"ისეთი პანიკაა, ხალხი ქუჩაში არ გამოდის" - მილანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ეს პერსონა

ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ მილანში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ექვსი ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

ეS პერსონა მილანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქე მაია მინდიაშვილს ესაუბრა. მან დეტალურად მოგვიყვა მილანში კორონავირუსის გავრცელების შესახებ. მისი თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსი ჩინეთის მოქალაქემ ერთ-ერთ მამაკაცს გადასდო, რის შემდეგაც ვირუსით სხვა ადამიანებიც დაინფიცირდნენ.

"აქ, მილანიდან ოცი წუთის სავალზე, არის პატარა ქალაქი, სადაც  ერთ-ერთი კომპანიის კორპორატიული წვეულება იყო. იქ ჩინეთის მოქალაქეც იმყოფებოდა. ჩინელმა კორონავირუსი გადასდო ერთ-ერთ სტუმარ მამაკაცს, მან კი თავის ორსულ ცოლს. ორსულმა ცოლმა გადასდო   იმ წვეულებაზე მყოფ სხვა ადამიანებს. თავდაპირველად ამბობდნენ, რომ სამი შემთხვევა დაფიქსირდა და ახლა აღმოჩნდა რომ ექვსი ადამიანია დაინფიცირებული. ვინც იმ წვეულებაზე იყო, ყველა ჰყავთ კარანტინში და ყველას ამოწმებენ." - ამბობს ჩვენთან საუბარში მილანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.

თავდაპირველად იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო ვირუსით დაინფიცირების სამ შემთხვევას ადასტურებდა, თუმცა შემდეგ მათი რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. მაია მინდიაშვილი ამბობს, რომ ქალაქში პანიკაა და ხალხი ქუჩაში გამოსვლისგან თავს იკავებს.

"ტელევიზორი რომ ჩავრთე მეორედ მოსვლაა, მაშინვე გამოვრთე. ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხალხი პანიკაშია, მეტროთი და ავტობუსით აღარ დადიან.' - ამბობს მინდიაშვილი.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო შეშფოთებული არიან მილანის მოდის კვირეულის სტუმრებიც. ბელა ჰადიდი ამბობს, რომ ის ფაქტით ძალიან შეწუხებულია. რამდენიმე მოდელი კი კვირეულზე განსხვავებული ჩაცმულობითაც მივიდა.

იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ პირველად 31 დეკემბერს გახდა ცნობილი. მაშინ ვირუსი ორ ჩინელ ტურისტს აღმოაჩნდა, რომელთა მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 77 ათასს აღწევს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 2 250 ადამიანს შეადგენს.

1
1
16
16
9
კომენტარები
ეს პერსონა
Top