ტოპ 5 ცნობილი შედევრი, რომელიც საიდუმლოს ინახავს

ეს პერსონა

,,ვიცი, რომ არაფერი ვიცი” ამბობს სოკრატე და რაც უფრო მეტი დრო გადის,  ბრძენი ათენელის ფრაზა უფრო რეალური ხდება. ამას ხელოვნების ისტორიაც ადასტურებს. Რაც უფრო მეტს ვიკვლევთ ხელოვნების ნიმუშებს, მით უფრო იდუმალი ხდება ეს სამყარო ჩვენთვის. ავტორები ტოვებენ შედევრებს, თუმცა თან მიაქვთ გასაღები, რომლითაც დიდი საიდუმლოების ამოხსნაც შეიძლება. 

მაშ ასე, უსასრულო ვარაუდისთვის განწირულები, წარმოგიდგენთ ხელოვნების ისტორიაში ყველაზე მისტიურ 5 შედევრს:

1. ვინსენტ ვან გოგის კაფის ტერასა ღამით შესაძლოა საიდუმლო სერობას ასახავდეს


 

ვან გოგის 1888 წელს შესრულებული ფერწერული ტილო, ღამის არლის ვიწრო ქუჩას, კლასიკურ ფრანგულ კაფეს და პატარა მრგვალი მაგიდების ირგვლივ, მყუდროდ მოფუსფუსე ადამიანებს ასახავს. თუმცა შესაძლებელია, რომ ამ, ერთი შეხედვით  მყუდრო, ურბანულ პეიზაჟში რელიგიური სიმბოლიკაც იმალებოდეს. 

ბოლო პერიოდში, ხელოვნების სამყაროს კიდევ ერთი კონსპირაციის თეორია შეემატა, რომლის თანახმადაც, კაფის ტერასა ღამით, საიდუმლო სერობის ალუზიაა. და მართლაც, თუ ნახატს კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ პატარა კაფეში, სწორედ თორმეტი სტუმარი ვახშმობს, რომლიდანაც ერთ-ერთი ტოვებს დაწესებულებას. ოფიციანტი კი გრძელთმიანი მამაკაცია, რომელიც თეთრ კვართში გვევლინება და მის უკან,ფანჯარაში, ჯვრის ფორმა იკვეთება. რამეს ხომ არ გახსენებთ ეს სიუჟეტი?


დამოუკიდებელი მკვლევარი ჯარედ ბაქსტერის თანახმად, ნიდერლანდელი გენიოსი ყველა იმ სიმბოლოს და კომპოზიციურ ელემენტს იყენებს, რომელიც საიდუმლო სერობის ამსახველ სხვა, კლასიკურ ტილოებშია გამოყენებული. განსაკუთრებით ცხადია პარალელი ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობასთან (1495-1498).


ბაქსტერი, ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ვან გოგის წერილს იყენებს, რომელიც ფერმწერმა თავის ძმას, სწორედ ამ ტილოს შექმნის პერიოდში გაუგზავნა. წერილში ნახსენებია კაფის ტერასა ღამით  და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად საიდუმლო სერობის შესახებ ის არაფერს ამბობს, ვან გოგი წერს: ,,მე მაქვს უზარმაზარი საჭიროება,  არ ვიცი ვთქვა თუ არა ეს სიტყვა - რელიგიის”.

აღსანიშნავია, რომ ბაქსტერი არ არის ერთადერთი მკვლევარი, რომელმაც ვან გიგის ნამუშევრებში ქრისტიანული სიმბოლიკა აღმოაჩინა. იაპონელი ხელოვნებადმცოდე ტსუკასა კოდერას არა-ერთი წიგნი, სწორედ ვან გოგის ნამუშევრებში ნაპოვნ, ქრისტიანულ სიმბოლოებზეა. 

UCLA-ს პროფესორი დებორა სილვერმენიც, თავის წიგნში ვან გოგი და გოგენი: წმინდა ხელოვნების ძიება (Van Gogh and Gauguin: The Search for Sacred Art) წერს: ,,1888 წლისთვის, ვან გოგის შემოქმედება სიმბოლისტურ პროექტად იქცა, რომელსაც ‘წმინდა რეალიზმი’ შეგვიძლია ვუწოდოთ”. 

