Euractiv: ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგია იმედგაცრუებას იწვევს

ეს პერსონა

სულ ახლახან, ევროკომისიამ წარადგინა დოკუმენტი, რომლის მიზანიცაა 2020 წლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიის სამომავლო ხედვის ჩამოყალიბება, რასაც გამოცემა Euractiv-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა.

სტატიის ავტორი იმედგაცრუებას გამოთქვამს ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტით.

"პანდემიის გამოცხადებამდე ჩვენ, ევროპარლამენტში აღმოსვლეთ პარტნიორობის მხარდამჭერები, ასევე უკრაინელები, ქართველები და მოლდოველები, მოუთმენლად ველოდით ამ დოკუმენტს. მის გამოქვეყნებამდე ჩვენ გვქონდა ინტენსიური დისკუსიები, მოვამზადეთ და შევიტანეთ სტრატეგიული შეთავაზებები, შევადგინეთ „ტრიოს სტრატეგიის“ - აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვის პროექტი. ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ახალი ევროკომისია, რომელსაც „გეოპოლიტიკური კომისიის“ ამბიციები აქვს, ამ ამბიციის შესაბამისად იმოქმედებდა და ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ვექტორის - აღმოსავლეთ ევროპის სტრატეგიის ფარგლებში შეიმუშავებდა გრძელვადიანი ხედვის სახელმძღვანელო პრინციპებს.

მიუხედავად ამისა, დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ იმედგაცრუება დამეუფლა. მასში არ არის ასახული არცერთი გეოპოლიტიკური ამბიცია. ჩვეული წყალწყალა ფრაზები კი მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღების შეყოვნების მსოფლმხედველობა კვლავ იმარჯვებს. „არანაირი სტრატეგიული ცვლილებები - ვაგრძელებთ ჩვეულებრივად“, - აი, ასეთია კომისიის ინიციატივის ძირეული კონცეფცია. მაგრამ ეს საკმარისი აღარ არის, თუკი გავითვალისწინებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. შეუძლებელია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიის მომავალზე მსჯელობა რეგიონში კრემლის მხრიდან გეოპოლიტიკური აგრესიის გაუთვალისწინებლად და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან მიმართებაში ევროკავშირის მკაფიო გეოპოლიტიკური სტრატეგიის გარეშე.

ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებდით ახალ კომისიაზე მისი დამტკიცების დროს. მოსმენების დროს უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა მტკიცედ განაცხადა, რომ ევროკავშირს აქვს მკაფიო გეოპოლიტიკური ამოცანა - ევროკავშირსა და რუსეთს შორის მდებარე წარმატებული ქვეყნების სარტყლისთვის დახმარების გაწევა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს სტრატეგია გრძელვადიან ჭრილში ასევე დაეხმარება რუსეთს ტრანსფორმაციის და დემოკრატიული განვითარებისკენ დაბრუნების პროცესში. მიუხედავად ამისა, ჩვენი იმედები არ გამართლდა (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით), რადგან ხსენებული ამოცანები არ არის ასახული კომისიის დოკუმენტში.

უკრაინა, მოლდოვა და საქართველო წარმატებას მიაღწევენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირი წვლილს შეიტანს მათ წარმატებაში. ევროკავშირის წვლილი გამოხატული უნდა იყოს არა მხოლოდ ფინანსების ფორმით, არამედ სტრატეგიების ფორმითაც, რისთვისაც უნდა ჩამოყალიბდეს ევროკავშირის გონივრული და ეფექტიანი სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ. ამ სტრატეგიაში უნდა განიმარტოს ამბიციური ხედვა: თუკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ამჟღავნებენ პროგრესს ევროპული რეფორმების კუთხით, ევროკავშირიც გადადგამს ნაბიჯებს და უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერის ახალი მექანიზმებით და ინსტრუმენტებით და დასკვნით ეტაპზე გზას გაუხსნის ამ ქვეყნების (და არა მხოლოდ დასავლეთ ბალკანეთის) სრულ ინტეგრაციას.

მხოლოდ ასეთი სტრატეგია დაგვეხმარება ამ ქვეყნებში ევროპული რეფორმების წყურვილის დაკმაყოფილებაში, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მათი წარმატებისთვის. თუკი ევროკავშირი მომავალშიც შეაყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას, ჩვენ მივიღებთ პროევროპული მოტივაციის დასუსტებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დედაქალაქებში უკვე წააწყდებით ეპიზოდურ იმედგაცრუებას და სკეპტიციზმს: „ევროკავშირში და ნატოში მაინც არასოდეს დაგვიძახებენ“. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სკეპტიციზმის ვირუსის პანდემიად გარდაქმნა კი წერტილს დაუსვამს პროდასავლური რეფორმების პერსპექტივას. დარჩება მხოლოდ სასიამოვნო ჟღერადობის, მაგრამ ლიტონი სიტყვები.

თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიც რთული გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფება. კრემლის აგრესიის გარდა, პოლიტიკური ინტრიგები და დაძაბულობა უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ასევე წარმოადგენს ამ ქვეყნებში რეფორმების წინაშე მდგარ გამოწვევას. დღეს საჭიროა ევროკავშირის ამბიციური ხედვა, რომელშიც გაიწერება აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიის ახალი პერიოდი, ახალი ინსტრუმენტები, ახალი „მეტი მეტისთვის“ პირობები, როგორც ესოდენ აუცილებელი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პროევროპულ რეფორმებთან მიმართებაში პოლიტიკური ნებისთვის ახალი ბიძგის მისაცემად და კონსოლიდაციის უზრუნველსაყოფად. თუკი ევროკავშირი ხელიდან გაუშვებს ამ ხედვის წარდგენის შესაძლებლობას, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი მივიღებთ რეგიონში რეფორმების პროცესის მზარდ ეროზიას. ამის მთავარი მიზეზი კი იქნება ევროკავშირის მცდარი გეოპოლიტიკური პოზიცია და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გეოპოლიტიკური ამბიციის ნაკლებობა.

დასაწყისისთვის საკმარისია პროგრესის და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მზადყოფნის შეფასება ობიექტურად და თანაბარი კრიტერიუმებით როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის. ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნავთ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან დასავლეთ ბალკანეთის მიმართ გამოხატულ გეოპოლიტიკურ ამბიციებს და ყოველთვის ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ აუცილებელია ამ რეგიონის ინტეგრაცია ევროკავშირში, შეძლებისდაგვარად, სწრაფად, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი დაეპატრონება იქ არსებულ დაუკავებელ სივრცეს (უცნაურია, მაგრამ იგივე ლოგიკა არ არის გამოყენებული აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან მიმართებაშიც). ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონიას საბოლოოდ მიიწვევენ ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე.

თუმცა მნიშვნელოვანია იმის გახსენებაც, რომ 2018 წელს ექსპერტების დასკვნის თანახმად, საქართველო ბევრად უკეთაა მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის, ვიდრე დასავლეთ ბალკანეთის ლიდერი ქვეყნები. შესაბამისად, მზადყოფნა ევროკავშირის წევრობისთვის არ წარმოადგენს კრიტერიუმს, რომლითაც განპირობებულია განსხვავება ევროკავშირის სტრატეგიის მიდგომაში, ერთი მხრივ, აღმოსავლეთ პარტნიორობის და, მეორე მხრივ, დასავლეთ ბალკანეთის მიმართ. ასევე ცხადია, რომ თუკი ევროკავშირი მომავალშიც შეაყოვნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ამბიციური სტრატეგიის წარდგენას, კრემლი ბევრად უფრო იოლად შეიტანს დესტაბილიზაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ვიდრე დასავლეთ ბალკანეთში.

კრიზისების დროს ევროკავშირი, როგორც წესი, ახდენს კონსოლიდაციას და პოულობს პრობლემის გადაჭრის გზებს. ევროკავშირი დაძლევს მიმდინარე კრიზისს, რომელიც ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული. ევროკავშირმა დაძლია 2008 წლის ფინანსური კრიზისი და 2015 წლის მიგრაციის კრიზისი. კრიზისთან პირისპირ დადგომისას ჩვენ, როგორც წესი, სწრაფად ვაცნობიერებთ, რომ უმოქმედობა, გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება საკმარისი არ არის.

ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ევროკავშირის ამბიციური სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებაში შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მოხდება მძიმე გეოპოლიტიკური კრიზისი (დიდი ალბათობით, კრემლიდან მომდინარე), რადგან ეს უცილობლად გამოიწვევს გეოპოლიტიკურ კრიზისს მთლიანად ევროკავშირშიც. ბევრად უფრო იოლია ასეთი კრიზისების უბრალოდ თავიდან აცილება, მაგრამ ამისთვის ჩვენ უკვე დღეს გვჭირდება ევროკავშირის ამბიციური სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებაში. და არავითარი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმ ფაქტს, რომ მანძილი სკოპიეს თუ ტირანას და მოსკოვს შორის ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მანძილი კიევსა თუ თბილისს და მოსკოვს შორის. დისტანცია არ უნდა განსაზღვრავდეს ბრიუსელის ამბიციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ კრემლი ინარჩუნებს უცნაური „ვეტოს“ უფლებას ევროკავშირის დედაქალაქის გადაწყვეტილებებზე.

მაინც გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენ შევძლებთ „გეოპოლიტიკური კომისიის“ დახმარებას თავისი გეოპოლიტიკური ამბიციების დაბრუნების საქმეში. ჩვენ ევროპარლამენტში გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიზნის მისაღწევად, მიუხედავად პანდემიისა. რა თქმა უნდა, დაუშვებელია პანდემიების გამოყენება რუსეთის საპირწონედ ევროკავშირის გეოპოლიტიკური სისუსტის შენიღბვის მიზნით." - წერის სტატიაში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top