ეპიდემიები საბჭოთა კავშირში

ეს პერსონა

ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, შეიძლება კითხვა დაგვებადოს - ნუთუ, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა ქუჩაში ერთი ჭიქით სვამდა გაზიან გამაგრილებელ სასმელებს, ეპიდემია არ იყო? რა თქმა უნდა იყო.

გთავაზობთ ამ დაავადებების ქრონოლოგიას და ისტორიებს.
 

ესპანური გრიპი 1918-1919 წლებში.

ამ საშინელი დაავადების შესახებ ალბათ ყველას სმენია. სტატისტიკურად სიკვდილიანობა დაავადებულთა შორის 20%-ს შეადგენდა. ავადმყოფობა მარტივად გადამდები იყო და ძირითადად ახალგაზრდებს შორის ვრცელდებოდა. მაშინდელი ექიმები თვლიდნენ, რომ ავადმყოფობა ხელის ჩამორთმევით გადადიოდა. დღემდე გაურკვეველია რამ გააჩერა ეს ვირუსი, მაგრამ მსგავსი ეპიდემია მას შემდეგ არ განმეორებულა. იმ დროინდელი მონაცემებით, 88,25 მილიონიან მოსახლეობაში 0,4%-დან 3,4%-მდე დაავადდა. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. ეპიდემიამ იმსხვერპლა მუნჯური კინოს მსახიობი ქალი ვერა ხოლოდნაია და საბჭოთა რუსეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, „ბოლშევიკების შავი ეშმაკი“ იაკობ სვერდლოვი.


შავი ჭირი

ითვლებოდა, რომ ეს ავადმყოფობა შუა საუკუნეებში დასამარდა, მაგრამ ეს აზრი მცდარი აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირში ჭირი არაერთხელ გამოვლინდა. 1920 წელს შორეულ აღმოსავლეთში, კერძოდ კი პრიმორსკის ტერიტორიაზე დაავადება ჩინეთიდან შევიდა.

სსრკ-ში დაავადების აფეთქება რამდენიმეჯერ დაფიქსირდა. შუა აზიაში, ყაზახეთსა და ამიერკავკასიაში. გავრცელებას ხელს უწყობდა ცუდი პირადი ჰიგიენა, ცუდად შემწვარი ხორცი და რწყილები, რომლებიც ავადმყოფობის გადამტანები აღმოჩნდნენ.

მოგვიანებით, 1939 წელს მოსკოვში შავი ჭირი სარატოველმა ეპიდემიოლოგმა აბრაამ ბერლინმა ჩაიტანა, რომელმაც ვაქცინა თავის თავზე გამოცადა. საქმე ეპიდემიამდე ლამის მივიდა, რადგან ექიმს დიაგნოზი დაგვიანებით დაუსვეს, მაგრამ მასობრივი გავრცელება საბედნიეროდ არ მომხდარა. აბრაამ ბერლინი ვერ გადარჩა. აგრეთვე გარდაიცვალა მისი მკურნალი ექიმი და დალაქი, რომლებიც მას მოსკოვში ემსახურებოდნენ. 

ინფექციონისტი მაქსიმ ფიშერის ინფორმაციით, 1920-დან 1989 წლამდე ჭირის სხვადასხვა ფორმით 3639 დაავადდა და გარდაიცვალა 2060 ადამიანი. დაავადება დაფიქსირდა ყაზახეთში, თურქმენეთში, ელბრუსის რეგიონში, დაღესტანში მთელ შუა აზიაში და კასპიის ზღვის ზონაში. 

2012 წელს საშიში მიკრობი ალტაიში, მონღოლეთის საზღვართან აღმოაჩინეს. შემდგომ წლებში დაავადების ერთეული შემთხვევები იყო. 2019 წელს ჭირი აღმოაჩნდა ბიჭუნას, რომელმაც დაავადებული ვირზაზუნას ხორცი ჭამა.

