რატომ მყარდება ლარი - ეკონომისტის შეფასება

ეს პერსონა

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. თუ ეროვნული ბანკის მიერ ნოემბრის ბოლოს დადგენილი ოფიციალური კურსით დოლარი 2.97 ლარი ღირდა, დღეს კი 2.79-მდეა ჩამოსული.

"გალტ & თაგარტის" მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების განყოფილების უფროსი ლაშა ქავთარაძე ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ახსნა, თუ რატომ მყარდება ლარი.

"ამ დღეებში ისმის კითხვა, ლირა უფასურდება, რუბლი უფასურდება, კორონავირუსის საფრთხეები გაზრდილია, რომლის გამოც დროებით შეჩერებულია ჩინეთიდან და ირანიდან პირდაპირი ფრენები საქართველოში, და ამ დროს ლარი მყარდება, რატომ?

პასუხი ამაზე არის რამდენიმე ფაქტორის ერთობლივად მოქმედება:

1) გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, რომ არარეზიდენტი ინვესტორების ინტერესი გაიზარდა მთავრობის ფასიანი ქაღალდების მიმართ, იანვრის მონაცემით გაოთხმაგებულია მათ მიერ შესყიდული სახაზინო ობლიგაციები;

2) უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო ნორმის დაწევამ საგრძნობლად გადაამისამართა ლარის სესხებიდან ევროს სესხებზე მოთხოვნა;

3) მთავრობის ხარჯვა დაგეგმილზე ნაკლები იყო იანვარში;

4) საგარეო შემოდინებების პოზიტიური ტრენდი წელსაც სახეზეა (იანვარში ტურიზმიდან შემოსავლები 17.6%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები 8.6%-ით გაიზარდა ;

5) სავაჭრო დეფიციტი წლიურად არ გაზრდილა, რადგან ექსპორტის ზრდის ტემპი 2.5-ჯერ მეტი იყო იმპორტის ზრდის ტემპზე;

6) ეროვნულმა ბანკმა გააჩინა ბაზარზე პოზიტიური მოლოდინი ლარის გამყარების კუთხით; უფრო მეტიც სებ-მა განაცხადა რომ ინტერვენციებს არ განახორციელებს;

7) სეზონური გამყარების მოლოდინის ფონზე მეანაბრეებმა დოლარის დეპოზიტები დააკონვერტირეს ლარში (დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდა იანვარში);

ამჟამად, ლარის გამყარების ტრენდი შეიძლება შეიცვალოს სწრაფად, თუ კორონავირუსის გამო მთავრობა იძულებული გახდება ფრენები შეაჩეროს სხვა ქვეყნებიდანაც..." - წერს ლაშა ქავთარაძე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7905 ლარი ეღირება, ევრო - 3.0782 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.5975 ლარი.

2
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top