ჩინეთიდან ჩამოსული კიდევ ერთი მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ეს პერსონა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც ჩინეთიდან 8 თებერვალს დაბრუნდა​. 19 წლის მამაკაცი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, პაციენტის მონაყოლით, ავად ჩინეთში ყოფნის პერიოდში გახდა, სადაც ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და კორონავირუსი არ დაუდასტურდა. თუმცა, პაციენტმა ჩამოსვლის შემდეგ დაბალი ტემპერატურის გამო მაინც მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. მას ანალიზებს ხვალ დილით აუღებენ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება და პასუხი ხვალ, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება 26 წლის ქალს, რომელიც კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს, მას კვლევის პასუხებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„დღეს დილით შემოვიდა 26 წლის ახალგაზრდა ქალი. ის შემოვიდა სომხეთის გავლით, გამოიარა სახმელეთო საზღვარი. იქ გასინჯეს, დაუფიქსირდა ტემპერატურა 37.5 და გადმოიყვანეს აქ. მისი მდგომარეობა მძიმე არ არის, მსუბუქია. აუღეს ნაცხი ხახიდან. არც გრიპის ვირუსი აღმოჩნდა და არც კორონავირუსი. ამ ქალთან დიაგნოზი მოიხსნა, რადგან ლაბორატორიულად უარყოფილია და კლინიკურადაც არანაირი ეჭვი არ არის. მას აქვს გაციებითი დაავადება. ჯერ რჩება საავადმყოფოში. სავარაუდოდ ხვალ გაეწერება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top