რატომ გაქრა სექსი საბჭოთა კავშირში?

ეს პერსონა

სექსი ყველა ჩვენგანის ცხოვრების ნაწილია, მაგრამ, როგორც ამბობდნენ, საბჭოთა კავშირში ასე სულაც არ იყო. რატომ გაქრა სექსი საბჭოელთა ცხოვრებიდან, როგორ უხსნიდნენ და რა ცოდნას აწვდიდნენ ბავშვებს, ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.


1920-იანი წლები

სსრკ-ში აღნიშნული პერიოდი სრული სექსუალური თავისუფლების ეპოქად მიიჩნევა. 1920 წელს საბჭოთა კავშირი იყო პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც დააკანონეს აბორტები სამედიცინო დასკვნების გარეშე, გაამარტივეს დაქორწინებისა და განქორწინების პროცედურები, ასევე საუბრობდნენ ოჯახის ინსტიტუტის სრულ გაუქმებაზე.

ჰომოსექსუალური ურთიერთობები კანონით არ ისჯებოდა, რადგან ლგბტ-პირებს უყურებდნენ უფრო, როგორც მძიმე ავადმყოფებს და არა, როგორც დამნაშავეებს.

სოციოლოგის, იგორ კონის ინფორმაციით, 1923 წელს, პეტროგრადში (სანქტ-პეტერბურგში) 18 წლამდე მუშებს შორის, ბიჭების 47%-სა და ქალების 67%-ს სექსუალური გამოცდილება უკვე ჰქონდათ. 1929 წლის ახალგაზრდული კონფერენციის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, კაცების 77.8%-მა და ქალების 68%-მა სექსუალური ცხოვრება 18 წლამდე დაიწყეს.

რაც შეეხება მთავრობას, მისი დამოკიდებულება მოქალაქეთა სექსუალური ცხოვრების მიმართ თავშეკავებული და კონსერვატიული იყო. მაშინ სექსუალურ თავისუფლებას ინდივიდუალიზმი ასაზრდოებდა, რაც ახალ სახელმწიფოში მისაღები სულაც არ აღმოჩნდა.


"კლასობრივი ღირსება სილამაზეზე მთავარია"

ფსიქოთერაპევტმა და პედოლოგიის (მეცნიერება ბავშვთა აზღრდის შესახებ) ფუძემდებელმა არონ ზალკინდმა „რევოლუციური პროლეტარიატის 12 სქესობრივი მცნება“ შეადგინა. იქ იყო საუბარი მონოგამიური კავშირების აუცილებლობაზე, ქორწილამდე თავშეკავებასა და მხოლოდ სიყვარულით მომხდარ სექსზე. ამ ტრაქტატის მიხედვით, მხოლოდ ფიზიკური მიზიდულობა დაუშვებელი იყო, ხოლო „კლასობრივად მტრული ობიექტისადმი“ ლტოლვა უკუღმართობად მიიჩნეოდა (მეტიც, ადარებდნენ ადამიანის ნიანგისადმი ან მაიმუნისადმი ლტოლვას).

მაშინდელი პროპაგანდა ავრცელებდა აზრს, რომ თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალება სწორედ თავშეკავება იყო. 1920 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „სკოლა და სქესობრივი საკითხი“ ეწერა, რომ ახალგაზრდობაში სქესობრივმა გადაჭარბებამ შეიძლება ცუდად აისახოს ნერვულ სისტემაზე, განსაკუთრებით თავის ტვინზე.


მითები ონანიზმზე და ბულვარული რომანები

ონანიზმი დემონიზირებული იყო. მას აბრალებდნენ ნერვულ შეტევებს და სასიკვდილო დაავადებებს, თუმცა ყველა აღიარებდა, რომ მოზარდები მასტრუბირებენ. ბავშვების ონანიზმისგან გადასაჩვევად პედაგოგებს მოსწავლეების გაკონტროლებას, ასევე პირისპირ შემეცნებითი საუბრების ჩატარებას ურჩევდნენ, რათა პატარებში სირცხვილის გრძნობა გამოეწვიათ.


კურსის შეცვლა

20-იან წლებში ანატომიის კურსში სქესობრივი ორგანოების შესახებ ლექციების ჩართვას გეგმავდნენ, რომლებსაც ექიმი წაიკითხავდა. თუმცა კადრების ნაკლებობისა და უსახსრობის, შემდგომ პოლიტიკური კურსის შეცვლის გამო, ეს იდეა ვერ განხორციელდა.

