კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით დაჯარიმდება

ეს პერსონა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა.

ერთ-ერთი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომლის თანახმადაც, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის წესით და სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

ამასთან, პროექტში შენიშვნის სახით ნათქვამია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ოქმის შემდგენი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირთან ერთად უფლებამოსილი იქნება, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად, როგორც პრევენციული ღონისძიება, გამოიყენოს დამრღვევი ფიზიკური პირის საკარანტინო სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top