 

შავი ოსპა

ძალიან სახიფათო დაავადებაა, რომლის საინკუბაციო პერიოდი ორი კვირა გრძელდება. აცრის გარეშე სიკვდილიანობა დაავადების შემთხვევაში 20-დან 90 პროცენტამდეა. გამოჯანმრთელებულებს სისხლის ფორმულა ეცვლებათ, რაც მრავალ გართულებას იწვევს. გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. გასული საუკუნის 30-იან წლებში ოსპა პრაქტიკულად დაამარცხეს, მაგრამ 1959-60 წლებში, მოსკოვში ამ სშიში დაავადების ეპიდემიამ ლამის კვლავ იფეთქა. ამ ისტორიაში ათვლის წერტილად იმ დროის გამოჩენილი მხატვარი ალექსეი კოკორეკინი ითვლებოდა. 1959 წელს იგი ინდოეთში იმოფებოდა და დაესწრო ოსპით დაავადებული ბრაჰმანის დაწვის რიტუალს. სამედიცინო საკითხებში გაურკვეველმა მხატვარმა არ იცოდა, რომ გარშემო მყოფთათვის საშიშროების წყარო თავად იყო. მოსკოვში დაბრუნებისას იგი ცუდად გახდა და პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. მეორე დილას პაციენტი გარდაიცვალა. სწორი დიაგნოზი კი მისი გაკვეთის შემდეგ გახდა ცნობილი. სამწუხაროდ, იმ მომენტისათვის მხატვარს ბევრ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა, რომლებიც სასწრაფოდ გამოთვალეს და კარანტინში მოათავსეს. მთელ მოსკოვში ოსპის საწინააღმდეგო აცრა აუცილებელი წესით ჩატარდა, მაგრამ ლეტალური შედეგები მაინც იყო. დაჩქარებულმა ვაქცინაციამ უკვე დაავადებულ პაციენტებზე ცუდად იმოქმედა, თუმცა ეპიდემიის თავიდან აცილება მაინც მოხერხდა.


მენინგოკოკური ინფექცია

1960 წელს სსრკ-ში საშიშმა ინფექციამ ისევ ჩინეთიდან შემაღწია. მენინგოკოკის ერთ-ერთი ფორმა მძიმე ზიანს აყენებდა თავის ტვინს. დაავადებულთა 30 პროცენტი კვდებოდა, გადარჩენილები კი ჯანმრთელობის მძიმე ფორმებით აგრძელებდნენ ცხოვრებას. იმ დროისათვის არსებული ვაქცინები დაავადებას ვერ უმკლავდებოდნენ. ადამიანებს კი იმუნიტეტი არ ჰქონდათ გამომუშავებული. ეპიდემიასთან გასამკლავებლად ექიმებს 3-4 წელი და დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. ხდებოდა ავდმყოფების გამოვლენა და სასწრაფო იზოლირება. 

მენინგიტის შემდგომი აფეთქება 1996 წელს მოხდა, მარამ მაგ დროისთვის მედიკოსები უკვე მომზადებულები დახვდნენ დაავადებას და ეპიდემიაში გადაზრდის საშუალება არ მისცეს.  ინფექციის გამავრცელებლები ვიეტნამელი ვაჭრები აღმოჩნდნენ, რომლებსაც ჩინეთიდან რუსეთში ჩაჰქონდათ საქონელი. აფეთქება საკმაოდ სწრაფად ჩააქვრეს. ვაქცინა სასწრაფოდ იქნა შეძენილი და ყველა ვიეტნამელი იქნა აცრილი. მიუხედავად ამისა, მენინგიტის დაავადება მოსკოვში იმ დროისთვის მაინც 2-ჯერ მეტი იყო.