სქესთა შორის ურთიერთობებს ტურგენევის, ტოლსტოის, ჩეხოვისა და სხვა რუსი კლასიკოსების ნაწარმოებების მიხედვით სწავლობდნენ, სამაგიეროდ, ბულვარულ ლიტერატურას მავნებლობად რაცხავდნენ, რადგან მაშინდელი მასობრივი ლიტერატურა პრიმიტიული სექსის სცენების სიჭარბით გამოირჩეოდა, ეს კი უფრო გასაგები იყო პროლეტარებისთვის.

1930-იანები წლების შუა პერიოდში ინერციით მოზარდების სექსუალობას იკვლევდნენ, თუმცა მთავარი ამოცანა იყო გაზრდილი სექსუალური ინტერესის ჩანაცვლება საჯარო სამუშაოებით, ფიზკულტურით, კითხვით და ა.შ. 


1930-1985 წლები - სექსი გაქრა საჯარო დისკურსიდან

პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას მოქალაქეთა სექსუალური სფეროს დარეგულირება მოჰყვა. აკრძალეს აბორტები, გაართულეს განქორწინების პროცესი, გაამკაცრეს სასჯელი პორნოგრაფიის გამოყენებისთვის და ჰომოსექსუალური კავშირისთვის. მომდევნო 50 წლის განმავლობაში სექსის თემა გაქრა საზოგადოებრივი დისკურსიდან. 


სექსუალური ცხოვრება მორალის კითხვით ჩაანაცვლეს

წიგნის „ოჯახებსა და სკოლებში ბავშვების აღზრდა“ თანახმად, არასრულწლოვანში პატიოსნების, შრომისმოყვარეობის, გულწრფელობის, პირდაპირობის, სამშობლოსადმი სიყვარულისა და სოციალისტური რევოლუციისადმი ერთგულების გაღვივებით, ბავშვები სქესობრივ განათლებასაც მიიღებდნენ. მოზარდების ჟურნალებში მთავარი თემები იყო სპორტი, ტექნიკა, საბჭოთა ხელოვნება, წარმოების წარმატებები, თუმცა არ იყო საუბარი სექსუალური განათლებაზე, ემოციებსა და ფსიქოლოგიის სფეროზე. უფროსებისთვის განკუთვნილ ჯანმრთელობის შესახებ ჟურნალშიც სექსთან დაკავშირებულ საკითხებს უვლიდნენ გვერდს.

1980-იანი წლების შუა პერიოდამდე ანატომიის სახელმძღვანელოებში სქესობრივი სისტემისა და გამრავლებისთვის ცალკე თავები არ იყო გამოყოფილი. კაცისა და ქალის სქესობრივი ორგანოების გამოსახულება პორნოგრაფიად ითვლებოდა. კლასიკური ანტიკური ქანდაკებებიც კი უხამსობად შერაცხეს.

იგორ კონის თქმით, აკრძალვას ექვემდებარებოდა ყველაფერი, რაც ოდნავაც კი სექსუალობას უკავშირდებოდა, ან ასე აღიქმებოდა. „ჯანსაღი სექსუალური ინტერესები საბჭოთა ადამიანს არც ჰქონდა და არ უნდა ჰქონოდა! - ეს კი გამოიყენებოდა თითქმის ყველა იდეოლოგიურ კამპანიაში" - წერდა კონი.


1980-1990 წლები - სექსუალური განათლების აღზევება

სსრკ-ში პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებასთან ერთად სექსუალური განათლების სფეროში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები ნელ-ნელა ჩნდებოდნენ. ესენი იყვნენ „ოჯახი და ჯანმრთელობა“, „შიდსთან ბრძოლის ასოციაცია“, „სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის ასოციაცია“ და ა.შ.

1989 წელს 7-9 წლის ბავშვებისთვის ფრანგულიდან რუსულად „სექსუალური ცხოვრების ენციკლოპედია“ ითარგმნა, სადაც იყო განხილული განსხვავებები გოგოებსა და ბიჭებს შორის, ჩასახვა და ფეხმძიმობა. 1990 წელს კი მოსკოვში სსრკ-ში პირველი პირველი „მოზარდების სექსუალური კულტურის ფორმირების ცენტრი“ გაიხსნა.

1991 წელს რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ცენტრის კითხვაზე „გესაუბრებოდნენ თუ არა მშობლები სქესობრივი აღზრდის საკითხზე“ დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა უპასუხა. 1988 წლის გამოკითხვის მიხედვით, გოგოებისთვის სექსსა და კონტრაცეფციის შესახებ ინფორმაციის მთავარი წყარო დაქალები და ნაცნობები იყვნენ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top