 

2. მიქელანჯელოს ადამის შექმნა ადამიანის ტვინის ანატომიური ილუსტრაციაა

ყველამ ვიცით, რომ მიქელანჯელო მხატვრობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოღვაწეა. და, როგორც ბევრ სხვა რენესანსის პერიოდის მხატვარს, მასაც იტაცებდა მეცნიერება. მიქელანჯელო ანატომისტი იყო. ლეონარდო და ვინჩის მსგავსად, ისიც იპარავდა გვამებს, კვეთდა მათ სხეულებს და აკეთებდა ჩანახატებს, რათა უკეთ გაეგო როგორია ადამიანი შიგნიდან. მედიცინის დოქტორი ფრენკ ლი მეშბერგერის თანახმად, მიქელანჯელოს ანატომიური ცოდნა, სიქსტეს კაპელის ცენტრალურ ფრესკაშიც, ადამის შექმნა, ცხადად ჩანს. დოქტორი, თავის სტატიაში "მიქელანჯელოს ადამიანის შექმნის ინტერპრეტაცია ნეიროანატომიაზე დაყრდნობით" (An Interpretation of Michelangelo’s ‘Creation of Adam’ based on Neuroanatomy) ამტკიცებს, რომ მამა ღმერთის ფიგურა, ადამიანის ტვინის ზუსტი რეპრეზენტაციაა. 

თავისი თეორიის დასამტკიცებლად, მეშბერგი ფრენკ ნეტერის, სამედიცინო ილუსტრაციების კრებულის (Collection of Medical Illustrations) ილუსტრატორის ნახაზებს იყენებს და მათ მიქელანჯელოს ნახაზებს ატარებს. 

მარცხნივ (ფიგურები 1 და 3)  ტვინის, მარჯვნივ (ფიგურები 2 და 4) კი მიქელანჯელოს შედევრის მონხაზებია. როგორც მეშბერგი წერს: ,,სარტყელისებრი ხვეული მამა ღმერთის წინ მყოფი ანგელოზის ბარძაყიდან იწყება, მის მხარს მიჰყვება და ევას შუბლამდე გრძელდება. მოფარფატე მწვანე ნაჭერი, ფიგურის ქვედა ნაწილში, მოგრძო ტვინის ფორმას იმეორებს [...]. ანგელოზის ზურგი, რომელიც ბუკვალურად მამა ღმერთის ქვეშაა, ტვინის ხიდს ასახავს ხოლო მისი თეძოები და ფეხი - ზურგის ტვინს. ნაჭრის მარცხნივ მოთავსებული ანგელოზის ფეხი, ჰიპოფიზს ჰგავს. დააკვირდით იმას, რომ ღმერთსაც და ადამსაც, ტერფზე, ხუთ-ხუთი თითი აქვთ, ხოლო ანგელოზის ფეხი, რომელიც ჰიპოფიზის ამსახველია, ჩლიქის მაგვარია რათა უფრო დაემსგავსოს ტვინის ამ ნაწილს”. 

მეშბერგის აზრით,  მიქელანჯელო მამა ღმერთსა და ადამიანის ტვინს შორის ალუზიაში, ფილოსოფიურ სათქმელს აქსოვს. მეშბერგი Მხატვრის სონეტებზე დაყრდნობით , თვლის, რომ სათქმელი შემდეგია: ,,წმინდა ნაწილაკი”, რომელსაც ,,ჩვენ ღმერთისგან ვიღებთ”, ,,ინტელექტია” (მეშბერგი ციტირებს წიგნიდან: The Comlete Poems of Michelangelo).


3. ქრისტეს ქანდაკება ადამიანის ნამდვილი კბილებით

რესტავრატორებმა, მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ნაციონალური ინსტიტუტიდან, რომლებიც ზუმპაგოში, ქრისტეს ქანდაკებაზე მუშაობდნენ, სკულპტურის პირში ადამიანის რვა ნამდვილი კბილი აღმოაჩინეს. მსგავს ქანდაკებებს ხშირად აქვთ კბილები, თუმცა ისინი ძირითადად ხისგანაა გამოთლილი. პირველად მოხდა, რომ ქანდაკებას ადამიანის ნამდვილი კბილები აქვს. 

ამის დადგენა, მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რესტავრატორებმა ქანდაკება X-სხივების ქვეშ მოათავსეს.  ქანდაკება დაახლოებით 300 წლის არის, აქედან გამომდინარე უცნაურია, რომ კბილები იდეალურ მდგომარეობაშია.  ის რომ ფიგურას პირი თითქმის დახურული აქვს და მისი კბილების დანახვა მხოლოდ ქანდაკების ქვემოდან დაკვირვებისას არის შესაძლებელია, მომხდარს კიდევ უფრო მისტიურ ელფერს სძენს.