 

ციმბირული წყლული

XIX საუკუნეში აღმოჩენილი დაავადება დღესაც დრო და დრო საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. ავადმყოფობის დროულად აღმოჩენის და მკურნალობის შემთხვევაშიც კი, სიკვდილიანობა მაინც 30%-ს აღწევს, მკურნალობის გარეშე კი 90%-ს. გარემოებას ის ამძიმებს, რომ ავადმოფობის სიმპტომები პირველ სტადიაში, ჩვეულებრივი გრიპის მსგავსად მიმდინარეობს, ზუსტი დიაგნოსტირება კი ხდება სხეულის სრული დაზიანებისას. მაშინ ადამიანს ფურუნკულის მსგავსი შავი წყლულები უჩნდება, ეწყება ლიმფური კვანძების ანთება, საჭმლის მომნელებელი სისტემა კი ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნებს ავლენს.

ციმბირული წყლულის ჩხირი ძალიან მდგრადია. ზედაპირი, რომელზეც იგი იმყოფება მინიმუმ ერთი საათი მდუღარე წყალში უნდა იყოს.

1979 წელს ციმბირულმა წყლულმა ქ. სვერდლოვსკში იფეთქა. ქალაქთან ახლოს, სამხედრო ბაზაზე ბიოლოგიური იარაღის მზადება მიმდინარეობდა, თუმცა ოფიციალური ვერსიით ავადმყოფობა დაავადებულმა ხორცმა გამოიწვია. ეს გასაგებიც იყო, რადგან საბჭოთა კავშირზე ეჭვი გაჩნდა, რომ იგი არღვევდა საერთაშორისო კონვენციას ბიოლოგიური იარაღის წარმოებაზე, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახმაურებულიყო. 

საბჭოთა ბიოლოგმა კანტაჟან ალიბეკოვმა, რომელმაც წლები დაუთმო ბიოლოგიური იარაღის შემუშავებას, აღიარა, რომ ვირუსი „გაეპარათ“ ლაბორატორიიდან. ერთ-ერთმა თანამშრომელმა არ აუწყა თანამშრომლებს, რომ ფილტრი მოხსნა, რამაც 70 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

ქოლერა

1970-იან წლებში კასპიის ზღვის რეგიონში უეცრად ქოლერა დაფიქსირდა. მხოლოდ ერთი ზაფხულის განმავლობაში ქ. ასტრახანში 1270 ადამიანი დაავადდა, ათასზე მეტიც ავადმყოფობის გადამტანი იყო. ერთი ვერსიით ექიმები თვლიდნენ, რომ ვირუსი ირანიდან შემოვიდა, მეორეთი - ავადმყოფობა ადამიანის ორგანიზმში მდორეწყლიანი წყალსაცავიდან შეიჭრა. სამხრეთიდან დაავადება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გავრცელდა. იგი აღმოაჩნდათ ადამიანებს მოსკოვში, ლენინგრადში და კიდევ 20 ქალაქში. ავადმოფობის გამოვლენისას საკარანტინო ზონად გამოაცხადეს ასტრახანი, ოდესა, ქერჩი. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა აიკრძალა. მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სამხედრო ძალებიც კი დაიხმარა. ისინი ეხმარებოდნენ ქოლერით დაავადებულების იძულებით ჰოსპიტალიზაციაში.

ამ აფეთქებას ფართო რეზონანსი არ მოჰყოლია. პირველ რიგში კონფედენციალურობის გამო, თანაც ქოლერას დიდი სიკვდილიანობა არ გამოუწვევია. დაავადებულთა მხოლოდ 1%-მა ვერ სძლია სენს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 1981 წლამდე თითო-ოროლა შემთხვევა მაინც ფიქსირდებოდა, რაც ქოლერის ვიბრიონების მაღალსიცოცხლიანობის უნარს ადასტურებს.


  

ვირუსებს და ბაქტერიებს არც მაშინ ეძინათ, არც ახლა ძინავთ. მართალია, საბჭთა კავშირში ტარდებოდა მასიური ვაქცინაცია, რომელმაც ჩანასახშივე ჩააქრო ბევრი დაავადება, მაგრამ ეპიდემიური აფეთქებები მაინც ფიქსირდებოდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top