საქართველოში სამკერვალო საწარმოები პირბადეების წარმოებას დაიწყებენ

ეს პერსონა

სამკერვალო საწარმოები მზად არიან, აქტიურ რეჟიმში დაიწყონ პირბადეების წარმოება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი სამკერვალო საწარმოების წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანიები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, საპრევენციო ღონისძიებების განხორციელებაში მაქსიმალური ძალისხმევითა და რესურსებით გვერდით დაუდგებიან სახელმწიფოს და საკუთარ მოქალაქეებს.

„იმის გამო, რომ დღეს საქართველოში პირბადე და სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალება გარკვეულ პრობლემად რჩება, ჩვენ, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მზად ვართ, ამ პროცესში აქტიურად ჩავერთოთ და პირბადეების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ შევთავაზოთ სახელმწიფოსა და საქართველოს მოსახლეობასა“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანია „აჭარა ტექსტილის“ წარმომადგენელმა, გიორგი ლომინაძემ.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის მზაობა გამოხატა კომპანიამ „მოვი“. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, ანა ანდრონიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საწარმო ჩართულია პირბადეების წარმოებასთან დაკავშირებით პროცესში.

„დღეს მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ შეზღუდვები არ დაწესდება ლოგისტიკასთან დაკავშირებით, ჩვენ მაქსიმალურად ვდგავართ სახელმწიფოს გვერდით და ამისკენ მოვუწოდებთ სხვა მწარმოებლებსაც“, -  აღნიშნა ანა ანდრონიკაშვილმა.

ფარმაცევტული კომპანია „სმარტ ფარმის“ განცხადებით, კომპანია მზად არის, მარლის არსებული ნაშთი უფასოდ პირბადეების წარმოებისთვის სახელმწიფოს გადასცეს.

„ჩვენმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ მარლის არსებული ნაშთი გადასცეს სახელმწიფოს უფასოდ, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს პირბადეების წარმოება. მომდევნო ეტაპზე, მომდევნო მოწოდებასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართული, რომ შეუფერხებლად მოხდეს მარლის იმპორტი და მიწოდება იმ წარმოებისთვის, რომლებიც მზად არიან და გამოხატეს პასუხისმგებლობა, რომ ჩაერთონ წარმოებაში და მხარში დაუდგნენ სახელმწიფოს“ - განაცხადა „სმარტ ფარმის“ წარმომადგენელმა, თეა მგალობლიშვილმა.

57
6
2
4
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top