კორონავირუსის 33 172 ახალი შემთხვევა და 1438 გარდაცვლილი - მხოლოდ 1 დღეში

ეს პერსონა

⬤ მსოფლიოს 184 ქვეყანა COVID-19-ს ებრძვის - გარდაცვლილია 11 272 ადამიანი



➥ საქართველო

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 44-ს მიაღწია. მათ შორისაა 1 გამოჯანმრთელებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსს ახლა 43 ადამიანი ებრძვის.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საკარანტინო ზონებში 1966 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 259.



➥ მსოფლიო 

ახალი ტიპის კორონავირუსმა მსოფლიოს 184 ქვეყანა მოიცვა. გასულ ერთ დღეში ვირუსის 33 178 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და შემთხვევათა რაოდენობამ 236 926-ს მიაღწია. გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, რომელმაც - 11 272-ს მიაღწია. 

მაღალია კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. COVID-19-სგან სულ 90 603 ადამიანი განიკურნა. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა - 71 150 ჩინეთის მოქალაქეა.

ამ დროისთვის, დაავადების მიმდინარე ფაზაში 168 229 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 7 798 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.



➥ იტალია

ამჟამად, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ევროპა, უფრო მეტად კი იტალია ითვლება. გასულ 24 საათში, აპენინის ნახევარკუნძულზე ვირუსით ინფიცირების 5 986 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ 47 021-ს მიაღწია.

კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვმა ჩინეთის მაჩვენებელს გადააჭარბა. იტალიაში კორონავირუსს სულ 4 032, ხოლო გასულ ერთ დღეში 627 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.



➥ თურქეთი

გასულ 24 საათში, თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სულ 359 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 4 ფატალურად დასრულდა.

თურქეთში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.



➥ აზერბაიჯანი

საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში, საქართველოს მსგავსად, კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევაა აღრიცხული. 20 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. 44 პაციენტიდან 7-მა სრული გამოჯანმრთელება შეძლო.



➥ სომხეთი

თურქეთისგან და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სომხეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი იზრდება. გასულ 24 საათში, სომხეთის 14 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების სულ 136 შემთხვევაა აღრიცხული.

16 მარტს, სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.

 

 

0
0
2
3
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top