეთმა განაცხადა ოკუპირებულ ყირიმში გვარდეევსკოეს სამხედრო ბაზაზე ტუ-22M3 სტრატეგიული ბომბდამშენის გაგზავნის შესახებ, რომელსაც ბირთვული არსენალის გადაზიდვა შეუძლია.

ყირიმზე დამყარებულმა კონტროლმა მისცა რუსეთს შესაძლებლობა, გამოეყენებინა შავი ზღვა, როგორც პლატფორმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სირიის პრეზიდენტის, მხარდამჭერი საზღვაო ოპერაციების საწარმოებლად და მხარდასაჭერად. მაგალითად, მოსკოვის მხრიდან სირიის საქმეებში ჩარევის საწყის ეტაპზე რუსულმა საზღვაო სარაკეტო კრეისერმა „მოსკვა“ გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსული სამხედრო ძალებისთვის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფაში.

აღსანიშნავია, რომ ყირიმი არ წარმოადგენს შავიზღვისპირეთში რუსული ოკუპაციის ერთადერთ მაგალითს. 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში განთავსებულია მრავალრიცხოვანი რუსული სამხედრო ბაზები (დაახლოებით 4 000 ჯარისკაცი), ანუ რეგიონში, რომელიც მოიცავს შავიზღვისპირეთის სანაპიროს ასობით კილომეტრს.

აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის საქმიანობას შავ ზღვაზე ახლავს რამდენიმე გამოწვევა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ უშუალოდ შავიზღვისპირა სახელმწიფოებს. წვდომისა და მოქმედების თავისუფლების შეზღუდვის რუსული სისტემები (A2/AD) არ არის ერთადერთი მიზეზი, თუ რატომაა შავი ზღვა ესოდენ პრობლემატური, რადგან სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს დიპლომატიური და პოლიტიკური ფაქტორები.
1936 წლის მონტრეს კონვენციით იზღუდება არა-შავიზღვისპირა სახელმწიფოების საქმიანობა. კონვენციის თანახმად, თურქეთს მიენიჭა სრუტეების კონტროლის უფლება და დაწესდა შეზღუდვები სრუტეების გამოყენებაზე და შავ ზღვაზე მოქმედების უფლების მქონე არა-შავიზღვისპირა სახელმწიფოების გემების რაოდენობაზე, ტრანზიტის დროსა და ტონაჟზე. 

მაგალითად, კონვენციის თანახმად, არა-შავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო გემების ტონაჟი სრუტეში არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ტონას. არა-შავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო გემების რაოდენობა, რომელთა ტონაჟი არ აღემატება 30 000 ტონას და რომელთაც აქვთ ერთდროულად სრუტეში გავლის უფლება, არ უნდა აღემატებოდეს 9-ს; გარდა ამისა, მათ ეძლევათ შავ ზღვაში მხოლოდ 21 დღის განმავლობაში ყოფნის უფლება. ყოველივე ეს წარმოადგენს შეზღუდვებს აშშ და ნატოს წევრი არა-შავიზღვისპირა სახელმწიფოების საქმიანობაზე ამ რეგიონში.

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრიდან მალევე აშშ-მა და ნატოს სხვა წევრმა სახელმწიფოებმა გააძლიერეს თავიანთი საქმიანობა შავ ზღვაზე, თუმცა შემდეგ მათი აქტიურობა საგრძნობლად შემცირდა. მაგალითად, 2014 წელს ამერიკის საზღვაო ძალებმა ჯამში 203 დღე დაჰყვეს შავ ზღვაზე, შარშან კი - მხოლოდ 126 დღე. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ 2017 წლის თებერვალში გაკეთებული დაპირების მიუხედავად, ნატოს გემების რაოდენობა შავ ზღვაზე დღემდე არ გაზრდილა.

ამერიკას და ნატოს შეუძლიათ რიგი ნაბიჯების გადადგმა რეგიონში თავიანთი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინტერესების განსამტკიცებლად. პირველ რიგში, ამერიკა უნდა წარსდგეს, როგორც ალიანსის ლიდერი, და მოუწოდოს ნატოს შავი ზღვის სტრატეგიის შექმნისკენ. ალიანსმა უნდა შეიმუშავოს ქმედითი გზები, რათა ითანამშრომლოს შავიზღვისპირა ქვეყნებთან რეგიონის უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ნატოს დონეზე წამოყენებული ინიციატივებიდან ბევრი ვერ ამართლებს მოლოდინს.

მეორე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მოუწოდოს ნატოს ბალტიისპირეთის საჰაერო პოლიციის მისიის მოდელზე შავი ზღვის საზღვაო პატრულის მისიის შექმნისკენ, რითაც ნატო მტკიცედ მოიკიდებს ფეხს შავ ზღვაზე 1936 წლის მონტრეს კონვენციის პირობების შესაბამისად. ნატოს დაინტერესება შავი ზღვის უსაფრთხოებაში იზრდება, თუმცა ნატოს წევრი არა-შავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო გემების რაოდენობა და აქტიურობა იკლებს. შავ ზღვაზე საგრძნობი ძალის უზრუნველსაყოფად, ნატოს წევრი არა-შავიზღვისპირა სახელმწიფოები წინასწარ უნდა შეთანხმდნენ  შავ ზღვაზე რეგულარულ პატრულირებაზე როტაციის პრინციპით.

და ბოლოს, მაშინ, როცა ნატოში მიმდინარეობს „დაკვირვების პროცესი“ ალიანსის სამომავლო როლის გასარკვევად, აშშ-ის ლიდერობით შავი ზღვა შეიძლება მოექცეს სათანადო ყურადღების ცენტრში. შავი ზღვა ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია ნატოსთვის, თუმცა ჯერჯერობით მას არ ექცევა ის ყურადღება, რომელსაც იგი იმსახურებს. ნატოს კონკრეტული, მიზანმიმართული სტრატეგია და შავიზღვისპირა ქვეყნებისთვის მიწოდებული მხარდაჭერა გააჟღერებს გზავნილს, რომ ალიანსი სერიოზულად ეკიდება ამ რეგიონს.

ეს სამი რეკომენდაცია წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ნატოს ეს წლების წინ უნდა გაეკეთებინა, თუმცა გვიანი არც ახლაა. სხვა თუ არაფერი, შავი ზღვის და ფართო რეგიონის ეკონომიკური, უსაფრთხოების სფეროს და პოლიტიკური მნიშვნელობა მხოლოდ იზრდება. შავი ზღვის და ფართო რეგიონის ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის, რაც შავ ზღვაზე ხდება, მის ფარგლებს არ გასცდეს. გარდა ამისა, სახეზე იქნება გეოპოლიტიკური გავლენის შედეგები შუა აღმოსავლეთშიც. 

დღეს აშშ-სა და მის მოკავშირეებს თვითკმაყოფილების ფუფუნება არ აქვთ. ამერიკის ლიდერობით შავ ზღვას შეუძლია მიიღოს სათანადო ყურადღება, რომელსაც იგი იმსახურებს.

წყარო: MID
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top