"რუსეთში კორონავირუსის პიკს მომდევნო კვირისთვის ელოდებიან" - ეკატერინე კოტრიკაძე

ეს პერსონა

რუსული ტელეარხის  RTVI-ის გენერალური დირექტორის მოადგილის,  ეკატერინე კოტრიკაძის ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის პიკს შემდგომი  კვირისთვის ელოდებიან


 

 ამის შესახებ  ჟურნალისტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით რუსეთში აცხადებენ, რომ პაციენტთა უმეტესობას არა Covid-19, არამედ ჩვეულებრივი პნევმონია აქვს.

„მიდის საუბარი იმაზე, რომ ბევრ საავადმყოფოში ისევ იღებენ პაციენტებს პნევმონიით, რომ მოსკოვსა და რუსეთში საავადმყოფოების ბევრი პალატა დაკავებულია პნევმონიის მქონე პაციენტებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალეა სიტუაცია რუსეთში, ჩვენ  მაინც 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ძალიან ბევრს ესმის, უმეტესობას თუ არა, რომ ეს პნევმონია და ზოგადად კორონავირუსი არაა ჯერ მიღწეული იმ პიკს, რომელსაც ველოდებით შემდეგ კვირაში. სავარაუდოდ, ნამდვილად მალავენ, მაგრამ ამას არ აქვს მასშტაბური პრობლემის სახე მიღებული“, - განაცხადა კოტრიკაძემ.

მისივე თქმით, ექიმებისთვის გასცეს „რეკომენდაცია“, რომ კორონავირუსის დიაგნოზი „პნევმონიად“ შეეცვალათ.

„ნამდვილად ხდებოდა ასეთი „რეკომენდაცია“, რომ არ თქვათ [რომ კორონავირუსია] და დაწერეთ პნევმონია, განსაკუთრებით, როცა, სამწუხაროდ, ხანშიშესული ადამიანები გარდაიცვლებოდნენ მოსკოვის კლინიკებში, მათ პნევმონია დაუწერეს, მაგრამ ახლა ეს აღარ არის პრობლემა, ახლა ელოდებიან მთავარ ტალღას, რომელიც, სავარაუდოდ, იქნება შემდეგ კვირაში“, - აღნიშნა კოტრიკაძემ.

ჟურნალისტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გადავიდა ონლაინ მუშაობის ფორმატზე. ცნობისთვის, დაახლოებით ერთი კვირის წინ პუტინი შეხვდა კომუნარკის ინფექციური საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს, რომელსაც შემდგომში კორონავირუსი აღმოაჩნდა.

„ისიც[პუტინიც] გადავიდა ონლაინ-თათბირებზე, ისიც ესაუბრება დუმის დეპუტატებსა და ასევე რეგიონების ხელმძღვანელებს ონლაინ ფორმატში, რაც, წარმომიდგენია, რამდენად რთულია მისთვის, რადგან პუტინი ზოგადად არ ხმარობს გაჯეტებს და ზოგადად ვერ იტანს ინტერნეტს  და დღემდე პაპკებით მიაქვთ მისთვის საბუთები. როგორც ამბობენ მასთან მომუშავე ხალხი, ეკრანებს, მონიტორებს ვერ იტანს, თვითონაც არ ხმარობს და არ აქვს ინტერნეტთან არანაირი შეხება“, -განაცხადა კოტრიკაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ერთკვირიან არდადეგებს, კოტრიკაძემ განაცხადა, რომ ეს მოსახლეობისთვის იყო „ნამდვილი სიურპრიზი“, ხოლო ბევრმა გააკრიტიკა პუტინი „რბილი ზომების გამო“.

„მან[პუტინმა] გამოაცხადა არდადეგები, რაც ჩვენთვის, ყველასთვის იყო სიურპრიზი, იმიტომ რომ ყველა ელოდება [კორონავირუსის] პიკს, ახლაც ველოდებით, და ყველა ელოდებოდა, რომ პრეზიდენტი უფრო მკაცრად მოიმოქმედებდა და სხვა გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს მომზადებისთვის მეტი დრო ჰქონდა. ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთმა გადაიტანა, იტალია არ იყო მომზადებული, ნიუ-იორკიც, რუსეთს კი ჰქონდა იმის საშუალება, მომზადებულიყო ამ ყველაფრისთვის და ამ დროს პრეზიდენტი არდადეგებს აცხადებს, რაც ყველას ცოტა გაგვიკვირდა კიდევაც. რა თქმა უნდა, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ, რას ნიშნავს არდადეგები? ხალხი გავიდა ქუჩაში, იმიტომ რომ ამას დაემთხვა კაი ამინდიც. მოსკოვში ორი დღე იყო კარგი ამინდი, სულ ორი დღე, იმიტომ რომ ახლა თოვს. და ამ შაბათ დღეს, როცა არდადეგები იყო გამოცხადებული, ადამაინები გავიდნენ ქუჩაში, გავიდნენ მწვადებზე და ამას მოჰყვა მკაცრი კრიტიკა პუტინის მიმართ“, - თქვა ჟურნალისტმა

მისივე თქმით, ამ პერიოდში მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა კარანტინის რეჟიმი გამოცხადა.

ამ დროის მონაცემებით, რუსეთში დაინფიცირებულთა რიცხვი 2777-ს აღწევს, დაღუპულია 28 ადამიანი,190 კი გამოჯანმრთელდა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top