რა გავლენა ექნება კორონავირუსს საქართველოს ეკონომიკაზე

ეს პერსონა

საინვესტიციო კომპანია "გალტ & თაგარტმა" გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენაა განხილული. კვლევის ავტორების თქმით, 2020 წლისთვის ორ ძირითად რისკს განიხილავდნენ, თუმცა მათ კორონავირუსი დაემატა.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, არჩევნებთან დაკავშირებული გაურკვევლობა და ახლა უკვე კორონავირუსი 2020 წლის ძირითად რისკებად სახელდება.  ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინეთთან და ირანთან ფრენების აკრძალვა ეკონომიკაზე სუსტ გავლენას იქონიებს, თუმცა ვირუსმა გლობალური ეკონომიკის შემცირება გამოიწვია (რასაც ამ ეტაპზე ვარაუდობენ) და ეს ჩვენ ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება.

          ,,საქართველოს გააჩნია ეკონომიკაზე კორონავირუსის       
             გავლენის შესამცირებელი ბერკეტები"     

თუ კორონავირუსის საფრთხე გახანგრძლივდა და მსოფლიო ეკონომიკა შემცირდა, მაშინ საფრთხეები შეექმნება ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროებს. მაგრამ "გალტ & თაგარტის" ეკონომისტები ფიქრობენ, რომ  საქართველოს ვირუსის გავლენის შესამცირებელი ბერკეტები გააჩნია:

ტურიზმი

"ვირუსის ხანგრძლივობის მიუხედავად ნეგატიური გავლენა ტურიზმზე მოსალოდნელია. საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთთან და ირანთან. ამ ქვეყნების წილი მთლიან ვიზიტორებში და ტურიზმის შემოსავლებში მცირეა და ყოველთვიურად ფრენების აღდგენამდე მცირე შემოსავლები დაგვაკლდება. თუმცა, ვირუსთან დაკავშირებული პანიკის გამო, სავარაუდოდ სხვა ქვეყნის ვიზიტორებიც შეიკავებენ თავს მოგზაურობისგან და შესაბამისად ტურიზმის დანაკარგები გაიზრდება. თუმცა წინასწარ ძნელია ამ პოტენციური დანაკლისის პროგნოზირება." - წერია ანგარიშში.

უძრავი ქონება

ტურიზმის შემცირებას შესაძლოა ნეგატიური გავლენა უძრავი ქონების ბიზნესზე ჰქონდეს:

"ამ კუთხით მოსალოდნელია გაყიდვების შენელება, მათ შორის უცხოელების მხრიდან. შესაბამისად, მოსალოდნელია ბინათმშენებლობის შენელება, თუმცა სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება მშენებლობის სექტორის კლებას გარკვეულწილად შეანელებს"

ნავთობის ფასი და ფულადი ნაკადები

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელია ნავთობის ფასის შემცირება, რასაც ამავე დროს უარყოფითი ეფექტიც აქვს:

"ვირუსის შედეგად მსოფლიოში ნავთობის ფასები ეცემა, რაც საქართველოს როგორც ნავთობ-იმპორტიორი ქვეყნისთვის ხელსაყრელია. თუმცა, ნავთობის ფასების მნიშვნელოვან შემცირებას უარყოფითი ეფექტიც აქვს, რადგან რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემცირდება ფულადი ნაკადების შემოდინება. შესაბამისად, ჯამური გავლენა შეიძლება უარყოფითიც იყოს, როგორც ეს 2015-16 წლებში იყო."

ლარის კურსი

"ტურიზმის შემოსავლების მოსალოდნელი შემცირება ლარზე უარყოფითად აისახება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები (რეზერვები, პოლიტიკის განაკვეთი, და სხვ.) რომ შეაკავოს ლარის ზედმეტი გაუფასურება, რომელიც საზიანო იქნება ეკონომიკისთვის" - ნათქვამია ანგარიშში.