იმის გარკვევა თუ ვის ეკუთნოდა კბილები, ცხადია შეუძლებელია. არსებობს მოსაზრება, რომ კბილები ცოცხალ ადამიანს იძულებით ამოუღეს; თუმცა,  როგორც, რესტავრატორთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ფანი უნიკელი თვლის, კბილები სავარაუდოდ მრევლის რომელიმე წევრის შემოწირულობაა. მსგავსი პრაქტიკა მე-17-ე საუკუნის მექსიკაში ხშირი იყო, თუმცა შემოწირულობა შემოიფარგლებოდა ტანსაცმლით ან თმით, რომელსაც პარიკების შესაკერად იყენებდნენ. ,,თანამედროვე ადამიანისთვის, ეს ყველაფერი სიგიჟეა [...] ის თუ როგორ აღიქვამდნენ მაშინ სხეულს, ჩვენი აღქმისგან ძალიან განსხვავდება” ამბობს უნიკელი. 


4. ამოუცნობი მფრინავი ობიექტი XV საუკუნის ნამუშევარზე

დომენიკო ჯირლანდაიომ მადონა წმინდა იოანესთან ერთად XV საუკუნეში დახატა, თუმცა ეს ხელოვნების ნიმუში, დღემდე, ხელოვნებადმცოდნეთათვის, ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ნამუშევარია. ერთი შეხედვით, ნახატი იმ პერიოდისთვის ყველაზე ხშირ თემას, წმინდა მარიამს, იესოს და იოანე ნათლისმღებელს ასახავს, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით მარჯვენა კუთხეს, წმინდა მარიამის მხრის ზემოთ უცნაურ ობიექტს დაინახავთ ხოლო მხრის გასწვრივ მამაკაცის ფიგურას, რომელიც ამ ობიექტს შესცქერის.


ობიექტი მფრინავ თეფშს ჰგავს, თან ისიც ცხადია, თუ რამდენად ხაზგასმულია ობიექტის ნათება. ამის გამო, ბევრი თვლის, რომ ნახატი, სწორედ უცხოპლანეტელების არსებობის დასტურია. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც თეორეტიკოსები იყენებენ, წმინდა მარიამის პოზაზეა დაყრდნობილი. მათი აზრით, ის ბავშვებს ეფარება და ლოცვით, ამო-სგან იცავს. უცნაურია ისიც, რომ მადონას შარავანდედი არ აქვს. ესეც, მოცემული თეორეტიკოსებისთვის მფრინავი თეფშის ბრალია. 

ცხადია ამ თეორიას ბევრი ეწინააღმდეგება. ობიექტი, რომელიც ჯირლანდაიომ დახატა შეიძლება ანგელოზი იყოს, ან სულაც ნათელი ვარსკვლავი. ამ არგუმენტს ამყარებს ობიექტის მოპირდაპირე მხარეს ასახული ბეთლემის ვარსკვლავიც. სავარაუდოა, თუმცა ნაკლებად შესაძლებელი ისიც, რომ ობიექტი რომელიმე ქრისტიანული სიმბოლა, რომელის მნიშვნელობაც, დღემდე კაცობრიობას ვერ შემორჩა.


5. მოხუცი მეთევზე რომელიც ერთდროულად ღმერთიც არის და ეშმაკიც 

უნგრელი ავანტ-გარდისტი ფერმწერი, ტივადარ კოსტრა ჩონტრარის მოხუცი მეთევზე, ხელოვნების ისტრიაში ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური ტილოა - მისი დანახვისთვის ადამიანის თვალი არ კმარა. 
ერთი შეხედვით სანაპიროსთან მდგომი დაბერებული კაცის პორტრეტი, სინამდვილეში მეტაფიზიკის მთავარ საკითხს,  კეთილსა და ბოროტს შორის თანაარსებობის პრობლემას ასახავს.

იმისთვის, რომ ეს ცხადი გახდეს, საკმარისია ნახატის ცენტრში სარკე მოათავსოთ. თუ აირეკლება მარცხენა მხარე - მეთევზე ღმერთად გადაიქცევა, რომელიც დამშვიდებული ზღვის ფონზე, კეთილი თვალებით მაყურებელს შესცქერის.

მაგრამ, თუ მარცხენა მხარეს არეკლავთ, იგივე მეთევზე ეშმაკად იქცევა, ხოლო დამშვიდებული ზღვა, შტორმად. 




 

1
0
1
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top