რა საქმიანობებია დაშვებული საგანგებო მდგომარეობის დროს

ეს პერსონა

საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა დადგენილება, რომელშიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაშვებული საქმიანობებია განსაზღვრული

კერძოდ, მთავრობის დადგენილების მიხედვით:

1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

ს) პრესის ჯიხურებისა.

2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია:

დამატებით განსაზღვროს იმ ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

3. ეკონომიკური საქმიანობების ან/და განმახორციელები ობიექტების ჩამონათვალს წარადგენენ სამინისტროები

ამ  მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობას წარმოუდგენენ საქართველოს სამინისტროები ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით.

4. იკრძალება ალკოჰოლური სასმლის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება

საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება.

5. კვების ობიექტების შეზღუდვები

საგანგებო მდგომარეობის ვადით რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე. წ. „დრაივის“) მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე.

6. დაშვებული საქმიანობები ხორციელდება გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად

ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობა, მიუხედავად ფორმისა და სახისა, უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ამასთან, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top