ევროპის რომელ ქვეყნებში დაფიქსირდა კორონავირუსი? - ბოლო მონაცემები

ეს პერსონა

ევროპაში, აზიის შემდეგ, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სწრაფად ვრცელდება ვირუსი იტალიაში, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი 1128-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა 29-ს აღწევს.

იტალია

იტალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები 30 იანვარს დაიფიქსირდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვირუსი ორ ჩინელ ტურისტს აღმოაჩნდა.

მოგვიანებით, იტალიური მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ვირუსის სავარაუდო წყარო 38 წლის იტალიის მოქალაქე იყო. 

ეS პერსონა მილანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქე მაია მინდიაშვილს ესაუბრა. მან დეტალურად მოგვიყვა იტალიური მედიის ვარაუდის შესახებ. მისი თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსი ჩინეთის მოქალაქემ ერთ-ერთ მამაკაცს გადასდო, რის შემდეგაც ვირუსით სხვა ადამიანებიც დაინფიცირდნენ.

"აქ, მილანიდან ოცი წუთის სავალზე, არის პატარა ქალაქი, სადაც  ერთ-ერთი კომპანიის კორპორატიული წვეულება იყო. იქ ჩინეთის მოქალაქეც იმყოფებოდა. ჩინელმა კორონავირუსი გადასდო ერთ-ერთ სტუმარ მამაკაცს, მან კი თავის ორსულ ცოლს. ორსულმა ცოლმა გადასდო   იმ წვეულებაზე მყოფ სხვა ადამიანებს. თავდაპირველად ამბობდნენ, რომ სამი შემთხვევა დაფიქსირდა და ახლა აღმოჩნდა რომ ექვსი ადამიანია დაინფიცირებული. ვინც იმ წვეულებაზე იყო, ყველა ჰყავთ კარანტინში და ყველას ამოწმებენ." - ამბობს ჩვენთან საუბარში მილანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.


საფრანგეთი

საფრანგეთში ბოლო მონაცემებით (01.03.2020; 13:00), კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 2 შემთხვევაში გარდაცვალება დაფიქსირდა, ხოლო 12 პაციენტი განიკურნა.

ერთ-ერთ საავადმყოფოში მივიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, სადაც ექიმებს განცხადებით მიმართა:

„ჩვენ კრიზისის, ეპიდემიის წინაშე ვართ, ის მოდის, ამას უნდა შევეგუოთ და ყველაფერი გავაკეთოთ საბრძოლველად“.


გერმანია

ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით (01.03.2020; 13:00), გერმანიაში ინფიცირების 79 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 16 გამოჯანმრთელდა.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, 29 თებერვალს, გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსი ოთხ ბავშვს დაუდგინდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ყველა ინფიცირებულ მცირეწლოვანს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.


ესპანეთი

1 თებერვალს, ესპანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. მედიის ინფორმაციით, ვირუსი კანარის კუნძულებზე მყოფ ადამიანს დაუდასტურდა. ის ერთ-ერთი იყო ხუთ პირს შორის, რომლებსაც ექიმები აკვირდებოდნენ. მათი იზოლირება მას მერე მოხდა, რაც გაირკვა, რომ კონტაქტი ჰქონდათ გერმანელ მამაკაცთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ბოლო მონაცემებით (01.03.2020; 13:00), ესპანეთში კორონავირუსის 58 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 2 პაციენტი კი განიკურნა.


დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 31 იანვარს დაფიქსირდა. თავდაპირველად ინფიცირებულების რიცხვი 2-ს შეადგენდა და ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. თუმცა, ბოლო მონაცემებით (01.03.2020; 13:00), ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 8 პაციენტი კი განიკურნა.


30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა, რის შემდეგაც ვირუსმა ევროპაშიც იფეთქა.

გთავაზობთ ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემებს (1-ლი მარტი; 13:00):

სტატისტიკა ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ანგარიშებს. ასევე, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ჩინურ ცენტრს, ჩინეთის სამედიცინო საზოგადოების მონაცემებსა და ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულ კომისიას.

  ქვეყანა დაფიქსირდა გარდაიცვალა გამოჯანმრთელდა
  სულ 1479 31 86
1 იტალია 1128 29 46
2 საფრანგეთი 100 2 12
3 გერმანია  79 0 16
4 ესპანეთი 58 0 2
6 დიდი ბრიტანეთი 23 0 8
5 შვეიცარია 21 0 0
8 ნორვეგია 15 0 0
9 შვედეთი 12 0 0
10 ავსტრია 9 0 0
11 ნიდერლანდები 6 0 0
12 ხორვატია 6 0 0
13 საბერძნეთი 4 0 0
14 დანია 3 0 0
15 ფინეთი 3 0 1
16 რუმინეთი 3 0 0
17 ლიტვა 1 0 0
18 ირლანდია 1 0 0
19 ისლანდია 1 0 0
20 ბელგია 1 0 1
21 სან-მარინო 1 0 0
22 ჩრდ. მაკედონია 1 0 0
23 ლუქსემბურგი 1 0 0
24 მონაკო 1 0 0
25 ბელორუსი 1 0 0
26 ესტონეთი 1 0 0
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top