14 აპრილი ქართული ენის დღეა

ეს პერსონა

42 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს თბილისში ქართული ენის დასაცავად ათასობით მოქალაქე გამოვიდა. მოსკოვის მიერ შემუშავებული ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს დაკარგავდა და რუსულით ჩანაცვლებოდა. ეს ეხებოდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალ ყველა რესპუბლიკას. მოსკოვის მტკიცებით, კონსტიტუციაში შევიდოდა ჩანაწერი, რომ პარტია იზრუნებდა მშობლიური ენის განვითარებაზე, თუმცა სახელმწიფო ენად რუსული გამოცხადდებოდა.

14 აპრილს, დილის 10 საათზე საპროტესტო მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მაშინდელი უმაღლესი საბჭოს, დღევანდელი პარლამენტის, შენობისკენ დაიძრა. გზადაგზა, რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდებს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეუერთდნენ.


აკაკი ბაქრაძე მიმართავს თსუ-ის წინ შეკრებილ სტუდენტებს

უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორია ხალხით იყო გაჭედილი, რაც საბჭოთა კავშირისთვის უჩვეულო იყო. შეკრებილი ხალხი აგრესიას არ გამოხატავდა, თუმცა მათი პოზიცია პრინციპული იყო - საკონსტიტუციო ჩანაწერი ქართული ენის სტატუსის შესახებ არ უნდა შეცვლილიყო. დაძაბული ვითარების გამო მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა. 14 აპრილი "დედაენის დღედ" გამოცხადდა.


სამწუხაროდ, 1978 წლის 14 აპრილის აქციის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა განადგურებულია. მაგალითად, უშიშროების წარმომადგენლებმა პოლიტპატიმარ ავთანდილ იმნაძის მიერ გადაღებული კადრები მისივე ლაბორატორიიდან წაიღეს. თავად კადრების ავტორი კი დააკავეს. თუმცა რამდენიმე ფოტო ისტორიას მაინც შემორჩა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top