10 სახალისო ფაქტი The Beatles-ის შესახებ

ეს პერსონა

50 წლის წინ, ამ დღეს, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბენდი, The Beatles დაიშალა. 

"ეS პერსონა" წარმოგიდგენთ 10 სახალისო ფაქტს ბენდის ისტორიიდან. 

#1 ბენდის წევრებმა სახელი ბევრჯერ შეიცვალეს სანამ საკულტო The Beatles-ზე შეჯერდნენ

1957 წელს, ჯონ ლენონმა ბენდი The Quarrymen დაარსა. მოგვიანებით მას პოლ მაკარტნი შეუერთდა. პოლმა, ჯორჯ ჰარისონი წაიყოლა. ბოლო, ვინც საკულტო კვარტეტს შეუერთდა დრამერი რინგო სტარი იყო, რომელმაც პიტერ ბესტი ჩაანაცვლა. ბენდის წევრებმა სახელი არა ერთხელ გამოცვალეს. The Beatles-მდე მათ Johnny and the Moondogs, The Rainbows და British Everly Brothers ერქვათ.

საინტერესოა, რომ არავინ იცის ნამდვილი ისტორია, იმის შესახებ, თუ როგორ დაერქვა ბენდს The Beatles, თუმცა ბევრ ჭორს შორის რელობას ყველაზე მეტად ეს შეესაბამება: ჯონ ლენონს ბადი ჰოლის ბენდი The Crickets (ჭრიჭინები) ძალიან მოსწონდა. ბენდის ადრეულმა წევრმა ამის გამო სახელი The Beetles (ხოჭოები) მოიფიქრა და რაღაც პერიოდი ბენდს მართლაც The Silver Beetles, ანუ ვერცხლის ხოჭოები ერქვა. სავარაუდოდ, The Beetles-ის დამწერლობა ჯონ ლენონმა The Beatles-ზე იმიტომ გადაცვალა, რომ ბენდის იდენტიფიცირება, ბიტნიკების (Beat Generation) ფილოსოფიასთან მოეხდინა.


#2 რინგო სტარის ნამდვილი სახელი რიჩარდ სტარკია

რიჩარდ სტარკი, რომელსაც დედა “რიჩის” ეძახდა, 1940 წელს, ლივერპულში დაიბადა. მან დრამზე დაკვრა, 13 წლის ასაკში საავადმყოფოს ბენდში დაიწყო, როცა ტუბერკულოზს მკურნალობდა. სტარკი The Beatles-ს 1962 წელს შეუერთდა, შეიქმნა ფსევდონიმი რინგო სტარი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველა ცნობილი მუსიკოსიც გახდა. 

თუმცა სახალისო ის არის, რომ მისი მუსიკალური შესაძლებლობები ბენდის წევრებისთვისაც კი, საკმაოდ სუსტი იყო - მითუმეტეს ეპოქაში, რომელსაც რითმს ჯონ ბონემი (Led Zepplin), კიტ მუნი (The Who) ან ჯონ დენსმორი (The Doors) აძლევდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა ჯონ ლენონს ჰკითხეს. არის თუ არა რინგო სტარი მსოფლიოში ყველაზე კარგი დრამერი, მას უპასუხა: “რინგო საუკეთესო დრამერი The Beatles-ის წევრებს შორისაც კი არ არის”. 


#3 The Beatles-ის მუსიკამ ქურდობას შეუწყო ხელი
    
როცა ჯორჯ ჰარისონის დაწერილი სიმღერა Blue Jay Way პოპულარული გახდა, ლოს ანჯელესის პოლიციას დასვენების საშუალება აღარ ეძლეოდა. The Beatles-ის ლოს ანჯელესელი ფანატები თავიდან და ბოლომდე იპარავდნენ Hollywood Hills-ზე მდებარე Blue Jay Way-ს ქუჩის აღმნიშვნელ ნიშანს. 


#4 The Beatles-ის წევრების მუსიკალურად გაუნათლებლები იყვნენ

მიუხედავად იმისა, რომ The Beatles-ის წევრები გიტარაზე, პიანინოზე და დრამზე უკრავდნენ, წერდნენ უნიკალურ მუსიკას და ტექსტებს საკუთარი სიმღერებისთვის,  არც ერთ The Beatles-ის წევრს ნოტების კითხვა არ შეეძლო. 


#5 The Beatles-ის კუნძული 

The Beatles-ის წევრებმა, საბერძნეთში, კერძო კუნძული იყიდეს რათა ერთ დღეს, ოთხივე იქ გადასახლებულიყვნენ და დაეწყოთ მშვიდი ცხოვრება მყვირალი ფანატების გარეშე. Როცა ბენდი დაიშალა,  The Beatles-ის წევრებს, თავისი ოცნების გაყიდვა მოუწიათ. 


#6 The Beatles-ის სასიყვარულო ისტორია მარიხუანასთან

მარიხუანას მოხმარება The Beatles-ის წევრებს ბობ დილანმა დააწყებინა. წევრებს შორის, ყველაზე ხშირი მომხმარებელი პოლ მაკარტნი იყო, რომელმაც მის საყვარელ ნარკოტიკს სიმღერაც კი დაუწერა. Got to Get You into My Life, ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ სიმღერად ითვლება და მისი შესრულებით არა ერთ The Beatles-ის ფანს აუხსნია სიყვარული საყვარელი ქალისთვის. თუმცა, როგორც მაკარტნიმ მოგვიანებით განაცხადა, სიმღერა მარიხუანას სიყვარულზეა და არა ქალის. ახლა აღარ გაგიკვირდებათ ისიც, რომ მაკარტნი მარიხუანის ლეგალიზააცის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო.  


