გიორგი გახარია: ახლა პანიკის დრო არ არის, ახლა კონკრეტული, ეფექტიანი ნაბიჯებისა და ქმედებების დროა

ეს პერსონა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ,  მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას იმ ღონისძიებებზე და ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც მთავრობამ მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად გადადგა. მისი თქმით,  გამკაცრდა კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე, ასევე გამკაცრდა კონტროლი თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფ მოქალაქეებზე. ამასთან ერთად, დროებით შეჩერდა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გაიცა რეკომენდაცია შესაძლო ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების თაობაზე, ისევე როგორც გადავადდა საყოველთაო საგაზაფხულო გაწვევა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა,  ახალი კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა, რომელსაც პირველ რიგში, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვუპასუხოთ. მისივე თქმით, "ახლა პანიკის დრო არ არის, ახლა კონკრეტული, ეფექტიანი ნაბიჯებისა და ქმედებების დროა". 

„საქათველოს მთავრობამ პირველივე დღიდან შექმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მოქმედებს ყოველდღიურ რეჟიმში და შესაბამისად ახორციელებს და დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილებები, რომლებიც კარგად არის ცნობილი და თითოეულმა ჩვენგანმა უკვე კარგად იცის.“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებსა და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ. 

"მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებსა და კომპანიებს, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებსა და სხვა სფეროებს 4 თვით, პირველ ნოემბრამდე გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში 4 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი ივნისი) დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნდება 1 მილიარდ 200 მილიონი დღგ-ს საშუალებით ფინანსურ რესურსს”, - განაცხადა გახარიამ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top