"საქართველოში ფსიქოლოგიური შეხედულებების შეცვლა უნდა მოხდეს" - ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში

ეს პერსონა

ვფიქრობ, საქართველოს ზოგადი ტრაექტორია წარმატებულია და ის რეგიონში ჯერ ისევ დემოკრატიის შუქურაა, - ამის შესახებ  ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ  "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. ყოფილი ელჩი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად პროგრესისა, ქვეყანაში არის რიგი პრობლემები. კერძოდ, მისი თქმით,  ადგილი აქვს არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის აქტივისტების საქმიანობის შეზღუდვის მცდელობას:

"არ მინდა საქართველოს მიმართ მკაცრი ვიყო. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, რომელიც მომავალ წელს 30 წლის გახდება. ვფიქრობ, საქართველოს ზოგადი ტრაექტორია წარმატებულია და ის რეგიონში ჯერ ისევ დემოკრატიის შუქურაა. მთავრობები წარმატებით ებრძოდნენ კორუფციას, ქვეყანამ შეძლო ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ცდილობს განათლების პრობლემის დაძლევას და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის უნაკლო, საქართველოში არსებობს შედარებით თავისუფალი მედია და არასამთავრობო სექტორს მუშაობის საშუალება ეძლევა. მაგრამ ეს პროცესი უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს.

დემოკრატია რთულად ასაშენებელი ინსტიტუტია. რა თქმა უნდა, ყველა მთავრობას სურს ხელისუფლებაში დარჩეს. მაგრამ დემოკრატიის ძირითადი ღირებულება შემოწმებისა და ბალანსის სისტემაა, სადაც ოპოზიცია ასრულებს საკუთარ როლს. ლეგიტიმურია ის, რომ ოპოზიციამ აკრიტიკოს მთავრობა, კითხვები დასვას მის საქმიანობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებს აბსოლუტურად მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ.

 ის, რასაც ვხედავ ძალიან მაწუხებს. ეს მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში ხდება, მათ შორის, რუსეთშიც, რომ მთავრობა ცდილობს არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის აქტივისტების შეზღუდვას. ამასთან, არის მცდელობა შეიქმნას შეხედულება, რომ ეს არ არის პატრიოტული საქმიანობა და თუ გაბედე მთავრობის კრიტიკა, ეს არ არის პატრიოტული და ერთგვარად სახელმწიფოს მტერი ხარ".

კითხვაზე, თუ რას ურჩევდა ის მთავრობასა და ოპოზიციას, ყოფილი ელჩი შემდეგნაირად პასუხობს:

"ადამიანებმა, რომლებიც საქართველოდან მიცნობენ, იციან, რომ ჩემთვის ეს პერსონალურია. საქართველოში ელჩობის დროს, ყოველთვის მკაფიოდ ვამბობდი იმას, რომ არავის მხარეს არ ვიყავი. ვფიქრობ, საქართველოში ფსიქოლოგიური შეხედულებების შეცვლა უნდა მოხდეს. ყველამ უნდა მიიღოს ის, რომ კარგი ადამიანები მუშაობენ მთავრობაშიც და კარგი ადამიანები არიან ოპოზიციაშიც. და მათ უნდა შეძლონ თანამშრომლობა.

როცა საქართველოში ვიყავი, რეგულარულად ვურთიერთობდი როგორც მთავრობასთან, ასევე ოპოზიციასთან. ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც არც მთავრობაში იყვნენ და არ ოპოზიციაში. ბევრი ძალიან კარგი ადამიანი იყო ამ ჯგუფებში. მაგრამ როცა ვინმეს ვეტყოდი, რომ მუშაობა მთავრობაში შეეძლო დაეწყო, ან დალაპარაკებოდა ოპოზიციის წარმომადგენელს, ამაზე რეაქცია ძალიან მყისიერი იყო - არა მაგას ვერ დაველაპარაკები, ეგ ნაც-მოძრაობის წევრია, ან მეორე იტყოდა, არა იქ რა მინდა ეგ ქართული ოცნებააო. ძალიან ხშირად, მათი სურვილები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა. შეწყვიტეთ ძალაუფლებისთვის ბრძოლა, დაიწყეთ შეჯიბრი ქართველი ამომრჩევლის ხმების მისაღებად. შეწყვიტეთ ერთმანეთთან ბრძოლა, მოუსმინეთ მეორე მხარეს, გადით რაიონებში და მოუსმინეთ ქართველ ხალხს -- უმუშევრობა, განათლება, ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვა -- ესაა თემები, რომლებზეც მათ უნდა იმუშაონ".

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top