ზამთარი, გაზაფხული და შეიძლება ზაფხულიც - მოდური ტრენდი კორონავირუსისგან

ეს პერსონა

ყველასთვის ცნობილია, რომ COVID-19-თ გამოწვეულმა​ პანდემიამ მსოფლიოში სამედიცინო ნიღბების დეფიციტი შექმნა. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში სულ უფრო მეტად დგება, ნიღბების გამოყენების აუცილებლობა. პრობლემას რიგი ქვეყნები სხვადასხვაგვარად ებრძვიან. მაგალითისთვის, საქართველოს მთავრობამ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა დაიწყო. 

პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნის კვალდაკვალ, ბაზარზე ე.წ. მოდური სამედიცინო ნიღბები გამოჩნდა. საქართველოში პირბადეები, ძირითადად, მწვანე და თეთრი შეფერილობისაა, თუმცა, აშკარაა, რომ ტრენდული აქაც შავი ფერია. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ბრენდები ნიღბებს ყვავილებით, ნახატებით, მაქმანებით ალამაზებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად სამედიცინო დანიშულების ნიღაბი, კორონავირუსის პანდემიის პერიოდის მოდურ ტრენდადაც იქცა.

აზიაში ნიღბები პანდემიამდეც პოპულარული იყო. ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში პირბადეებს ტოქსიკური სმოგის გამო იყენებდნენ, იაპონიაში კი, სეზონური ვირუსებისგან თავდასაცავად.  იტალიური მოდის სახლი Fendi  კორონავირუსის პანდემიამდეც აწარმოებდა ნიღბებს, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ პროდუქტზე აზიაში დიდი  მოთხოვნა იყო. ონლაინ-მაღაზია Luisaviaroma-ს თანამშრომლის მტკიცებით, მათ მიერ შექმნილი ძვირადღირებული ნიღაბი (190 ევრო ღირს) იტალიაში  ეპიდემიის დაწყებისთანავე გაიყიდა.

ნიღბების წარმოება დაიწყო Gucci-მაც, თუმცა უფრო ესთეტიკური დანიშნულებისთვის და ნაკლებად - ვირუსებთან საბრძოლველად. გავიხსენოთ  ბილი აილიშის ლუქი Grammy-ის წლევანდელ ცერემონიაზე.

 

როცა ჩინეთში კორონავირუსმა იფეთქა, პარიზისა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულებზე მოდელები დეკორატიული ნიღბებით გამოჩნდნენ. სანამ ვირუსი  დასავლეთამდე არ მიაღწევდა, პირბადეები გამჭვირვალე ქსოვილისგან, ბუმბულებისგან და ქვებისგან შეკერილი აქსესუარი უფრო იყო.

ბრენდებმა Off-White-მა, New Balance-მა და Bape-მ  ნიღბების ხაზის გამოუშვეს, რომელთა გამოყენებაც რეკომენდირებულია საზოგადოებრივი შეკრების ადგილებზე.

ნიღბების მოდამ პატარძლებამდეც მიაღწია. მაგალითად, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი საქორწილო სალონი მაქმანებიან თეთრ ნიღბებს ყიდის.

ამ კვირას, მოდის ილუსტრატორმა და დიზაინერმა ჯენი უოლტონმა Prada-ს ფერმკრთალ-მოვარდისფრო მტვრის ტომრისგან, ნიღაბი შეიკერა. თავად დიზაინერის თქმით, ნიღბის შეკერვა არა მოდის სამყაროს გავლენის გამო,  არამედ ჯანმრთელობისთვის გადაწყვიტა. უოლტონმა ნიღბების დამზადება მარტის ბოლოს  დაიწყო.

ახალ მოდას სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვაც მიჰყვება, რომელიც ნიღაბს კაბის ფერს უხამებს.

იუთუბზე ბევრი "ტუტორიალი" გამოჩნდა, თუ როგორ გავაკეთოთ ნიღბები მარლით, შარფებითა თუ ტყავით.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top