სასაქონლო ფასები

ეკონომისტები საქართველოში ფასების მკვეთრ ზრდას არ ელოდებიან:

"იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის გახანგრძლივების შემთხვევაში მსოფლიო სასაქონლო ფასები შემცირდება, შესაბამისად საქართველოში ფასების მკვეთრ ზრდას არ ველით, რასაც ასევე სუსტი მოთხოვნაც შეაკავებს".

ეკონომიკური ზრდა

"ტურისტული შემოსავლების მკვეთრი ვარდნის შემთხვევაში, ჩვენ ვფიქრობთ რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს გააჩნიათ შესაბამისი ბერკეტები, რომ ეკონომიკური ზრდა დადებითი დარჩეს 3%-ის ფარგლებში. მთავრობას აქვს საკმარისი ფისკალური სივრცე - მთავრობის ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი დაბალია და ამ პარამეტრების პირობებში უკვე გააჩნია ბუფერი 700 მლნ ლარის ოდენობით. ამ ფულს 2020 წლის ბიუჯეტის კანონით მთავრობა დეპოზიტზე აგროვებს და შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მისი გამოყენება და ეკონომიკის წახალისება".


 საქართველოს საგარეო შემოსავლები ჩინეთიდან

საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ფრენები აკრძალა კორონავირუსის საფრთხის ასაცილებლად. "გალტ & თაგარტის" შეფასებით ფრენების აღდგენამდე (აპრილი 2020) ყოველთვიური დანაკლისი დაახლოებით 2.5 მლნ აშშ დოლარი და 4,000 ვიზიტორი იქნება ჩინეთიდან.


საქართველოს საგარეო შემოსავლები ჩინეთიდან 2019 წელს


საქართველოს საგარეო შემოსავლები ირანიდან

საქართველომ ირანთან მიმოსვლა აკრძალა კორონავირუსის საფრთხის ასაცილებლად. "გალტ & თაგარტის" შეფასებით, მიმოსვლის აღდგენამდე ყოველთვიური დანაკლისი დაახლოებით 8 მლნ აშშ დოლარი და 11,000 ვიზიტორი იქნება ირანიდან.


საქართველოს საგარეო შემოსავლები ირანიდან 2019 წელს
ცხრილი: "გალტ & თაგარტი"


საქართველოს ეკონომიკური კავშირები

საქართველოს დივერსიფიცირებული ეკონომიკური კავშირები აქვს, რაც ამცირებს ნეგატიური ეფექტების გადმოცემას ცალკეული პარტნიორი ქვეყნებიდან. 


ეკონომიკური კავშირები (ექსპორტი, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები), %-ლი წილი მთლიან საგარეო შემოსავლებში, 2019 წელი 
ცხრილი: "გალტ & თაგარტი"


ფისკალური დეფიციტი

მთავრობის ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი ხელსაყრელ დონეზეა, და 2020 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 700 მლნ
ლარის ბუფერის გათვალისწინებით. ეს ბუფერი მთავრობას მოქნილობას ანიჭებს და შეუძლია საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ეკონომიკის წასახალისებლად. 


ცხრილი: "გალტ & თაგარტი"

მთავრობის ვალი

მთავრობის ვალი დაბალ ნიშნულზეა. 2019 წლის ბოლოს მთლიანი მთავრობის ვალი მშპ-ს 40.3%-ია, საიდანაც საგარეო ვალი მშპ-ს 31.9%-ია და საშინაო ვალი მშპ-ს 8.4%-ს შეადგენს. ამასთან, საგარეო ვალი საკმაოდ შეღავათიანია - საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 2.1%-ია ხოლო ვადიანობა 22 წელია.


ცხრილი: "გალტ & თაგარტი"

ანგარიშის ავტორები ევა ბოჭორიშვილი (კვლევების დეპარტამენტის უფროსი) და ლაშა ქავთარაძე (მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების უფროსი) არიან. დოკუმენტი "გალტ & თაგარტმა" 28 თებერვალს გამოაქვეყნა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top