#7 The Beatles-ის სიმღერებს სამედიცინო სარგებლობაც აქვთ

გარდა იმისა, რომ The Beatles-ის შემოქმედება დღემდე ათბობს ადამიანების სულებს, მათ სამედიცინო გამოყენებაც უპოვეს. არა ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ The Beatles-ის რამდენიმე სიმღერას შეუძლია აუტიზმით დაავადებული ბავშვებისთვის დახმარება. ყველაზე ეფექტური სიმღერები აღმოჩნდა: Here Comes the Sun, Octopus’ Garden, Yellow Submarine, Hello Goodbye, Blackbird და Lucy in the Sky with Diamonds.  


#8 The Beatles როგორც რელიგია 

1966 წელს ჯონ ლენონმა განაცხადა, რომ ქრისტიანების რაოდენობა მსოფლიოში იკლებს და The Beatles გაცილებით უფრო პოპულარული ხდება, ვიდრე იესო ქრისტე. ამ განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და აშშ-ის სამხრეთში მდებარე შტატებში, The Beatles-ის ვინილების მასობრივი დაწვის რიტუალები ჩატარდა. პროტესტის ტალღა სხვა ქვეყნებსაც გადაწვდა - მსგავსი აქციები მექსიკაში, სამხრეთ აფრიკასა და ესპანეთშიც ჩატარდა. იმავე წელს, კუ-კლუქს-კლანის წევრებმა The Beatles თეისტურ ბენდად შერაცხეს და ბენდის, აშშ-ის ტურნეს დროს, რამდენიმე კონცერტის პიკეტირებაც კი მოახდინეს. საინტერესოა, რომ 2 წლის შემდეგ, 1968 წელს ბენდის წევრებმა ტიბეტში იმოგზაურეს, სადაც მაჰარიში მაჰეშ იოგი გაიცნეს და მისი მოსწავლეები გახდნენ, თუმცა ბუდისტური მისტერიების სწავლაში მათ სექსუალურმა ცხოვრებამ შეუშალა ხელი. მაჰარიში მაჰეშ იოგიმ ბენდის წევრებს სექსუალურ უზნეობებში დასდო ბრალი.  


#9 Lucy in the Sky with Diamonds არ არის სიმღერა LSD-ზე

სიმღერის Lucy in the Sky with Diamonds აკრონიმული წესით წაკითხვით LITSWD აბრევიატურას ვიღებთ, თუმცა თეორეტიკოსების უმეტესობა მხოლოდ სამ ასოს, L,S და D-ს აქცევს ყურადღებას. ამიტომ, შეიქმნა მითი, რომ ეს სიმღერა ჰალუცინოგენური ნარკოტიკის LSD-ის სადიდებლად დაიწერა. მართლაც, ტექსტს რომ დავაკვირდეთ საკმაოდ ჰალუცინაციურია. ლუსი აღიწერება როგორც გოგო, რომელსაც თვალების ნაცვლად კალეიდოსკოპები აქვს ( a girl with kaleidoscope eyes) და ცა, რომელშიც დაფრინავს მარმელადისგან არის.

ამის და მიუხედავად,  სიმღერის შექმნის ისტორია საკმაოდ უწყინარია. 

ჯონ ლენონმა ინსპირაცია თავისი 4 წლის შვილის, ჯულიანის ნახატიდან აიღო. ჯულიანმა კლასელი გოგონა დახატა, რომელზეც მაშინ შეყვარებული იყო და მამას აღუწერა იგი, როგორც გოგონა, რომელიც ბრილიანტებიან ცაში დაფრინავს. ლუსი ვოდენი  მართლაც ჯულიანის კლასელი იყო, რომელიც მოგვიანებით ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და 46 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. ლუსის ცხოვრების ბოლო წლებში, მისი და ჯულიანის მეგობრობა პუბლიკისთვის თვალსაჩინო გახდა, რადგან ჯულიანი ხშირად უგზავნიდა პირველ სიყვარულს ყვავილებს საავადმყოფოში. 


#10 The Beatles კოსმოსში 

1970 წელს ასტრონომ კარლ საგანს, რომელიც ვოიაჟერის პროგრამაზე (Voyager Project)  მუშაობდა, The Beatles-ის სიმღერა “Here Comes the Sun”-ის ჩაწერა ვოიაჟერის ოქროს ფირფიტაზე უნდოდა. მოგეხსენებათ, რომ ფირფიტაზე დედამიწის სურათები, ბუნების ხმები და სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური კომპოზიციებია ჩაწერილი, რომელიც დედამიწიაზე განვითარებული კულტურების მრავალფეროვნებას ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ The Beatles-ის წევრებს იდეა ძალიან მოეწონათ, EMI-მ, ჩამწერმა სტუდიამ უარი განაცხადა უფლებების გაცემაზე. ასე, კოსმოსი Here Comes the Sun-ის გარეშე დარჩა. 
შეგახსენებთ, რომ ქართული ხალხური სიმღერა ,,ჩაკრულო“ ჩაწერილია ფირფიტაზე და ის ჩვენს მეგობარ უცხოპლანეტელებს უხარებს გულს.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top