ჩინეთის ელჩი: ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს რაც შეიძლება მალე გააუქმებს

ეს პერსონა

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთის ელჩმა, ლი იანმა ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. დიპლომატმა, მედიას ჩინეთში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ელჩმა განაცხადა ჩინეთი გააგრძელებს მჭიდრო კომუნიკაციასა და თანამშრომლობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ შორის საქართველოსთან, რომ უმოკლეს დროში დაამარცხოს ეპიდემია. მისივე თქმით,  საქართველომ მიიღო გარკვეული დროებითი ზომები ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად,  თუმცა საქართველოს მხრიდან ზედმეტი ნერვიულობა საჭირო არ არის.

"ეპიდემიის განვითარების ფონზე ქართულმა მხარემ მიიღო გარკვეული პრევენციული ზომები, როგორიცაა აეროპორტებში სხეულის ტემპერატურის მონიტორინგი და ა.შ. გვჯერა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის მჭიდრო კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, შევძლებთ ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლს. ქართველ ხალხს რაციონალური დამოკიდებულება აქვს ეპიდემიის მიმართ და თანაგრძნობას გამოხატავს ჩინეთისადმი. ზოგიერთმა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციამ დახმარების ხელიც გაუწოდა ჩინეთს. თუმცა ამავდროულად, მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მცდარი და არამეგობრული განცხადებები ეპიდემიისა და ჩინეთის წინააღმდეგ. ჭორები და მცდარი ინფორმაცია უფრო საშიშია ვიდრე ვირუსი. ეპიდემიასთან ბრძოლაში, მსოფლიოს ხალხი ლხინსა და ჭირში ერთად მდგომი საერთო ბედის საზოგადოებაა. გარდა ამისა, საქართველომ მიიღო გარკვეული დროებითი ზომები ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მათ შორისაა პირდაპირი ფრენების შეჩერება და ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის აკრძალვა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მხრიდან არ არის საჭირო ზედმეტი ნერვიულობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცხადყო, რომ ჩინეთზე სამოგზაურო და სავაჭრო შეზღუდვები არ არის რეკომენდებული. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო ამ დროებით ზომებს რაც შეიძლება მალე გააუქმებს, ჩინეთსა და საქართველოს შორის ჩვეული მიმოსვლისა და მიმდინარე პროექტების შეუფერხებელი წინსვლის უზრუნველსაყოფად, რათა ერთობლივად შევუწყოთ ხელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უწყვეტ და ჯანსაღ განვითარებას და სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობას“, – განაცხადა ელჩმა.

0
0
0
0
0
კომენტარები

ეს პერსონა
Top